fbpx

თამარ ჩიბურდანიძე: წინა ხელისუფლების დროს მძვინვარებდა დემოგრაფიული და მიგრაციული პრობლემები ქვეყანაში – დღეს მიგრაცია ოთხჯერ არის შემცირებული

დღევანდელი ოპოზიცია გუშინ ხელისუფლებაში იყო და სწორედ მათ დროს მძვინვარებდა დემოგრაფიული პრობლემები ქვეყანაში, მათ შორის მიგრაციული პროცესებიც. სწორედ მათ დროს დაიცალა ქვეყანა მოსახლეობისგან, – ამის შესახებ განცხადებას მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი, თამარ ჩიბურდანიძე ავრცელებს.

მისი განმარტებით, მიგრაციულ პროცესებს ვერ აჩერებენ მსოფლიოს ძლიერი სახელმწიფოებიც კი და ამ ფონზე საქართველოში ბევრად უკეთესი მდგომარეობაა.

„ბატონმა ირაკლი კობახიძემ სტატისტიკური მონაცემები მოიყვანა მიგრაციული დინამიკის გადმოსაცემად. ამ ციფრებში ნათლად ჩანს მკვეთრი სხვაობა წინა და დღევანდელ პერიოდს შორის. დიახ, მიგრაცია ოთხჯერ არის შემცირებული, მიუხედავად ვიზალიბერალიზაციისა.
დღეს ბევრს საუბრობენ საქართველოდან ისეთი მოქალაქეების გადინებაზე, რომელთა უმეტესი ნაწილი მაღალანაზღაურებად სამსახურებში იყვნენ დასაქმებულნი. რას ნიშნავს ეს და რა კატეგორიის მიგრაციასთან გვაქვს საქმე?
თვისობრივად ეს არის განვითარებული სახელმწიფოების მიგრაციის ტიპაჟი, როდესაც განვითარებული სახელმწიფოებიდან დასაქმებული ფენა მიემგზავრება სხვა განვითარებულ ქვეყანაში უფრო მაღალი შემოსავლებისთვის. მაგალითად, დღეს აქტიურად გაედინებიან ინგლისიდან ამერიკაში, ასევე ევროპული სახელმწიფოებიდან ამერიკაში ან სამხრეთ-აღმოსავლეთის ძლიერ სახელმწიფოებში. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან ასე ვითარდება დინამიკურად მიგრაციული პროცესები.
თუკი თავდაპირველად საქართველოდან უმეტესად უმუშევარი ფენა გადიოდა, დღეს უფრო დასაქმებული ფენა გადის უფრო მაღალი შემოსავლებისთვის. რაგინდ პარადოქსულად მოგეჩვენოთ, ეს ქვეყნის სიღარიბის დაბალი მაჩვენებელია, რადგან გაედინება უფრო არა მშიერი, არამედ, დასაქმებული ფენა. ეს არის სწორედ განვითარებული ქვეყნებისთვის დამახასიათებელი მიგრაცია – როდესაც მიგრანტთა დიდი ნაწილი არა უმუშევარი, არამედ, დასაქმებული ფენაა.
როგორაც არ უნდა განვითარდეს ქვეყანა ეკონომიკური კუთხით, სამწუხაროდ, მიგრაციას ვეღარავინ შეაჩერებს ვერც საქართველოში და ვერც – მსოფლიოში. გლობალიზაციის პროცესებმა და კომუნიკაციების გამარტივებამ, დედამიწაზე მოსახლეობის თავისუფალი მოძრაობა გამოიწვია. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს კიდევ უფრო მძიმე სახეს მიიღებს მომავალში, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს განვითარებული სახელმწიფოების ერთგვარი დეგრადირება და ეთნიკური ჯგუფების ასიმილაციის შედეგად ტიტულიანი ერების გაქრობა.
მიგრაციული პროცესებიდან გამომდინარე, მსოფლიოს წინაშე ახალი მნიშვნელოვანი საკითხი დადგა – როგორ გამოიყენონ მიგრაცია და კერძოდ, დიასპორული პოლიტიკა საკუთარი ქვეყნების გასაძლიერებლად.
სწორედ ეს საკითხია ჩვენთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დღეს. თუკი ავიღებთ მსოფლიოს ისტორიას, ვნახავთ, რომ მცირე ერების ძლიერი საერთაშორისო პოლიტიკა დიასპორებზე დგას, რომლებიც ინტეგრირებულნი არიან იმ ქვეყნის პოლიტიკაში, სადაც ცხოვრობენ.
ქვეყნისთვის საშიშია მოწყვლადი და არა – მოძრავი მიგრაცია. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი რუსეთისგან სავიზო რეჟიმის გაუქმება, რომ მათთან მცხოვრებ მილიონამდე ქართველს შეეძლოს სამშობლოსთან მჭიდრო კავშირი.
ვინც დღეს რუსეთისგან სავიზო რეჟიმის გაუქმებას აკრიტიკებს, სწორედ ისინი ჩივიან მიგრაციაზე. ეს, სხვას რომ თავი დავანებოთ, უცოდინარობაა. ყველა საკითხის განხილვას პროფესიული ცოდნა სჭირდება და არა მხოლოდ პოლიტიკური მიზნებისთვის სპეკულირება”, – აცხადებს თამარ ჩიბურდანიძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება