fbpx

ილია ზაქაიძის სახელობის დუშეთის კულტურის სახლში გაიმართა გამოფენა თემაზე „ხელნაწერი წიგნის სათავეებთან“.

14 აპრილს, დედაენის დღესთან დაკავშირებით, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და კორნელი კეკელიძის სახელობის ეროვნული ცენტრის ერთობლივი ინიციატივით, ილია ზაქაიძის სახელობის დუშეთის კულტურის სახლში გაიმართა გამოფენა თემაზე „ხელნაწერი წიგნის სათავეებთან“.

გამოფენის მიზანი იყო წამოეჩინა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექციები, როგორც ქართული ენობრივი კულტურის, წიგნის ისტორიის სათავე: პირველი წერილობითი ფრაგმენტები (V-VIII საუკუნეების პალიმფსესტები), პირველი თარგმანები, ლიტერატურული თხზულებები, მედიცინის, იურისპრუდენციის, ასტროლოგიის, ქიმიის, ფიზიკის, გეოგრაფია- კარტოგრაფიისა თუ ენციკლოპედიური ხასიათის ნააზრევის ამსახველი უნიკალური ხელნაწერები.

ღონისძიებაზე დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა გაცნობოდა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული უნიკალური ხელნაწერების რამდენიმე ასლს.

გარდა ამისა, გაიმართა სალექციო შეხვედრა თემაზე „ქართული ხელნაწერი“. ლექციას უძღვებოდა ნესტან ბაგაური – ისტორიკოსი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგამოფენო და საგანმანათლებლო პროგრამების განყოფილების უფროსი.

ღონისძიებას სკოლის მოსწავლეებთან, პედაგოგებთან და თემით დაინტერესებულ საზოგადოებასთან ერთად, ასევე, ესწრებოდნენ მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძე და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეკრებილ მოსახლეობას დედაენის დღე მიულოცეს და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ამასთან, აღნიშნეს, რომ ქართულმა ენამ, მრავალი ქარტეხილის მიუხედავად, საქართველოს უდიდესი კულტურა, ტრადიცია და ისტორია შეუნარჩუნა. შესაბამისად, მისი მოფრთხილება და მომავალი თაობებისათვის გადაცემა თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრის ფარგლებში, ასევე, გაიმართა ვიდეოჩვენება. მნახველი გაეცნო ცენტრის კოლექციების მრავალფეროვნებასა და ხელნაწერი მემკვიდრეობის მნიშვნელობას. ღონისძიებას, რომელსაც მერიის კულტურის სამსახურის უფროსი ქეთევან წიკლაური უძღვებოდა, აგრეთვე, ესწრებოდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, დუშეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის, ა(ა)იპ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის, ა(ა)იპ დუშეთის საბიბლიოთეკო გაერთიანების, ა(ა)იპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის წარმომადგენლები.

ცნობისათვის, ექსპოზიცია “ხელნაწერი წიგნის სათავეებთან” ქალაქ დუშეთში 3 დღის განმავლობაში დარჩება და მისი ნახვა ნებისმიერ მსურველს კულტურის სახლის საგამოფენო დარბაზში კვლავ შეუძლია.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება