ძალიან ბევრ საერთაშორისო, პრესტიჟულ პლატფორმაზე აღინიშნა ბათუმის წარმატება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი საინვესტიციო და ტურისტული მიმართულება, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, სექტემბრის თვეში ბათუმი უმასპინძლებს გალა ღონისძიებას, სადაც მოწვეული იქნება 160-ზე მეტი ქვეყნის როგორც ტურისტული კომპანიები, ისე მედია საშუალებები.
„მოგეხსენებათ, ბათუმმა უკვე მეორედ მიიღო როგორც ევროპისა და მსოფლიოს წამყვანი ტურისტული მიმართულების ჯილდო მსოფლიოს ტურისტული ორგანიზაციისგან. ჩვენთვის ორმაგად სასიხარულოა, რომ სექტემბრის თვეში ბათუმი უმასპინძლებს გალა ღონისძიებას, სადაც მოწვეული იქნება ყველა წამყვანი ქვეყნის, 160-ზე მეტი ქვეყნის როგორც ტურისტული კომპანიები, ისე მედია საშუალებები და ეს იქნება კიდევ ერთი საშუალება, რომ საუკეთესო მხრიდან წარმოვაჩინოთ, როგორც ბათუმი და აჭარა, ასევე მთლიანად ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.