fbpx

ილჰამ ალიევი: ვულოცავ ჩვენს ქართველ მეგობრებს კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დადებით დასკვნას, როცა საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი, ჩვენ გვეყოლება ახლო მეგობარი ევროკავშირში

ვულოცავ ჩვენს ქართველ მეგობრებს კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დადებით დასკვნას, როცა საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი, ჩვენ გვეყოლება ახლო მეგობარი ევროკავშირში, – ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ADA-ს უნივერსიტეტში გამოსვლისას განაცხადა.

როგორც აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველო და აზერბაიჯანი ახლო პარტნიორები არიან და ამ თანამშრომლობამ საშუალება მისცა მათ, საკუთარი თავი წარედგინათ ევროპისთვის როგორც კონსოლიდირებული, სტრატეგიული მნიშვნელობის გუნდი.

„საქართველო და აზერბაიჯანი ძალიან ახლო პარტნიორები არიან. ჩვენი თანამშრომლობა უფრო ვრცელია, ვიდრე ენერგო თანამშრომლობა. შესაბამისად, ამ თანამშრომლობამ საშუალება მოგვცა წარგვედგინა ჩვენი თავი ევროპისათვის, როგორც კონსოლიდირებული, სტრატეგიული მნიშვნელობის გუნდი. მე რეგულარულად ვსტუმრობ საქართველოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი რეგულარულად ჩამოდის აზერბაიჯანში. ეს არა მარტო ნიშანია მჭიდრო თანამშრომლობის, არამედ ამ ვიზიტების დროს განვიხილავთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს. რაც შეეხება საქართველოს მისწრაფებას ევროკავშირში გაერთიანების თაობაზე, ჩვენ გვესმის ეს და ვუსურვებთ საქართველოს წარმატებას ამ მიმართულებით. ვულოცავ ჩვენს ქართველ მეგობრებს ახალ განვითარებებს და კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დადებით დასკვნას. გვესმის, რომ ეს პროცესია, ვიცით, რომ ზოგიერთი ქვეყანა ელოდება ამ პროცესს წლების განმავლობაში. აქვე ვახსენებ თურქეთს. თურქეთთან მიმართებაში ეს წარმოუდგენლად მიუღებელი და უსამართლო მიდგომაა, ამყოფონ ეს ქვეყანა ევროკავშირისაგან შორს, მიუხედავად ამდენი წლის მანძილზე კანდიდატად ყოფნისა. თუ შევხედავთ ბალკანეთს, ვნახავთ, რომ ქვეყნები კვლავ ელოდებიან გადაწყვეტილებას. იმის გათვალისწინებით, თუ როგორ ვხედავ მე ამ პროცესს, შემიძლია ვთქვა, რომ არ არსებობს კონსენსუსი გაფართოებასთან დაკავშირებით. ეს მხოლოდ ჩემი დაკვირვებაა. ყოველ შემთხვევაში, წარმატებას ვუსურვებ საქართველოს. როცა საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი, არაფერი შეიცვლება ჩვენს ურთიერთობებში. პირიქით, ჩვენ გვეყოლება ახლო მეგობარი ევროკავშირში, რომელიც დაგვიცავს“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება