fbpx

ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერად მობრუნებამ ბიზნესს შანსი გაუჩინა-კოტე გაბრიჩიძე

საქართველოში შეზღუდვების ელვისებური მოხსნის ეტაპი დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერად მობრუნებამ ბიზნესს შანსი გაუჩინა, რადგან მან მოსვლიდან 2 დღეში რეგულაციები ერთი ხელის მოსმით გააუქმა. ბიზნესის წარმომადგენლებს უკვე იმედი გაუჩნდათ, რომ გაკოტრებამდე მიყვანილი სექტორების ამუშავებას და გაცოცხლებას მალე მოახერხებენ~

ხანგრძლივი ჩაკეტვის შემდეგ, 25 თებერვლიდან იხსნება სასტუმრეობი, სამთო კურორტები (საბაგირეობი 8 მარტიდან), ასევე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობაც. მუნიპილარი ტრანსპორტი კი 27 თებერვლიდან მოყოლებული შაბათ-კვირასაც იმუშავებს. რესტორნების შიდა სივრცეები ბათუმში 1-ლი მარტიდან ამოქმედდება, ხოლო დანარჩენ საქართველოში – 8 მარტიდან (შაბათ-კვირის გარდა). კონფერენციებისა და ტრენინგების ჩატარება შესაძლებელი იქნება 1-ლი მარტიდან, ხოლო 15 მარტიდან მუშაობას განაახლებენ სპორტული დარბაზები.

საბავშვო ბაღები სასწავლო პროცესში ჩაერთვებიან 1-ლი მარტიდან, უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები კი – 15 მარტიდან. მუზეუმები და ბიბლიოთეკები საქმიანობას განაახლებენ 1-ლი მარტიდან. თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციების და ვარჯიშის განახლებას შეძლებენ 15 მარტიდან, ხოლო საქმიანობის სრულად აღდგენას (თეატრალური წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები მაყურებლის დასწრებით) 1-ლი აპრილიდან; არასასურსათო საცალო ვაჭრობა შაბათ-კვირის ჩათვლით, იგულისხმება როგორც სავაჭრო მოლები, ისე ბაზრობები, მუშაობას განაახლებენ 8 მარტიდან;

ქვეყანაში არსებული ბიზნეს ასოცოაციები ახალი მთავრობის გადაწვეტილებას მიესალმებიან. როგორც საქართველოს ბიზნესი ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე აცხადებს, მთავარია რეალური პერსპექტივა გაჩნდეს და ქვეყანაში არსებული ბიზნეს სექტორები შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, გაცოცხლებას შეძლებენ.

„მთავარი ის არის, რომ პერსპექტივა გაჩნდეს. რაღაც ოპტიმისტური განწყობა შეიქმნას, რომ ხვალ და ზეგ სარესტორნო ბიზნესი ნელ-ნელა გაცოცხლდება, ასევე სასტუმროები. სპორტული დარბაზები 15 მარტიდან თუ განაახლებენ მუშაობას, ესეც გაცოცხლდება და ა.შ. კარგია, რომ შაბათ-კვირის საკითხი ბაზრობებზე და მოლებზე მოიხსნა და აღარ იქნება პრობლემა”, – განაცხადა „რეზონანსთან“ ლევან ვეფხვაძემ და დასძინა, რომ ბიზნესისთვის კომენდანტის საათის არსებობს დამატებითი წნეხია, ამიტომ კარგი იქნება, თუკი სულ მცირე მისი ერთი საათით შემსუბუქება მოხდება.

„შეზღუდვა, რომელიც ჯერაც ძალაშია, უკავშირდება კომენდანტის საათს. იგი გარკვეულწილად შეიძლება იყოს პრობლემა და იმედი მაქვს, ეს საკითხიც მალე გადაიხედება, იმ რეალობიდან გამომდინარე, რომელსაც ჩვენ მარტის თვეში მივიღებთ. კომენდანტის საათის ძირითადი პრობლემა მაინც უკავშირდება თანამშრომლების სახლებში დროულ წასვლას და ასევე, დამატებით ე.წ. ტრაფიკს, რომელიც ქალაქში იქმნება საღამოს 7-8 საათის მიდამოებში. არის საცობები და ხალხთა დიდი ნაკადი სწორედ ამ შეზღუდვის გამო. ბუნებრივია, ბიზნესისთვის ესეც წნეხია და სჯობს, სულ მცირე ერთი საათით, იდეალურ შემთხვევაში კი 2 საათით გადაიწიოს გადაადგილების შეზღუდვის დაწყების დრომ. ამით კომპანიებს და მათ თანამშრომლებს წნეხი მოეხსნებათ“, – აღნიშნა „რეზონანსთან“ ლევან ვეფხვაძემ.

ბიზნესის წარმომადგენლები უკვე დიდი ხანია კომენდანტის სააათის გადაწევას ითხოვენ, თუმცა მათ ეს მოთხოვნა არც ახალმა მთავრობამ დაუკმაყოფილა. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მექანიზმია და მისი შენარჩუნება ჯერჯერობით მნიშვნელოვანია.

ბიზნესს კი ამ რეალობასთან იძულებით შეგუება უწევს, თუმცა ამ ეტაპზე, მათი წარმომადგენლები მთავრობის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებენ, რადგან შეზღუდვების გაუქმებით, ისინი საქმიანობის გაგრძელებას შეძლებენ, მართალია შეზღუდული დროით, მაგრამ მაინც.

პრემიერის გადაწყვეტილებას მიესალმება რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი კოტე გაბრიჩიძეც, რომელიც ადასტურებს, რომ დარჩენილი შეზღუვების მოხსნაც ეტაპობრივად იგეგმება, რაც შაბათ-კვირას მუშაობას და კომენდანტის საათის გადაწევას გულისხმობს.

„ნამდვილად პოზიტიური ნაბიჯია, თანაც შეთანხმებული. ამ თემაზე ჩვენი ასოციაცია დიდი ხანია მთავრობასთან მუშაობს. არსებობს მსოფლიო პრეცენდენტები, სადაც კომენდანტი 22:00  და 23:00 საათზე იწყება. ყოველ შემთხვევაში, მაგალითად, ობიექტები იხურება 22:00-ზე და კომენდანტი იწყება 23:00 საათზე და ადამიანები ნორმალურად ბრუნდებიან თავიანთ სახლებში.

ჩვენთან, სამწუხაროდ, ასე არ არის და სწორედ ამიტომ ხდება, რომ კომენდანტის საათის დაწყებამდე საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ხალხმრავლობაა, ფაქტობრივად, ჭედვაა. ეს სიტუცია მოიხსნებოდა, თუკი მინიმუმ 1 ან 2 საათის გადაიწეოდა გადაადგილების შეზღუდვის ამოქმედება. ამაზე ნამდვილად მიდის მუშაობა, რომელიც მეორე და მესამე ეტაპებზე ამოქმდდება.

ღია სივრცეების გახსნა, ეს ეკონომიკის გახნის პირველი ფაზა იყო. ახლა, მეორე და მესამე ეტაპიც იგეგმება, რომელიც გულისხმობს შაბათ-კვირის ამუშავებასა და კომენანტის საათის გადაწევას. ამ ყველაფერს ერთად ვერ მოხსნიდნენ, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით გაართულებდა მდგომარეობას. ახლა კი დაველოდოთ შემდეგ ნაბიჯებს“, – განუცხადა კოტე გაბრიჩიძემ „რეზონანსს“.

წყარო: რეზონანს

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება