fbpx

თამთა მიქელაძე – ევროპულმა სასამართლომ მთავარი მტკიცებულების, ციანიდის ჩხრეკისა და ამოღების საკითხზე სათანადოდ არ იმსჯელა

ძალიან სამწუხაროა, რომ ევროპულმა სასამართლომ მთავარი მტკიცებულების, ციანიდის ჩხრეკისა და ამოღების საკითხზე სათანადოდ არ იმსჯელა და კონვენციის დარღვევა არ დაადგინა ამ ნაწილში – ამის შესახებ Facebook-ზე სოციალური სამართლიანობის ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელი თამთა მიქელაძე წერს.

მისი თქმით, ამ მსჯელობას არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა ეროვნულ დონეზე საქმის ხელახალი განხილვისთვის.

„დეკანოზი გიორგი მამალაძის საქმეზე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას ისევ ორმაგი და წინააღმდეგობრივი განმარტებები მიეცა ჩვენს რეალობაში.

ევროპულმა სასამართლომ ძალიან მნიშვნელოვანი დარღვევები დაადგინა დეკანოზი მამალაძის საქმეზე სამართლიანი სასამართლოს უფლების ორ უმნიშვნელოვანეს ასპექტზე, რომელიც საჯარო პროცესზე უფლებას და უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვას უკავშირდება. ამ ნაწილში გაკეთებული განმარტებები სხვა არ ერთი საქმისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენთვის.

თუმცა, ძალიან სამწუხაროა, რომ ევროპულმა სასამართლომ მთავარი მტკიცებულების, ციანიდის ჩხრეკისა და ამოღების საკითხზე სათანადოდ არ იმსჯელა და კონვენციის დარღვევა არ დაადგინა ამ ნაწილში. ამ მსჯელობას არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა ეროვნულ დონეზე საქმის ხელახალი განხილვისთვის.

ჩემი აზრით, ამ საქმეში სწორედ ჩხრეკის პროცედურის დროს კონვენციის მე-8 მუხლის (პირადი ცხოვრების) დარღვევა და მისგან გამომდინარე მე- 6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლების) დარღვევა თვალსაჩინო იყო. თუმცა. ვერ მივხვდი ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში კონვენციის მე-8 მუხლზე ცალკე მსჯელობა რატომ არ იყო წარმოდგენილი და რა ეტაპზე არ გახდა ეს მუხლი დამოუკიდებელი მსჯელობის საგანი სასამართლოსთვის. მე-8 მუხლის ფარგლებში ჩხრეკასთან დაკავშირებულ დეტალებზე მსჯელობა ბევრად ნიუანსირებული იქნებოდა, ვიდრე ეს მხოლოდ მე-6 მუხლის ქვეშ მოხდებოდა.

ამ პირობებში კარგად არის გასააზრებელი და ერთი შეხედვით თქმა რთულია, როგორია საქმის ხელახალი გახსნის/განხილვის პერსპექტივებიც. საინტერესოა ამ საქმის აღსრულებასთან კავშირში რა ინდივიდუალურ ზომებს დაადგენს მინისტრთა კომიტეტიც, რომელიც გადაწყვეტილებების აღსრულებაზე ზედამხედველობას ახორციელებს.

მალე ჩვენი მხრიდან გადაწყვეტილების უფრო დეტალურ ანალიზს გაგიზიარებთ“ – წერს თამთა მიქელაძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება