fbpx

იმედი გაჩნდა, რომ ევროკავშირის მხრიდან აჩქარება მოხდეს-შალვა პაპუაშვილი

იმედი გაჩნდა, რომ ევროკავშირის მხრიდან აჩქარება მოხდეს – სამუშაოს რაღაც მოცულობაა, რაც დროში ვერ შემცირდება, მაგრამ მთავარი ის არის, რომ პროცესი დაიძრა და ასოცირების ტრიოს სამივე ქვეყნისთვის მწვანე შუქია ანთებული, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირში ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარეობდა ინტენსიური განხილვა განაცხადების, რომლებიც უკრაინასთან ერთად საქართველომ და მოლდოვამ წარადგინეს.

„მისასალმებელია ის, რომ პროცესი დაიწყო. თავად პროცესის დაწყებასაც, როგორც წესი, დრო უნდა ხოლმე. პროცესი დაიწყო შესწავლით – კერძოდ, ევროკავშირი შესაბამისი პროცედურის საფუძველზე შეისწავლის ამ სამი ქვეყნის მზაობას, მიენიჭოს თუ არა კანდიდატის სტატუსი. რაც შეეხება იმას, როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი – არსებობს მოცემული ეტაპები, რასაც გაწევრიანების, ან კანდიდატის მინიჭებისთვის, ბუნებრივია, ვერცერთი ქვეყანა ვერ გადაახტება, მაგრამ დაჩქარებისას საუბარია იმაზე, რომ ამ საკითხს უფრო კონცენტრირებულად მიუდგება როგორც ევროკავშირი, ასევე განაცხადის წარმდგენი ქვეყნები. ჩარჩოდ რჩება ასოცირების შეთანხმება. შეთანხმებაშია გაწერილი ყველა საჭირო მიზანი, რასაც საქართველომ უნდა მიაღწიოს, მათ შორის საკანონმდებლო დაახლოების კუთხით, რაც პარლამენტს შეეხება. დღეს გაიმართა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა, სადაც მეორე მოსმენით განიხილეს მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონი, რაც იმის ნაწილია, რასაც საქართველოს პარლამენტი აკეთებს, რათა დააჩქაროს პროცესი. რაც უფრო მალე დავუახლოვდებით ევროკავშირს საკანონმდებლო კუთხით, მით უფრო მალე იქნება გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა ჩვენს სტატუსთან დაკავშირებით“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველომ და მოლდოვამაც ევროკავშირისგან ისეთივე მწვანე შუქი მიიღეს, როგორც უკრაინამ.

„ასოცირების ტრიოს წევრები ვართ, შესაბამისად, ამ ტრიოს მიმართ თანაბარი მიდგომაა იმ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, რაც ევროკავშირს აქვს.

იმედი გაჩნდა, რომ ევროკავშირის მხრიდან აჩქარება მოხდეს. არის სამუშაოს რაღაც მოცულობა, რაც დროში ვერ შემცირდება, მაგრამ მთავარი არის ის, რომ პროცესი დაიძრა და მწვანე შუქია ანთებული ასოცირების ტრიოს სამივე ქვეყნისთვის. რამდენიმე წლით აქეთ გადმოიწია მდგომარეობამ და გადავედით იმ პროცესზე, როდესაც რეალური საუბარი ხდება, როგორი უნდა იყოს კანდიდატის სტატუსის მიღების, თუ გაწევრიანების პროცესი“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კითხვაზე, რა რეფორმები უნდა გაატაროს საქართველომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში, პაპუაშვილი ამბობს, რომ მთავარი ევროკავშირის სამართლებრივ სივრცესთან დაახლოებაა.

„მთავარი გამოწვევაა ევროკავშირის სამართლებრივ სივრცესთან დაახლოება, რაც სწრაფი და ადვილი გზა არ არის. აქ სხვადასხვა ეტაპია. საქმე შეეხება ბევრ რეგულაციას, აქ ხდება აწონ-დაწონვა, რომელ ეტაპზეა სახელმწიფო მზად, რომ ესა თუ ის რეგულაცია შემოიღოს ბიზნესისა თუ სხვა სფეროებისთვის. მთავარია, რომ ეს პროცესი დაიწყო. ეს უკვე არის გამარჯვება იმ კუთხით, რომ საქმემ, რაც 2024 წლისთვის უნდა გაკეთებულიყო, გადმოიწია რამდენიმე წლით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ პარლამენტში ინიცირებულ რეზოლუციის პროექტს, პაპუაშვილი დარწმუნებულია, რომ პლენარულ სხდომაზე ამ პროექტის მხარდაჭერაში პარლამენტი ერთსულოვანი იქნება.

„პოლიტიკური განაცხადია საქართველოს პარლამენტის, სადაც კიდევ ერთხელ ესმება ხაზი იმას, რას ამბობს ჩვენი კონსტიტუცია, მათ შორის აქამდე მიღებული რეზოლუციები. იმ კონტექსტის გათვალისწინებით, რაც ახლა გვაქვს, ეს არის მოწოდება მთავრობის მიმართ, რომ განსაკუთრებული კონცენტრირება გააკეთოს საკითხებზე, რომ ასოცირების შეთანხმება იმ ვადებში შესრულდეს, რომელიც დათქმულია და იმ ეტაპებით, რომელიც იქ არის გაწერილი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება