fbpx

არჩილ თალაკვაძე „ნაციონალურ მოძრაობას“: ბოდიში რატომ არ მოუხადეთ პოლიციელებს?

თქვენ ხომ ის ხალხი ხართ, რომელთაც შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს უჩივლეთ სტრასბურგში, რომ პოლიციელებმა გამოიყენეს არაპროპორციული ძალა პარლამენტთან მომიტინგეთა დაკავებისთვისო. ხომ ეგ ოპოზიცია ხართ, სტრასბურგში რომ წახვედით, თუ რამე მეშლება? დასკვნა რომ ჩამოგივიდათ სტრასბურგიდან, რომ გომელაურის უწყება კანონის სრული დაცვით მოქმედებდა და არცერთი კონვენციური უფლება არ დაურღვევია მომიტინგეებისო, საჭირო იყო იმ ადამიანების დაკავება, რომლებიც პარლამენტს ბლოკავდნენო, ეგ დასკვნა რატომ არ გამოიტანეთ თქვენს ტელევიზიებში? – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მოუსმინეს.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ორმაგი სტანდარტებით მოქმედებდა მაშინ, როცა ხელისუფლებაში იყო და ახლაც, როცა ოპოზიციაშია.

„ბოდიშები რატომ არ მოუხადეთ პოლიციელებს, რომლებსაც თვეების განმავლობაში აშავებდით და თავს ესხმოდით? თუ თქვენთვის ორი სტრასბურგი არსებობს? ანუ, თქვენ თუ გაგამართლათ, ის კარგი სტრასბურგია, მაგრამ თუ გადაწყვეტილებები გამოიტანა, და ისეთები გამოაქვს ბოლოს, რასაც ვხედავთ, მათ შორის თქვენი პოლიტიკური ლიდერის მრავალმილიონიანი კამპანიის საპასუხოდ, მაშინ ეს ცუდი ან ჩუმი სტრასბურგია, რომელზე საუბარიც არ გაწყობთ. ეს ხალხი ხართ, ორმაგი სტანდარტების გამტარებელი ხალხი. როგორც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ევროპის, დასავლეთის სახელით სცემდით მოქალაქეებს, იბარებდით პროკურატურაში და ქონებებს აჩუქებინებდით, ევროპის სახელით აწამებდით პატიმრებს ციხეში, დღეს ასევე ორმაგი სტანდარტების ხალხი ხართ, ოღონდ ოპოზიციაში.

პირობას ვაძლებთ საზოგადოებას, რომ ვიდრე ასეთები ხართ და თქვენი დანაშაულებები არ მოგინანიებიათ, თქვენ ვერ დაბრუნდებით ხელისუფლებაში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება