სახელმწიფოს თავიდან ბოლომდე აქვს იმის რესურსი, მათ შორის მატერიალური რესურსი, რომ თავის თავზე აიღოს ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დღეს პროგრამის დაახლოებით ნახევარს ახორციელებს სახელმწიფო თავისი დაწესებულებების მეშვეობით, ერთი ამდენი არის კერძო დაწესებულებები.
„თავიდან ბოლომდე სახელმწიფოს აქვს იმის რესურსი, რომ გადაიბაროს მთლიანად ეს მომსახურება. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ჩვენ მანკიერი პრაქტიკა აღვკვეთოთ ამ სფეროში და საჭიროა კონტროლის გამკაცრება თავად სახელმწიფო დაწესებულებების საქმიანობაზეც იმისათვის, რომ მომსახურება თავიდან ბოლომდე იყოს ორიენტებული პაციენტის განკურნებაზე და არა პრეპარატების რეალიზაციაზე. ყველა მიმართულებით გვექნება უმკაცრესი კონტროლი. ეს სერვისი მთლიანად წარიმართება იმ პირობებით, რა პირობებითაც ხორციელდებოდა დღემდე სახელმწიფო პროგრამები, უბრალოდ გაფართოვდება სახელმწიფო პროგრამების მოცულობა გამომდინარე იქიდან, რომ სახელმწიფო თავის თავზე აიღებს დღევანდელი კერძო სუბიექტების მიერ განხორციელებული მომსახურების მიწოდებასაც“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.