fbpx

ირაკლი კობახიძე ოპოზიციას- თქვენი თვითმიზანია არ შესრულდეს 12 პუნქტი, ქვეყანას არ მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი და სწორედ ეს არის მიზეზი, თუ რატომ არ უჭერთ მხარს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებსაც

„ამ კენჭისყრის დროს კიდევ ერთხელ გამოჩნდება ვის სურს კანდიდატის სტატუსი ჩვენი ქვეყნისთვის და ვის არ სურს. თქვენი პოზიცია დააფიქსირეთ, ამას მოგიწოდებთ. კიდევ ერთხელ ნუ გამოამჟღავნებთ იმას, რომ არ გსურთ კანდიდატის სტატუსის მიღება ჩვენი ქვეყნისთვის“- ასე მიმართა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც განიხილება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების არჩევა.

ირაკლი კობახიძის თქმით, უმრავლესობამ არაერთხელ მოუწოდა ოპოზიციას, მათთვის მისაღები კანდიდატები დაესახელებინა.

მისივე თქმით, კონსულტაციების იმიტაციით ოპოზიცია ვერ გადაფარავს მათ რეალურ განზრახვას.

„კონსულტაციების იმიტაციით ვერ გადაფარავთ იმას, რასაც აკეთებდით ერთი წლის განმავლობაში. ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენ არაერთხელ მოგიწოდეთ დაგესახელებინათ თქვენთვის მისაღები კანდიდატები, რასაც შეგნებულად არ აკეთებდით. ასევე შეგახსენებთ რა ხდებოდა სახალხო დამცველის არჩევის დროს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მაქსიმალური კომპრომისი გამოვავლინეთ, ოპოზიციონერ პარლამენტის წევრს შევთავაზეთ ეს თანამდებობა, დავეთანხმეთ უფრო სწორედ ამ ინიციატივას, ამის მიუხედავად თქვენ მხარი არ დაუჭირეთ სახალხო დამცველს. დარწმუნებული ვარ, გულში რომ ჩაიხედოთ, ლევან იოსელიანის კეთილსინდისიერებაში, მიუკერძოებლობაში თქვენ არავის გეპარებოდათ ეჭვი, ამის მიუხედავად არათუ მხარი არ დაუჭირეთ ლევან იოსელიანის კანდიდატურას, პირიქით, თავად ბატონმა ლევანმა აღნიშნა თავის გამოსვლის დროს, რომ აბულინგებდით სამ ქალბატონ ოპოზიციონერ დეპუტატს იმის გამო, რომ ისინი გეგმავდნენ ლევან იოსელიანისთვის მხარის დაჭერას. ეს არის თქვენი მიდგომა. თქვენი თვითმიზანია არ შესრულდეს 12 პუნქტი, დაბრკოლებები შეიქმნას ამ მიმართულებით, არ მიენიჭოს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი და სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, თუ რატომ არ უჭერთ მხარს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებსაც. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, კონსულტაციების იმიტაციით თქვენ ვერ გადაფარავთ რეალურ განზრახვას. თქვენი რეალური განზრახვა არის ის, რომ დაბრკოლება შეექმნას კანდიდატის სტატუსის მიღებას იმისათვის, რომ შემდეგ გამოიყენოთ ეს ყველაფერი იმისათვის, რისთვისაც გინდათ გამოიყენოთ.“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება