fbpx

თბილისის მერიის მხარდაჭერით, 20 მარტს ქართველი მუსიკოსები კიბოს
სკრინინგის მხარდასაჭერ კონცერტს გამართავენ

20 მარტს, 20:00 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში,
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და დაფინანსებით,
ცნობილი ქართველი მუსიკოსების მონაწილეობით კონცერტი გაიმართება.
ღონისძიება, საქართველოში კიბოს სკრინინგის პროგრამის პოპულარიზაციის
მიზნით, ეროვნული სკრინინგ ცენტრის ინიციატივითა და ა(ა)იპ „ქართული
მუსიკის ცენტრის“ მხარდაჭერით დაწყებული საინფორმაციო კამპანიის
მნიშვნელოვანი კომპონენტია.
კამპანიაში ჩართულნი არიან ცნობილი ქართველი მუსიკოსები და
შემსრულებლები: ნანი ბრეგვაძე, ნიკა ნიკვაშვილი და თბილისის ოპერისა და
ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრი, ნინო სურგულაძე, ნატო მეტონიძე, ეკა
მამალაძე, ნატალია ქუთათელაძე, ანსამბლი „შვიდკაცა“, კონსტანტინე ყიფიანი,
გიორგი ლომისელი და თიკუნა წიქარიშვილი. კონცერტზე, ცნობილი
შემსრულებლები, გარდა პოპულარული ნაწარმოებების შესრულებისა,
საზოგადოებას კიბოს სკრინინგის ჩატარებისაკენ მოუწოდებენ.
საინფორმაციო კამპანიის მიზანია, სრულიად ახლებურად დაანახოს კიბოს
სკრინინგის ჩატარების მნიშვნელობა საზოგადოებას, ერთნაირად ჩართოს ყველა
სფეროს წარმომადგენელი, იქნება ეს სახელოვნებო სფერო, ბიზნესსექტორი თუ
სხვა. ამასთან, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, თავისი წვლილი
შეიტანოს სიმსივნური დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკის, პრევენციისა და
სკრინინგული პროგრამების პოპულარიზაციის საქმეში.
ღონისძიების წარმდგენია კომპანია PSP. მედია პარტნიორია „პალიტრა მედია
ჰოლდინგი“. სპონსორები არიან: „დეამედი“, „ისი პარი“, GOOD GIRL Carolina Herrera,
თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი, რესტორანი „არქივი“, თბილისის ღვინის
მუზეუმი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება