fbpx

თუ საზოგადოებას სწორი ინფორმაცია არ ექნება, ხან გარედან, ხან შიგნიდან, ხან ერთ ფეხზე დააყენებენ, ხან – მეორეზე და თუ ამ პროცესებს მივუშვებთ, ჩვენ მივიღებთ ცალ ფეხზე მდგომ საზოგადოებასა და კოჭლ სუვერენიტეტს

„საზოგადოების არჩევანი უცვლელია – ჩვენ ევროპული ოჯახის წევრი უნდა გავხდეთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, – თავაწეული, ორ ფეხზე მდგარი, ღირსეულად, და არა ისე, როგორც ზოგიერთებს ჰგონიათ, რომ ცალი ფეხით, რყევით და რევოლუციური გზებით უნდა მივაღწიოთ მიზანს. ბოლო დღეებში ყველამ კიდევ ერთხელ ნახა ოპოზიციის რეალური სახე – ისტერია, დესტრუქცია, შანტაჟი, ტყუილი და უსაფუძვლო იარლიყების მიწებება“, – განაცხადა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ხუნდაძემ საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე. 

მან ვრცლად ისაუბრა „ხალხის ძალის“ ინიცირებულ კანონპროექტებზე, მათ მიზნებსა და მოწინააღმდეგეთა ქცევაზე.

„ჩვენ შემოვიტანეთ კანონპროექტი, რომელიც უნდა ემსახურებოდეს საზოგადოების მაქსიმალურ ინფორმირებას, თუ რაში იხარჯება ქვეყნის გარედან შემოტანილი ფული. ოპოზიცია თავიდანვე შეთანხმდა (თვითონაც გააჟღერეს და მათ ქმედებებშიც ჩანდა), რომ ისინი არ აპირებდნენ შინაარსში შემოსვლას და მხოლოდ ხმაურს გეგმავდნენ. ეს ხდებოდა იმისთვის, რომ საზოგადოებას არ მიეღო ინფორმაცია, რასაც ჩვენ კანონპროექტის განხილვის დროს ვგეგმავდით და, ასე თუ ისე, მოვახერხეთ კიდეც. საკითხი არის ის, რომ, როდესაც ქვეყნის გარედან შემოსული ფული ქვეყანაში იხარჯება, უნდა იცოდეს თუ არა საზოგადოებამ ამ ფულის მიზნობრიობა, მისამართი და ძირითადი მიზანი, თუ რისთვის უნდა იყოს ის გამოყენებული. ოპოზიცია ამბობს, რომ საზოგადოებამ ეს არ უნდა იცოდეს და თუ მას ეს აინტერესებს, უნდა მიაკითხოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ან ფინანსთა სამინისტროს, რაც, პრაქტიკულად, შეუძლებელია.

ჩვენი დამოკიდებულება და უმრავლესობის პოზიციაც არის ის, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რაში იხარჯება ფული, რომელიც ხშირად, მის მომავალს განსაზღვრავს. საზოგადოების ინფორმირებულობა, ხშირად, გადამწყვეტი მნიშვნელობისაა ქვეყნის სტაბილურობის საქმეში. ამის არაერთი მაგალითი ვნახეთ როგორც წარსულში, ისე – ახლა. „გვინდა თუ არა ევროპა?“ – ალბათ, გვახსოვს ეს კითხვა და ის, რომ შემდეგ აღმოჩნდა, თურმე, ემოცია უნდა ავიდეს პიკში, გარდაიქმნას რევოლუციურ ძალად და ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. მაშინ, არასამთავრობო სექტორის მდიდარი ნაწილი სცენაზე შეხტა და საზოგადოებას შესთავაზა მხარდაჭერა, რათა ჩამოეყალიბებინათ ტექნიკური მთავრობა, ანუ შეეცვალათ ხელისუფლება, რომელიც არ ემორჩილება გარე თუ შიდა დაკვეთებს, რომლებიც საზოგადოებისა და ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება; განავითარეს ნარატივი, რომ თითქოს, საზოგადოება სხვაა და ხელისუფლება – სხვა. თუ დააკვირდებით მით უმეტეს ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებსა და ქუჩას, დაინახავთ, რომ საზოგადოება და ხელისუფლება არის ერთად, ოპოზიცია კი არის სხვა, საზოგადოებასთან მიმართებაში.

გააქტიურდა ემოციებზე ნადირობა: „უნდა გამოვიყენოთ შესაძლებლობების ფანჯარა“. ანუ, ჩვენ უნდა აგვესხა იარაღი და აფხაზეთში შევვარდნილიყავით. აქაც, მიზანი იყო, რომ ხელისუფლებას შეცდომა დაეშვა, ქვეყნის ინტერესების გზიდან გადაეხვია და ქვეყნისთვის უმძიმესი შედეგები განვითარებულიყო. თურმე, სანქციების არშეერთებას ცხელი ბომბების ცვენა სჯობდა. ალბათ, გახსოვთ ერთ-ერთი მდიდარი ორგანიზაციის, ISFED-ის პარალელური დათვლის შედეგი, რომლითაც შეეცადნენ, არჩევნების ლეგიტიმაციისთვის დაერტყათ და ლამის რევოლუციური სცენარი განავითარეს. დღესაც ამ სცენარის განხორციელებაზე ზრუნავენ და ხშირად, ამისთვის გარედან შემოტანილი ფული იხარჯება. ალბათ, გახსოვთ აკერმანის, ფედერჩუკის გაკვეთილები, რომლებიც ასევე რევოლუციური სცენარის განვითარებას ემსახურებოდა.

როდესაც საზოგადოებას სწორი ინფორმაცია არ აქვს, მას ხან გარედან, ხან შიგნიდან, ხან ერთ ფეხზე დააყენებენ, ხან – მეორეზე და თუ ამ პროცესებს მივუშვებთ, შესაძლოა, ფეხები მოჰკვეთონ კიდეც. საზოგადოება უნდა იყოს ინფორმირებული და მთავარი გარანტი ამ ინფორმაციით შეიარაღებული ქვეყნის სტაბილურობის საქმეში, რისთვისაც მას სწორი ინფორმაცია სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მივიღებთ ცალ ფეხზე მდგომ საზოგადოებასა და კოჭლ სუვერენიტეტს“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება