fbpx

თბილისში უკვე ვარლამ ჩერქეზიშვილის სახელობის ქუჩა გვაქვს

თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით, მიმდინარე წლის აგვისტოში, დედაქალაქის ისნის რაიონის ერთ-ერთ ქუჩას XIX-XX საუკუნეების ცნობილი პოლიტიკოსისა და საზოგადო მოღვაწის – ვარლამ ჩერქეზიშვილის სახელი მიენიჭა. ვარლამ ჩერქეზიშვილის მოღვაწეობის პოპულარიზაციას წლებია ეწევა პროფესორი და მკვლევარი გოჩა ფერაძე, რომელმაც არაერთ ინიციატივას ჩაუყარა საფუძველი.

,,თუ 2019 წლისთვის, ჯერ კიდევ XIX საუკუნის 60-იანი წლებიდან სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ავანგარდში მდგომი მამულიშვილის პატივსაცემად საქართველოში მემორიალური დაფაც კი არ გაგვაჩნდა, დღეს უკვე ხელისუფლების ცენტრალური თუ ადგილობრივი ინსტიტუტების წარმომადგენელთა მონდომების წყალობით  გვაქვს არამც თუ მემორიალური დაფა, არამედ ვარლამ ჩერქეზიშვილის სახელობის საჯარო სკოლა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, მის მშობლიურ სოფელ თოხლიაურში; თავად ქ. საგარეჯოში ქუჩა ატარებს ვარლამ ჩერქეზიშვილის სახელს; პირველი ქართული უნივერსიტეტის კედლებში უკვე გაიმართა ორი დარგთაშორისი სამეცნიერო კონფერენცია – მიძღვნილი ვარლამ ჩერქეზიშვილისადმი, გამოიცა კონფერენციაზე წაკითხული მოხსენებების კრებული, რომელშიც, სხვადასხვა დარგის ღვაწლმოსილი თუ ახალგაზრდა მეცნიერების მიერ, წარმოჩენილია დიდი მამულიშვილის როგორც ქართველი ხალხის, ისე, ზოგადად, კაცობრიობის წინაშე  დამსახურებების ამსახველი აქამდე უცნობი ეპიზოდები. ორბელიანების სასახლეში შედგა ვარლამ ჩერქეზიშვილის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად საქართველოს ფოსტის მიერ 20 000-იანი ტირაჟით გამოცემული საფოსტო მარკის წარდგენა.

გასულ წელსვე გადავწყვიტეთ დედაქალაქის ერთ-ერთი ქუჩისთვის დიდი მამულიშვილის სახელის მინიჭების თხოვნით დედაქალაქის საკრებულოსთვის მიგვემართა. ერთობლივი ძალისხმევა სულ ცოტა ხნის წინ წარმატებით დასრულდა.

მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს, ბატონ გიორგი ტყემალაძეს, საკრებულოს წევრებს, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თითოეულ წევრს, მის ხელმძღვანელს, ქალბატონ ნინო ვარდოსანიძეს, ამავე კომისიის სამდივნოს უფროსს, ბატონ მამუკა ბალიაშვილს, ისნის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატს, ბატონ კახაბერ ლაბუჩიძეს და საკრებულოს თითოეულ თანამშრომელს, ვისი აქტიური მხარდაჭერითაც თბილისს ვარლამ ჩერქეზიშვილის სახელობის ქუჩა შეემატა“, – ამბობს პროფესორი გოჩა ფერაძე.

პროფესორი გუნდთან ერთადაქტიურად მუშაობს მეორე დარგთაშორისი სამეცნიერო კონფერენციის მასალების ამსახველი კრებულის გამოცემაზე, ვარლამ ჩერქეზიშვილის ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, რუსულ ენებზე გამოცემულ და უკვე საყოველთაო აღიარების მქონე შრომების თარგმნასა და გამოქვეყნებაზე. როგორც გაირკვა, ქართულ ენაზე ამ წიგნების დიდი უმრავლესობა, ჯერ-ჯერობით, თარგმნილი და გამოცემული არ არის. საქართველოში ისინი მხოლოდ ფრაგმენტულად თუ იბეჭდებოდა ჯერ კიდევ საუკუნის დასაწყისში გამომავალ ისეთ პერიოდულ გამოცემებში, როგორიც იყო „ივერია“, „ცნობის ფურცელი“, „ნობათი“ და სხვა.

,,ვარლამის მიერ საზღვარგარეთ თითქმის ყველა ევროპულ ენაზე გამოცემული წიგნების დიდი უმრავლესობა დღემდე ჩვენი საზოგადოებისთვის უცნობია. ეს მაშინ, როდესაც ვარლამ ჩერქეზიშვილი შესაძლოა პირველი ქართველი  ავტორი აღმოჩნდეს, ვისი შრომებიც, ჯერ კიდევ XX საუკუნის დასაწყისში, თარგმნილია ჩინურ, იაპონურ ენებზე. მათი დიდი ნაწილი პირადად მაქვს ნანახი როგორც ქ. ვაშინგტონში კონგრესის ბიბლიოთეკაში, ისე ლონდონსა და ოქსფორდში, შესაბამისად, ბრიტანეთისა და ბოდლიანის ბიბლიოთეკებში. ამიტომ მიმაჩნია, რომ ამ მიმართულებით გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია“, – აცხადებს გოჩა ფერაძე.

პროფესორი კოლეგებთან ერთად განიხილავს გაერთიანებული სამეფოდან ვარლამ ჩერქეზიშვილის ფერფლის საქართველოში გადმოსვენებას, რის შესახებაც აზრთა სხვადასხვაობაა. მაგრამ ერთ საკითხში ყველანი თანხმდებიან – მისი ნეშტი სამშობლოში უნდა დაბრუნდეს!

მიმდინარე წლის დასაწყისში წარმატებული გამოდგა გოჩა ფერაძის ქალიშვილის, თსუ-ს თინათინ წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლის გულიკო ფერაძის ვიზიტი ქ. ამსტერდამში, სოციალიზმის ისტორიის საერთაშორისო ინსტიტუტში. აქ ვარლამისა და მისი თანამებრძოლების, საერთაშორისო სოციალისტური მოძრაობის აღიარებული ლიდერების შესახებ ბევრი, უაღრესად საინტერესო მასალაა დაცული. მათ შორის, ნაპოვნი იქნა ვარლამ ჩერქეზიშვილის დღემდე ცნობილი ყველაზე ადრინდელი, ჯერ კიდევ 1876 წელს გადაღებული ფოტოსურათი, რომელსაც გთავაზობთ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება