fbpx

ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენი ყველა ნაბიჯი გათვლილია ქვეყნის გაერთიანების დიდი იდეის მიღწევაზე, რასაც ვაკეთებთ, ვაკეთებთ ჩვენი ხალხის ინტერესებისთვის

ჩვენი ყველა ნაბიჯი გათვლილია ქვეყნის გაერთიანების დიდი იდეის მიღწევაზე, რასაც ვაკეთებთ, ვაკეთებთ ჩვენი ხალხის ინტერესებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ხელისუფლების ყველა ნაბიჯი ქვეყანას აახლოებს საერთო, დიდ ეროვნულ მიზანთან, რაც არის ქვეყნის გაერთიანება.

„ჩვენ საზოგადოება გვისმენს და მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენო ჩვენს საზოგადოებას, თუ როგორი ორმაგი სტანდარტებით ხელმძღვანელობს და მოქმედებს სრულიად გაკოტრებული, ხელმოცარული ოპოზიცია. თქვენ ახსენეთ ქალბატონი ხოშტარია. მინდა, ჩვენს საზოგადოებას შევახსენო, რომ ქალბატონი ხოშტარიას ცნობილი გამონათქვამი იყო 2012 წლამდე, თუ არ ვცდები, და ამის კადრები არსებობს, სადაც იგი პირადად ლობირებდა ფრენების შესრულებასაც, უვიზო რეჟიმის, ასე ვთქვათ, გამართლებას ცდილობდა, საუბრობდა, რომ აუცილებელი იყო სავაჭრო ურთიერთობების განვითარება რუსეთთან და ა.შ.

უფრო მთავარს გეტყვით, იგივე ადამიანები და მათი ბელადი – სააკაშვილი, გახსოვთ, რომ პირადად ხვდებოდა რუს ტურისტებს საზღვარზე. ეს ადამიანები დღეს ასე ურცხვად ატყუებენ ჩვენს საზოგადოებას და აყენებენ შეურაცხყოფას, რაც მთავარია. ანუ, ეუბნებიან, რომ საზოგადოებას რასაც ეტყვიან და ეუბნებიან, უნდა დაიჯეროს ყველაფერი ხალხმა. ეს არის შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება. ამ დამოკიდებულების გამო, თუნდაც ამის გამო, ისინი დღეს და ყოველთვის იქნებიან ხელმოცარული ოპოზიცია. რაც იყო მათთვის დასაშვები, თურმე დღეს არის დაუშვებელი, სად არის ლოგიკა? ჩვენი ომის, აგვისტოს ომის შემდეგ, სადაც ჩვენი გმირი ჯარისკაცები დაიღუპნენ, ათიათასობით ახალი დევნილი მივიღეთ ჩვენი ქვეყნის შიგნით. რამდენიმე თვეში ამ ომის შემდეგ, გახსოვთ, ჯერ ხომ მანამდე კაპიტულანტურ რეზოლუციას ხელი მოაწერინა სააკაშვილმა თავის გუნდის წევრებს, აბსოლუტურად არავითარი კამპანია არ უწარმოებიათ არც სანქციების დაწესების თაობაზე, არც რაიმე შეზღუდვაზე, არაფერზე საერთოდ და ამის შემდეგ ჯერ გადასცეს სტრატეგიული ენერგეტიკული ობიექტები რუსულ სახელმწიფო კომპანიებს, შემდეგ ცალმხრივად მოუშალეს სავიზო რეჟიმი და გახსნეს ფრენები, ჩვენი ომის შემდეგ.

დღეს გვეუბნებიან, იმის გამო, რომ უკრაინაში ომია, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაჩეროთ, ჩვენი ხალხის მდგომარეობა უნდა გავაუარესოთ, ეკონომიკაზე, ვაჭრობაზე არ უნდა ვიფიქროთ. და საერთოდ, რაც მთავარია, მე მინდა, ვთქვა, რომ ჩვენი ყველა ნაბიჯი გათვლილია ჩვენი ქვეყნის გაერთიანების დიდი იდეის მიღწევაზე, ყველა ეს ნაბიჯი გვაახლოებს ჩვენს საერთო, დიდ, ეროვნულ მიზანთან, რაც არის ჩვენი ქვეყნის გაერთიანება. ეს არის ჩვენი უალტერნატივო, სწორი, პრაგმატული და ეროვნული პოლიტიკა, რაც მთავარია. ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ვაკეთებთ ჩვენი ხალხის ინტერესებისთვის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება