fbpx

თბილისის მერის მოადგილეების წარდგენა

თბილისის მერის ბრიფინგი

საზოგადოებას ახსოვს, რომ 2017 წელს, როდესაც თბილისის მოსახლეობამ მე და
ჩემს გუნდს ნდობა გამოგვიცხადა, ჩვენ მას შევთავაზეთ „სიცოცხლით სავსე
ქალაქის“ კონცეფცია. ამ მიმართულებით ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ბოლო ოთხი
წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნა გადადგმული და რაც ყველაზე
მთავარია, ჩაიდო საძირკველი იმისთვის, რომ მეტი სიცოცხლე შევიტანოთ ყველა
უბანში. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ გვაქვს დიდი წინსვლა ძალიან ბევრი
მიმართულებით: ეს არის გამწვანებული ქალაქი, მოწესრიგებული
საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ინფრასტრუქტურული მიმართულებით
განხორციელებული პროექტები, ძველი თბილისის სარეაბილიტაციო სამუშაოები,
საბავშვო ბაღების მშენებლობა, ახალი პარკები, რეაბილიტირებული სკვერები,
განახლებული რეკრეაციული სივრცეები, თუმცა თვითკმაყოფილების უფლება და
საფუძველი არ გვაქვს, რადგან სამწუხაროდ, თბილისში ჯერ კიდევ ძალიან ბევრი
პრობლემა და გამოწვევა არსებობს, რომელსაც უფრო მეტი ენერგიით და
ენთუზიაზმით უნდა დავუპირისპირდეთ და მომდევნო წლების განმავლობაში
კიდევ მეტი კარგი პროექტი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მეტი სიცოცხლე
შევიტანოთ ყველა უბანში.
მე ბევრი შემიძლია ვისაუბრო დაგეგმილ პროექტებზე, თუმცა ყველა
დამეთანხმებით, რომ ამ პროექტების განსახორციელებლად საჭიროა კონკრეტული
ადამიანები კონკრეტულ თანამდებობებზე, რომლებიც უშუალოდ იქნებიან და
იყვნენ ჩართულები იმ სამუშაოების განხორციელებაში, რომელიც ჩვენ შევძელით
და გავაკეთეთ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა, გვაქვს ამბიციური
გეგმები და სწორი ხედვა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი დედაქალაქი
მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. თქვენ იცით, რომ დედაქალაქის მთავრობამ
დაასრულა და შეწყვიტა თავისი უფლებამოსილება, რომელიც 2017 წელს
თბილისის მოსახლეობის უმრავლესობამ მოგვანიჭა. მე, როგორც დედაქალაქის
მეორედ არჩეული მერი, ვალდებული ვარ, საზოგადოებას წარვუდგინო ის
ადამიანები, რომლებიც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ჩემთან ერთად
გააგრძელებენ მუშაობას. ამ ადამიანების სია გადაეგზავნება დედაქალაქის
საკრებულოს, რომლის დამტკიცებაც, დარწმუნებული ვარ, მათი მხარდაჭერით და
თანადგომით, მოხდება მომდევნო კვირაში.
მე ბევრი შემიძლია ვისაუბრო ამ ადამიანების მიერ თბილისის განვითარებაში
შეტანილ წვლილზე, შრომისუნარიანობაზე, თუმცა ამაზე მათ მიერ გაკეთებული


და გასაკეთებელი საქმეები უკეთ მეტყველებს. ამიტომ, დროს არ დავკარგავ და
პირდაპირ გადავალ მათ წარდგენაზე.
ვიცე-მერის თანამდებობაზე კვლავ წარმოგიდგენთ ირაკლი ხმალაძეს, რომელმაც,
გასული წლების მანძილზე, უდიდესი წვლილი შეიტანა სატრანსპორტო სისტემის
მოწესრიგებაში და სხვა მსხვილი რეფორმების განხორციელებაში. ირაკლი
ნამდვილად ძალიან ფასეული კადრია ჩვენთვის, რომელიც ყოველთვის ეძებს ჩვენი
ქალაქის განვითარების ახალ სივრცეებს და ერთი შეხედვით გამოუვალ
მდგომარეობაშიც კი ოპტიმალურ გამოსავალს პოულობს ჩვენი ქალაქისა და
მოქალაქეების ინტერესების სასარგებლოდ.
მერის მოადგილის პოსტზე წარდგენილი ილია ელოშვილი, რომელიც საპატიო
მიზეზების გამო აქ არ იმყოფება. მინდა, პირადად ჩემი, ჩვენი გუნდისა და
თბილისელების სახელით უდიდესი მადლობა გადავუხადო მას იმ შრომისთვის,
რაც ბოლო წლების განმავლობაში გასწია და განსაკუთრებით მინდა გამოვყო
დაუსრულებელი მშენებლობების და ამ მშენებლობებით დაზარალებული
ადამიანების პრობლემის მოგვარება. ათი ათასობით ოჯახმა უკვე იცის, რომ
მომდევნო წლების განმავლობაში მიიღებს საცხოვრებელ ფართებს და პირდაპირ
ვიტყვი, არ მომერიდება, ეს ილია ელოშვილის ძალიან დიდი დამსახურებაა.
უშუალოდ მისი ჩართულობით მოგვარდა აღნიშნული პრობლემა.
გასული 4 წლის განმავლობაში, ირაკლი ბენდელიანმა, რომელიც ასევე წარდგენილი
იქნება მერის მოადგილედ, ძალიან ნაყოფიერად იმუშავა და საკუთარი უდიდესი
წვლილი შეიტანა, პრაქტიკულად, ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტში,
რომლებმაც დედაქალაქის ყოველდღიური ცხოვრებიდან უამრავი ბარიერი გააქრო.
ირაკლის და მისი გუნდის დიდი დამსახურებაა, რომ ყოველდღიურად ახლდება და
სწრაფი ნაბიჯებით უახლოვდება თანამედროვე სტანდარტებს თბილისის
ინფრასტრუქტურა. მადლობა ირაკლის თავდაუზოგავი შრომისთვის და წინასწარ
შეგვიძლია შევპირდეთ მას, რომ მომავალი წლების განმავლობაში კიდევ უფრო
მეტად იქნება დატვირთული და ძალიან ბევრი ექნება გასაკეთებელი ჩვენი
ქალაქისთვის.
ანდრია ბასილაია ასევე მინდა წარმოგიდგინოთ მერის მოადგილის თანამდებობაზე.
ანდრია ჯერ ურბანული სამსახურის ხელმძღვანელის, შემდეგ კი მერის მოადგილის
პოზიციაზე მუშაობისას, ყველას გვიჩვენა საკუთარი საქმისადმი
კეთილსინდისიერი დამოკიდებულების მაგალითი და განსაკუთრებული როლი
შეასრულა მერიის – სოციალური, განათლების და კულტურის პოლიტიკის სწორად
წარმართვაში. ანდრიამ ნამდვილად დაიმსახურა ჩვენი გუნდის, პირადად ჩემი და
იმ ადამიანების ნდობა, ვის საქმესაც ის ყოველდღიურად აკეთებს. ამიტომ, ის, რა
თქმა უნდა, განაგრძობს მუშაობას ჩემს მოადგილედ და ერთად კიდევ ბევრ


სასიკეთო და მნიშვნელოვან საქმეს გავაკეთებთ ჩვენი ქალაქისთვის და ამ ქალაქში
მცხოვრები ადამიანებისათვის.
თბილისის განვითარებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, რამდენად
ეფექტიანად მუშაობენ მუნიციპალური სამსახურები. ამიტომ, მინდა
წარმოგიდგინოთ იმ სამსახურების ხელმძღვანელების კანდიდატურები, რომლებიც
მომავალი ოთხი წლის განმავლობაში წარმართავენ ქალაქის პოლიტიკას სხვადასხვა
მიმართულებებით:
პირველ რიგში, წარმოგიდგენთ მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ბატონ
ვალერი ჭიღლაძეს. ვალერი არის ძალიან კარგი მენეჯერი. უკანასკნელი წლების
განმავლობაში ჩვენ ერთად ბევრი რამ გავიარეთ და ვალერი ყოველთვის
წარმატებით ართმევდა თავს საკუთარ უფლება-მოვალეობებს. მინდა წარმატება
ვუსურვო მას.
ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურს უხელმძღვანელებს ბატონი გიორგი
აბუთიძე; ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური ჩაბარდება ვახტანგ
ლომჯარიას; გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური – გიგა გიგაშვილს; კულტურის,
განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურს ირაკლი გვილავა
უხელმძღვანელებს; იურიდიული საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად
წარმოგიდგენთ სერგო ბირკაძეს; ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების
საქალაქო სამსახურს გაუძღვება გელა ჩივიაშვილი; მუნიციპალური შესყიდვების
საქალაქო სამსახურის უფროსად გთავაზობთ გიორგი პაპავას კანდიდატურას;
საფინანსო საქალაქო სამსხურს კვლავ გაიოზ თალაკვაძე უხელმძღვანელებს;
უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად წარვადგენთ ნიკოლოზ
ჭონქაძეს; მუნიციპალური ინსპექციის საქალაქო სამსახურს უხელმძღვანელებს კახა
გულედანი.
აქვე, მინდა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია ისეთი მნიშვნელოვანი
მიმართულებების ხელმძღვანელების შესახებ, როგორიც არის ურბანული და
სატრანსპორტო პოლიტიკა, არქიტექტურა, და თბილისის განვითარების ფონდი. ამ
მიმართულებების ხელმძღვანელებს თბილისის საკრებულო არ ამტკიცებს, მათ
უშუალოდ მერი ნიშნავს. შესაბამისად: თბილისის ურბანულ და სატრანსპორტო
პოლიტიკას კვლავ ვიქტორ წილოსანი წარმართავს, რომელმაც უკანასკნელ წლებში
ნამდვილად დაამტკიცა, რომ შეუძლია ამ მეტად საპასუხისმგებლო და
მნიშვნელოვან მიმართულებას წარმატებით უხელმძღვანელოს; თბილისის
განვითარების ფონდის ხელმძღვანელად წარმოგიდგენთ ბატონ ლევან ჯღარკავას;
ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კვლავ ირაკლი თავართქილაძე იქნება;
არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი იქნება თეიმურაზ ბოლოთაშვილი,
რომელმაც უკანასკნელ წლებში ძალიან ბევრი გააკეთა ამ მიმართულების
დასახვეწად და თანამედროვე სტანდარტებში მოსაქცევად.

ჩემს მიერ წარდგენილი ყველა კანდიდატი საკუთარი საქმის გამორჩეული მცოდნე
და საქმის ერთგული ადამიანია. მათ ზუსტად იციან, თუ რამხელა მნიშვნელობა
აქვს აღნიშნული სტრუქტურების გამართულ მუშაობას თბილისელების
ყოველდღიური კომფორტის უზრუნველსაყოფად. მათ ისიც კარგად იციან, რომ
მიუხედავად ჩვენი პირადი, ადამიანური ურთიერთობებისა, ძალიან მკაცრად
მოეთხოვებათ პასუხი ყველა იმ მიმართულებაზე, რომელსაც უხელმძღვანელებენ.
ჩვენ დასაკარგი დრო ნამდვილად არ გვაქვს. ქალაქში ძალიან ბევრია გასაკეთებელი.
ბევრი გამოწვევა არსებობს და როგორც საუბრის დასაწყისში ვთქვი, კიდევ უფრო
მეტი ენერგიით და ენთუზიაზმით უნდა ვიმუშაოთ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ
იმისთვის, რომ მეტი სიცოცხლე შევიტანოთ ყველა უბანში, რომ ეს ქალაქი იყოს
ყველაზე უფრო მოწესრიგებული, ყველაზე ჯანსაღი, ყველაზე სუფთა, გამართული
ინფრასტრუქტურით, სადაც მოქალაქეებს ექნებათ კომფორტულად ცხოვრების
შესაძლებლობა და რა თქმა უნდა, ჩამოსული სტუმრებიც ისიამოვნებენ.
მინდა გითხრათ, რომ მე ნადვილად ვამაყობ თქვენით, იმ ადამიანებით ვის
მხარდამხარაც მომდევნო წლების მანძილზე, თბილისის ყველა უბანში მეტი
სიცოცხლის შესატანად უნდა ვიმუშაო. მჯერა, რომ ერთად ყველა გამოწვევას
დავძლევთ და ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ქალაქის უკეთესი მომავლისთვის.
თქვენი სახელით, თქვენი სამსახურების თითოეულ თანამშრომელს, ყველა იმ
ადამიანს გადავუხადო მადლობა, ვინც ბოლო წლების განმავლობაში, 2017 წლიდან
მოყოლებული მუხლჩაუხრელად ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ გარკვეული
ცვლილებები შემოგვეტანა ამ ქალაქში – სიახლეები, მეტი ოპტიმიზმი, მეტი მწვანე
სივრცე, რეკრეაციული ზონები, გამართული ინფრასტრუქტურა და ა.შ. მადლობა
თქვენ ამ ყველაფრისთვის. დარწმუნებული ვარ, მომდევნო ოთხი წელი კიდევ
უფრო საინტერესო იქნება, კიდევ უფრო მეტი კარგი პროექტი განხორციელდება
ჩვენი ქალაქისთვის და ამ ყველაფერში თითოეული ამ ადამიანის როლი
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მინდა, ყველას წარმატება ვუსურვო.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება