fbpx

„თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები სამუშაოს ყოველგვარი პირობების და ულტიმატუმის გარეშე დაუბრუნდნენ-ილია ელოშვილი

თბილისის მერის მოადგილის, ილია ელოშვილის განცხადებით, „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები სამუშაოს ყოველგვარი პირობების და ულტიმატუმის გარეშე დაუბრუნდნენ.

როგორც ელოშვილმა ჟურნალისტებს განუცახდა, 15 დღის განმავლობაში იმ მოთხოვნების განხილვა მოხდება, რაც „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა წამოაყენეს.

ელოშვილი ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებს როდის და რამდენი პროცენტით გაეზრდებათ „თბილსერვისში“ დასაქმებულებს ხელფასი.

„ის, რაც მოხდა გუშინ, იყო სამწუხარო გაუგებრობა. ასეთი რამ აღარ უნდა განმეორდეს. ასეთ ურთიერთობის საჭიროება მერიასა და მის თანამშრომლებს შორის არ არსებობს. სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ დღევანდელი გასვლა ხაზებზე მოხდა ყოველგვარი ულტიმატუმის და მოთხოვნების გარეშე, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდით.

რაც შეეხება მათ მოთხოვნებს, განვიხილეთ და მინდა გითხრათ, რომ ამ მოთხოვნების ნაწილი უკვე შესრულებულია. ეს ეხება ტექნიკის გადახალისებას და პროცესი გრძელდება. რაც შეეხება უნიფორმებს, პროცესი შეფერხებული იყო და საუკეთესო უნიფორმებს მიიღებენ უახლოეს პერიოდში. ესეც ავუხსენით. ხელფასებთან დაკავშირებით ჩვენ შეპირებულები ვიყავით, რომ იანვრიდან გაეზრდებოდათ. ამაზე ვმუშაობთ და ჩვენს სიტყვას შევასრულებთ. დანარჩენი არის დეტალები. შევთანხმდით, რომ 15 დღის განმავლობაში სამუშაო ჯგუფების რეჟიმში ისევე, როგორც აქამდე ვაკეთებდით დავსხდებით, განვიხილავთ რომელია ამ ტექნიკური საკითხებიდან მისაღები და რომელი – არა. რაც ყველაზე მთავარია, მათი ხაზებზე გასვლა მოხდა ყოველგვარი ულტიმატუმის და წინაპირობების გარეშე.

დღეს შეუძლებელია იმის თქმა, რამდენით გაიზრდება ხელფასი, რადგან ისინი არ არიან ცალკე აღებული ჯგუფი. როდესაც ვსაუბრობთ მერიაში რომელიმე ჯგუფისთვის ხელფასის მომატებაზე, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ მერიაში 22 ათასი თანამშრომელი მუშაობს და ყველანაირი მატება ამ საერთო ზიარჭურჭელის გათვალისწინებით უნდა ხდებოდეს. მათ ხელფასები დეკემბერში უკვე მოემატათ 20%-ით, თუმცა, ეს ზღვარი არ არის. დეკლარირებულად გვქონდა ნათქვამი, რომ ხელფასებს მოემატებოდა, მაგრამ რა ფორმით, როგორ და რამდენით, ამაზე შევთანხმდებით. ჩვენ არ გვაქვს ურთიერთობის და შეხვედრის პრობლემა და ეს ყველამ იცის. ჩვენ არ ვართ კაბინეტში გამოკეტილი ჩინოვნიკები, მუდმივად ქუჩაში ვართ, დაწყებული ბატონი კახიდან და ვიცით ამ ადამიანების პრობლემები. ამიტომ შევთანხმდით, რომ ამგვარი ფორმებით ურთიერთობა არ არის საჭირო. ერთი ოჯახი, ერთი ორგანიზმი ვართ და უდიდეს პატივს ვცემთ თითოეულ თანამშრომელს და ვაფასებთ მათ მძიმეს სამუშაოს“, – განაცხადა ელოშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება