fbpx

ირაკლი კობახიძე: “ვეტინგი” ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ზოგადად კონსტიტუციურ პრინციპებს – ჩვენთვის პირველ საფეხურზე დგას საქართველოს კონსტიტუცია და შემდეგ ნებისმიერი რეკომენდაცია

ე.წ. “ვეტინგი” ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ზოგადად კონსტიტუციურ პრინციპებს. “ვეტინგი” გულისხმობს იმას, რომ ხდება მოსამართლეების კეთილსინდისიერების გადამოწმება და ამას უნდა მოჰყვეს შემდეგ კონკრეტული შედეგები, მათ შორის, ეს შედეგი შეიძლება იყოს მაგალითად, უვადოდ განმწესებული მოსამართლის გათავისუფლება და ა.შ., – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

პრემიერის განმარტებით, ყველა ისეთი ინიციატივა, რომელიც მოსამართლის თანამდებობის უვადობის პრინციპს ეწინააღმდეგება, წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციასა და ზოგადად, კონსტიტუციურ სამართლებრივ პრინციპებთან.

სწორედ ამიტომ არის არაკონსტიტუციური ეს პროცედურა, რომ ის შეიძლება ითვალისწინებდეს უვადოდ განმწესებული მოსამართლის გათავისუფლებას ან სხვა რაიმე მსგავსი ზომის მიღებას მის მიმართ. ჩვენ გვყავს უვადოდ განმწესებული მოსამართლეები, მათ ვერავინ შეეხება, ვიდრე არ ამოწურავენ საკუთარ ასაკობრივ ზღვარს. აქედან გამომდინარე, ყოველგვარი ისეთი ინიციატივა, რომელიც ეწინააღმდეგება მოსამართლის თანამდებობის უვადობის პრინციპს, თავისთავად წინააღმდეგობაშია არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციასთან, არამედ, ზოგადად, კონსტიტუციურ სამართლებრივ პრინციპებთან.“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ნებისმიერი რეკომენდაცია უნდა იყოს რაციონალური და უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ არგუმენტებს. რაც შეეხება საქართველოს სასამართლო სისტემას, კობახიძის განცხადებით, არათუ სისტემური პრობლემის დამადასტურებელი ფაქტი, არამედ კონკრეტული მაგალითიც კი ვერ მოიყვანეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა, რაც დაადასტურებდა სასამართლოში პრობლემის არსებობას.

„ჩვენთვის პირველ საფეხურზე დგას საქართველოს კონსტიტუცია და კონსტიტუციური პრინციპები და შემდეგ ნებისმიერი რეკომენდაცია, რომელიც შეიძლება მივიღოთ. გარდა ამისა, რეკომენდაცია უნდა იყოს რაციონალური, ის უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ არგუმენტებს. ზოგადი მიდგომა “ვეტინგთან” დაკავშირებით არის ის, რომ შეიძლება ის გამოყენებული იქნეს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც არსებობს განსაკუთრებული ცნობები სისტემურ პრობლემებთან დაკავშირებით. არათუ სისტემურ პრობლემებზე ვერ საუბრობს ვერავინ, რეალურად ჩვენ ვთხოვთ ერთი კონკრეტული “ქეისის” წარმოდგენას, მაგალითად, ადამიანებს, რომელიც დაადასტურებდნენ სასამართლოში რაიმე სერიოზული პრობლემის არსებობას. ვერ წარმოადგინეს ვერც ერთი ასეთი საქმე, უფრო მეტიც, თქვენ გახსოვთ, რომ იყო არაერთი საქმე, რომელთან დაკავშირებითაც ოპოზიციას ჰქონდა წუხილი, იმიტომ რომ ეს იყო პოლიტიკურად მათთვის სენსიტიური საქმეები. ყოველ ჯერზე, როდესაც წავიდნენ ისინი სტრასბურგში – ეს ეხებოდა იგივე სააკაშვილის საქმეს, უგულავას საქმეს, ახალაიას საქმეს, რუსთავი 2-ის საქმეს და ა.შ. – ყველა შემთხვევაში ოპოზიცია დარჩა წაგებული, იმიტომ რომ სასამართლოს გადაწყვეტილებები იყო სამართლიანი, დასაბუთებული, ვერცერთი ფაქტი ვერ წარმოადგინეს ოპოზიციის წევრებმა, რომელიც დაადასტურებდა არათუ სისტემურ პრობლემებს, არამედ ზოგადად პრობლემებს სასამართლო სისტემაში.“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება