თიანეთში უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვების მეორე ეტაპი მიმდინარეობს. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით, პროცესი მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება. თიანეთის მუნიციპალიტეტში, მერიის მიერ გამოყოფილი თანხით უკვე შეძენილია პირველადი მოხმარების ნივთები და მედიკამენტები. ტვირთის მობილიზების პროცესში, ასევე, აქტიურადაა ჩართული თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო, კერძო და სამოქალაქო სექტორი.
დაბა თიანეთში ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვების პროცესს მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძე, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერ ლევან წიკლაურთან ერთად გაეცნო. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა უკრაინის მიმართ სოლიდარობა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს და აღნიშნულ აქციაში მონაწილე თითოეულ ადამიანს მადლობა გადაუხადეს.
აღსანიშნავია, რომ უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, საქართველოს რეგიონებში შეგროვილი 150 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი რამდენიმე დღის წინ უკვე გაიგზავნა. ტვირთის ტრანსპორტირების ლოჯისტიკის პროცესს საქართველოს ფოსტა უზრუნველყოფს.