fbpx

ის, რომ ვინმე სასამართლოს სხდომათა დარბაზში შეუძლოდ შეიქნა, იმას არ ნიშნავს, რომ ვინმეს უფლება დარღვეულია-მიხეილ სარჯველაძე

ის, რომ ვინმე სასამართლოს სხდომათა დარბაზში შეუძლოდ შეიქნა, იმას არ ნიშნავს, რომ ვინმეს უფლება დარღვეულია – ეს არის პატიმარი, რომლის უფლებების საკითხსაც ყველა მიკროსკოპით აკვირდება და არავის ექნება შესაძლებლობა, რომ რაიმე უფლება სათანადო დონეზე არ იყოს დაცული, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე  მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, ირღვევა თუ არა  მიხეილ სააკაშვილის  უფლება, როდესაც საქმე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება.

როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, აქვს ინფორმაცია, რომ ყველა, მათ შორის ჯანმრთელობის სერვისი სააკაშვილს მაღალი ხარისხით მიეწოდება.

“ყველაფრის, მათ შორის დღევანდელი ინციდენტის გათვალისწინებით, ვითარება გვავალდებულებს, რომ ყურადღებით ვიყოთ და დავინტერესდეთ, რამე ხომ არ არის ისეთი, რაც შეიძლება განგაშის მიზეზს ქმნიდეს. მაგრამ, წინასწარ გამოცხადება, რომ უფლება დაირღვა და დასკვნის გაკეთება, რომ ჯანმრთელობის ეს მდგომარეობა უფლების დარღვევის რეზულტატია, არასწორია. ეს მოითხოვს კვლევას. პირადად მე სხვა ინფორმაცია მაქვს, რომ უფლების არანაირ დარღვევას ადგილი არ აქვს და ყველა სერვისი, მათ შორის ჯანმრთელობის სერვისი მაღალი ხარისხითაა მიწოდებული და უზრუნველყოფილი ბატონი სააკაშვილის შემთხვევაში. შესაბამისად, თუ რაიმე დამატებითი საჭიროება ობიექტურად არსებობს, რა თქმა უნდა, ამაზე რეაგირებს და უნდა რეაგირებდეს პენიტენციური სამსახური. ყველა, მათ შორის იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახური კარგად ხვდება, რომ ეს არის პატიმარი, რომლის უფლებების საკითხსაც ყველა ზედმიწევნით, მიკროსკოპით აკვირდება და ფაქტობრივად არავის ექნება შესაძლებლობა, რომ რაიმე უფლება სათანადო დონეზე არ იყოს დაცული. აქედან გამომდინარე, ტელევიზიით ნანახ ინციდენტს, პირდაპირ არ დავაკავშირებდი რაიმე უფლების დარღვევის ფაქტის მტკიცების საფუძველთან. ეს მართებული არ იქნებოდა”,- განაცხადა სარჯველაძემ

ამასთან, სარჯველაძის თქმით, მაშინაც, როდესაც პარლამენტის დეპუტატები სააკაშვილის მდგომარეობის გასაცნობად ციხეში იმყოფებოდნენ, საუბარი იყო, რომ მისი უფლება ფეხქვეშ ითელებოდა, “რაც ჭიქაში ქარიშხლის შექმნა აღმოჩნდა”.

“უფლების დარღვევას ადგილი არ ჰქონია მაშინაც და რა ინფორმაციასაც ვფლობ, დღესაც არ აქვს ამას ადგილი”,- განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისთვის,  მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა და ექიმთან კონსულტაცია მოითხოვა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება