fbpx

თამარ ჩიბურდანიძე: ჩვენი ქვეყნის პრობლემა არის არა ლაზარე, არამედ ის ადამიანები, რომლებიც მის ქმედებას გმირობად მიიჩნევენ

ჩვენ მივდივართ ღირსეული ევროპისკენ და აუცილებლად შევალთ იქ, ოღონდ არა კრიმინალის წაქეზებითა და წახალისებით, არამედ ნორმალური ქმედებით და მე მჯერა, რომ ლაზარეც აუცილებლად ღირსეულად მოიქცევა ხვალ, – ამის შესახებ გადაცემაში „პოლიტიკური პოსტი“ „ხალხის ძალის“ წევრმა, თამარ ჩიბურდანიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, ძალადობა რუსთაველის გამზირზე და შემდეგ მოძალადის გმირად ქცევა ევროპისკენ მიმავალი გზა არ არის და მხოლოდ საზოგადოების დეპოლარიზაციას უწყობს ხელს, რასაც გარკვეული ძალები იყენებენ. 

„საზოგადოება, რომელიც ამბობს, რომ კრიმინალის ჩამდენი ლაზარე არის გმირი და მას, როგორც თავისუფლებისა და სიმამაცის დროშას, ისე აფრიალეს, რათა სხვამაც იგივე გაიმეოროს, უფრო მეტ დანაშაულს სჩადის, ვიდრე ლაზარემ ჩაიდინა. მჯერა, რომ ლაზარე გამოასწორებს თავის ქმედებას და რომ ის ასეთ კრიმინალს მეორედ აღარ ჩაიდენს. გვინდა, რომ ახალგაზრდებს ვუთხრათ – ეს არ არის ის ევროპა, საითკენაც მივდივართ. ჩვენ მივდივართ ღირსეული ევროპისკენ და აუცილებლად შევალთ იქ, ოღონდ არა კრიმინალის წაქეზებითა და წახალისებით, არამედ ნორმალური ქმედებით და მჯერა, რომ ლაზარეც აუცილებლად ღირსეულად მოიქცევა ხვალ. მიმაჩნია, რომ ლაზარე კი არ არის საზოგადოებისა და ამ ქვეყნის პრობლემა, არამედ ის დეპუტატები, რომლებიც დღეს განცხადებას აკეთებდნენ პარლამენტში და სხვა ახალგაზრდებს მოუწოდებდნენ, გამხდარიყვნენ მეორე, მესამე, მეათე თუ მეასე ლაზარე. 

მე არ მაქვს პრეტენზია არც მის ვარცხნილობაზე, არც ჩაცმულობაზე – ეს მხოლოდ მისი გადასაწყვეტია. არ შეიძლება ადამიანს მისი ფიზიკური მონაცემების გამო დასცინო, ეს მხოლოდ მისი საქმეა. ჩვენ შეგვიძლია ეს ახალგაზრდა მხოლოდ მისი ქმედების გამო ვაკრიტიკოთ, იმის გამო, რაც თქვა და რა აზრიც ჩამოაყალიბა – ლაზარემ კრიმინალური დანაშაული ჩაიდინა, ისროლა მოლოტოვის კოქტეილები, რაც კადრშიც ჩანს და ეს დასჯადია. თუმცა გამოძიება მიმდინარეობს და ამ ყველაფერს დაადგენენ“ – აღნიშნა თამარ ჩიბურდანიძემ.

„ხალხის ძალის“ წევრის განცხადებით, ევროპარლამენტარ კრამონის საქართველოში ჩამოსვლა და ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერ აქციაზე გამოჩენა მხოლოდ ორმაგ სტანდარტებს უსვამს ხაზს. 

„უბედურებაა, რომ ევროპარლამენტარი, რომელმაც დეკემბერში საქართველოს კანდიდატობის სტატუსს ხმა უნდა მისცეს, ჩამოდის და გვეუბნება, რომ ეს ადამიანი, ლაზარე გრიგორიადისი და მის მიერ ჩადენილი ძალადობა მისაბაძია და საქართველოში ყველა ახალგაზრდას აქვს უფლება, მსგავსი რამ ჩაიდინოს. არადა, ევროპიდან რამდენიმე თვის წინ სწორედ კრამონის ხელმოწერით გამოიგზავნა 12 პუნქტი, სადაც ერთ-ერთი პუნქტად დერადიკალიზაციაა მითითებული. ამის ერთადერთი მიზანი საქართველოში ქუჩის აქციების წახალისებაა, რადგან ოპოზიციისთვის ერთადერთ გზად მხოლოდ სამოქალაქო დაპირისპირება დარჩა“, – განმარტა თამარ ჩიბურდანიძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება