fbpx

თიბისი ბანკი არ აპირებს ხაზარაძე-ჯაფარიძის თაღლითობაზე რეაგირებას, რის გამოც სასამართლოში სარჩელი შევიტანეთ და 30 მილიონი დავუყადაღეთ“

სასამართლომ „თიბისი ბანკის“ აქციონერებს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბანკიდან დივიდენდის სახით მისაღები 30 მილიონამდე ლარი დაუყადაღა. სასამართლო განჩინება „თიბისი ბანკის“ ბრიტანელი აქციონერის, იან მალქოლმ ჰოქის ადვოკატმა, დიმიტრი ტორაძემ ბანკის ადმინისტრაციას ოთხშაბათს, 21 ივნისს გადასცა. ამის შესახებ ადვოკატმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის, ავთანდილ წერეთლისა და კომპანიების „სამგორი M“ და „სამგორი თრეიდის“ წინააღმდეგ სარჩელს შეეხებოდა.

როგორც ადვოკატმა დიმიტრი ტორაძემ განაცხადა: „ბრიტანელი აქციონერი „თიბისი ბანკის“ სასარგებლოდ ზემოხსენებული პირებისა და კომპანიების მხრიდან მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვს, რომელიც, მიუღებელი შემოსავლის ჩათვლით, უკვე $50 მლნ–ს აჭარბებს. „თიბისი ბანკი არ აპირებს ხაზარაძე-ჯაფარიძის თაღლითობაზე რეაგირებას, რის გამოც სასამართლოში სარჩელი შევიტანეთ და 30 მილიონი დავუყადაღეთ.“

„პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი სარჩელის ძირითადი მოთხოვნებია მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის, ავთანდილ წერეთლისა და კომპანიების „სამგორი M“ და „სამგორი თრეიდისთვის“ სს „თიბისი ბანკის“ სასარგებლოდ 16 664 000 აშშ დოლარის და მიუღებელი შემოსავლის სახით 14 წლის განმავლობაში დასარიცხი პროცენტის დაკისრება“, – განაცხადა დიმიტრი ტორაძემ.

ადვოკატის თქმით, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მისაღებ დივიდენდებზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ნიშნავს, რომ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე მოპასუხეებს ეზღუდებათ ამ დივიდენდებზე წვდომა – მიღება და განკარგვა. ეს გადაწყვეტილება აუცილებელ პირობად მიაჩნია დიმიტრი ტორაძეს, რადგან მოპასუხეებმა სხვის სახელზე არ გადააფორმონ საკუთარი აქტივები და ამით არ სცადონ სამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდება. ადვოკატმა ისიც აღნიშნა, რომ თიბისი ბანკისგან წერილზე პასუხი, რომელშიც ბანკის სასარგებლოდ ხაზარაძისა და ჯაფარიძისგან მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვდა, 2 თვეზე მეტი ხნის დაგვიანებით მიიღო და ამ პასუხში ვერ დაინახა რა სამართლებრივი პროცედურები განახორციელა ბანკმა, რას ახორციელებს და მომავალშიც აპირებს თუ არა ისეთი სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელებას რომელიც განუხრელად დაიცავდა საკუთრის ბანკის და მისი აქციონერების ინტერესებს.

ადვოკატის აზრით, ბანკის ასეთი პასუხი პირდაპირ მიანიშნებს, რომ „თიბისი ბანკი“ და საქმის დანარჩენი ფიგურანტები ერთი სქემით მოქმედებენ, რაც საფრთხეს უქმნის საფინანსო ინსტიტუტის აქციონერების კანონიერ ინტერესებს. დიმიტრი ტორაძემ განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს, რომელიც არაერთი სხვა კომპანიის აქციების მფლობელია, სრული უფლება აქვს მოითხოვოს ბანკისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურება, რაც ბანკის იმიჯს და აქციონერების შემოსავლებს სამომავლოდ აუცილებლად გაზრდის. ადვოკატის თქმით, ამ საქმის წარმოებით იან მალქოლმ ჰოქი მატერიალურის გარდა არამატერიალური დივიდენდების მიღებასაც შეძლებს და რომ დღეს უკვე ბევრ სხვა აქციონერთან აქვს კომუნიკაცია, რომელთა საერთო ინტერესების დაცვასაც ბრიტანელი აქციონერი ცდილობს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება