fbpx

თუ ამაში ხაზარაძეა ჩართული, ჩათვალე, მე ვარ მისი ნომერ პირველი მტერი-თამაზ ელიზბარაშვილი

თამაზ ელიზბარაშვილი საცხოვრებელი კომპლექს „ლისი ვერანდას” მკვიდრს მიმართავს და მათ უპატრონო ძაღლების მიმართ გამოჩენილი გულგრილობის გამო აკრიტიკებს. როგორც  ელიზბარაშვილი “ფეისბუქლაივის” მეშვეობით აცხადებს, კომპლექსში მცხოვრებმა მოქალაქეებმა შესაბამის ზომებს მიმართეს, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი უპატრონოდ დარჩენილი ძაღლები თავიდან მოეცილებინათ.

ელიზბარაშვილის ინფორმაციით, ადგილობრივი მოქალაქეების შეტყობინების საფუძველზე მიუსაფარი ძაღლები ცხოველთა მონიტორინგის სამსახურმა წაიყვანა. ის მომხდარის გამო “ლელოს” ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს ადანაშაულებს, ვინაიდან, მისი თქმით, საცხოვრებელი კომპლექსი მას ეკუთვნის და შესაბამისად,  პასუხისმგებლობას მას აკისრებს.

“ლისი ვერანდაზე მყავდა მიკედლებული რამდენიმე ძაღლი, რომლებსაც ვუვლიდი, იყვნენ აცრილები, ჰქონდათ ყურზე ნომრები და ყველაფერი, რაც საჭიროა. ცხოველთა მონიტორინგის სამსახურმა ისინი გაიყვანა ადგილიდან.

მამუკა ხაზარაძეს მივმართავ, როგორც ამბობს, ეს კომპლექსი საკუთრებაა. მე არ მეგონა თუ ასეთი ძაღლთმოძულე იყავი. მე შენზე არანაკლები ფული მაქვს, თუ კაცობას ფულით ზომავ.​ ბიძინასაც აქვს ფული, მაგრამ მე მაგის კაცობაზე ლაპარაკი არ მინდა ახლა. 12 მილიონი მაინც მაქვს დახარჯული ქუჩის ძაღლების მოვლაში. ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ ქვეყანა იყოს ცივილიზებული. ყველამ იცის, რომ კიბო მაქვს, მეტასტაზები გამივრცელდა და 2 წელიღა დამრჩენია, ჩემი დარჩენილი ცხოვრება ისე არ წავა, თუ 5 ძაღლთმოძულე კაცი არ გაგიყოლოთ,”- აცხადებს ელიზბარაშვილი.

ელიზბარაშვილი ამბობს, რომ ის საცხოვრებელი კომპლექსის დირექტორთან დაკავშირებას უშედეგოდ ცდილობს და სოციალური ქსელით მიმართავს, მას შეხვდეს.

თავშესაფრის მეპატრონე აცხადებს, რომ ცხოველთა მონიტორინგის სამსახურმა უკანონო ქმედება ჩაიდინა და  შს მინისტრს ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.

“შს მინისტრს მივმართავ, ეს ძაღლები კანონის დაცვით იყვნენ მიკედლებული, უკანონობა კი ჩაიდინა ცხოველთა მონიტორინგის სამსახურმა და კაცმა, გამოიძახა და წააყვანინა. თუ ამაში ხაზარაძეა ჩართული, ჩათვალე, მე ვარ შენი ნომერ პირველი მტერი. ვინც ეს გააკეთა ან ყურით მოათრიე, ან შენ მიიღე ზომები,”- აცხადებს თამაზ ელიზბარაშვილი

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება