fbpx

იუსტიციის სამინისტრო – სტრასბურგის გადაწყვეტილებით დგინდება, რომ 2012 წლამდე საქართველოს პენიტენციურ სისტემაში წამებას სისტემური ხასიათი ჰქონდა, მათ შორის იყო კვირაში რამდენჯერმე პატიმრების ცემა


იუსტიციის სამინისტრო – სტრასბურგის გადაწყვეტილებით დგინდება, რომ 2012 წლამდე საქართველოს პენიტენციურ სისტემაში წამებას სისტემური ხასიათი ჰქონდა, მათ შორის იყო კვირაში რამდენჯერმე პატიმრების ცემა
11:10, 17.02.2023

2023 წლის 16 თებერვალს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება საქმეზე „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“, რითიც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ 2012 წლამდე საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა წამება და არასათანადო მოპყრობა „იყო სისტემატური ხასიათის და მთელი სისტემისთვის დამახასიათებელი“ პრობლემა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

„ევროპული სასამართლოს ზემოხსენებული დასკვნა ეფუძნება როგორც მომჩივან აკაკი ოჩიგავას მიერ სასამართლოსთვის მიწოდებულ ინფორმაციას, ისე სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების, წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფაქტების დამდგენი ვიზიტის საფუძველზე გამოქვეყნებულ ანგარიშებსა და დოკუმენტებს, ასევე ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებებს. ამასთან, ევროპულმა სასამართლომ მიმოიხილა 2012 წლის სექტემბერში ქართულ მედიაში გავრცელებული კადრები ციხის სხვადასხვა დაწესებულებაში, მათ შორის, გლდანის ციხეში (სასჯელაღსრულების №8 დაწესებულებაში) პატიმართა არასათანადო მოპყრობის/წამების შესახებ („ციხის სკანდალი“).

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან კიდევ ერთხელ დგინდება, რომ საქართველოს ციხეებში პატიმრების წამება ხდებოდა სისტემატურად, სხვებს შორის, შემდეგი ფორმებით:

ახლად მოთავსებულ პატიმართა აუცილებლად ცემის პრაქტიკა – ე.წ. საკარანტინო პროცედურა;
პატიმრების სისტემატური ცემა კვირაში რამდენიმეჯერ;
ე.წ. კარცერსა და მცირე ზომის სამარტოო საკნებში დასჯის მიზნით ხანგრძლივი ვადით მოთავსება, სადაც მეტალის საწოლის გარდა არაფერი იყო და დღის განმავლობაში პატიმრებს უწევდათ ცემენტის იატაკზე ჯდომა. საწოლი აკეცილი და მიმაგრებული იყო კედელზე საკეტით. დაწესებულების თანამშრომლები საწოლს ხსნიდნენ და მომჩივანს ნებას რთავდნენ, გამოეყენებინა მხოლოდ 22:00 საათიდან 08:00 საათამდე;
პატიმრებს ასევე უწევდათ საკანში ერთდროულად რამდენიმე პატიმრის მოთავსების შემთხვევაში მთელი დროის განმავლობაში ფეხზე დგომა;
პატიმრებისთვის საკვების მიღებისა და საპირფარეშოს გამოყენების შეზღუდვა;
ოჯახის წევრებთან შეხვედრის გამუდმებით შეზღუდვა;
პატიმრებისთვის სპეციალური სახის ჩაფხუტის ჩამოფარება და პირში ბურთის ჩაჩრა, რათა მათ არ ესაუბრათ;
პატიმრებს შორის საუბარი დასაშვები იყო მხოლოდ ჩურჩულით.
ამ არასათანადო მოპყრობის მიზანი იყო პატიმრების მორჩილება ციხის ადმინისტრაციისადმი და მათთან თანამშრომლობის იძულება. მომჩივანმა აკაკი ოჩიგავამ წამების ზემოდასახელებული ფორმები საკუთარ თავზე გამოსცადა. ამასთან, 2011 წლის ნოემბერში მას განსაკუთრებული სისასტიკით სცემეს, რის შედეგადაც მას დაუზიანდა ხერხემალი და დაკარგა სიარულის უნარი. აღნიშნულ ფაქტზე პრეტენზიის გამოთქმის შემდეგ გამომძიებელმა ურჩია, განეცხადებინა, რომ ტრავმა მიიღო საწოლიდან გადმოვარდნისას. მომჩივანმა ამაზე უარი განაცხადა, რის გამოც დაწესებულების თანამშრომლებმა ბეისბოლის ჩოგნით დაუმტვრიეს თითები. მისი თითები უმეტესწილად დეფორმირებული იყო მრავლობითი მოტეხილობების შედეგად. ამასთან, მომჩივანს არ გაეწია სათანადო სამედიცინო დახმარება. გარდა ამისა, ერთ-ერთი ინციდენტის დროს ციხის თანამშრომლებმა იგი საშხაპე ოთახში გააშიშვლეს, ცივი წყალი შეასხეს და ხელკეტებით სასტიკად სცემეს. ყოფილა შემთხვევა, როდესაც მომჩივანს ცემის გამო დაუკარგავს გონება, გონზე მოსვლის შემდეგ კი თავი აღმოუჩენია ციხის მორგში მილზე ხელბორკილებით მიჯაჭვულს, გარდაცვლილებს შორის.

პენიტენციურ დაწესებულებაში ზემოხსენებული მოპყრობის შედეგად, მომჩივანი 2014 წლის 28 მარტიდან არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება