fbpx

თამარ ჩიბურდანიძე: არ შეიძლება პარტნიორი ერქვას მხარეს – გინდა გერმანიას, გინდა ევროკავშირის ნებისმიერ სახელმწიფოს და ეს სახელმწიფო იღებდეს საქართველოს სახელმწიფოსგან ძებნილ, კრიმინალ პიროვნებას

„მეეჭვება, რომ ადეიშვილი ევროპელ პარტნიორებთან მხოლოდ უკრაინის თემებზე საუბრობდეს. ბუნებრივია, ის არ გამოტოვებდა შანსს და საქართველოს სახელმწიფოსა და ხელისუფლების იმიჯის განადგურებაზეც იმუშავებდა,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეები ევროპული სახელმწიფოებისგან, ელიან პასუხს, თუ რატომ ხდება საქართველოს მიერ ძებნილად გამოცხადებული პირის ოფიციალური ვიზიტებით მიღება მათი მხრიდან.

„ადეიშვილის ოფიციალური ვიზიტები ევროპის ქალაქებში – ბუნდესტაგში თუ ბრიუსელში არ არის მხოლოდ ორ ქვეყანას შორის მეგობრობის დარღვევა – ეს არის პარტნიორული თანამშრომლობის წესების დარღვევა.

არ შეიძლება პარტნიორი ერქვას მხარეს, გინდა გერმანიას, გინდა ევროკავშირის ნებისმიერ სახელმწიფოს და ეს სახელმწიფო იღებდეს საქართველოს სახელმწიფოსგან ძებნილ, კრიმინალ პიროვნებას. არ აქვს მნიშვნელობა ის უკრაინის ხელისუფლების გენერალური პროკურორის თანაშემწეა, მრჩეველია თუ უკრაინის პრეზიდენტი. ის საქართველოსგან ძებნილი პიროვნება უკვე გასამართლებულია ერთ საქმეზე, დანარჩენზე მიმდინარეობს პროცესები – ანუ ის მსჯავრდადებული ადამიანია. ასეთი პიროვნება ოფიციალური ვიზიტებით მოგზაურობს ევროპის წამყვან ქალაქებში.
მეეჭვება, რომ ადეიშვილი ევროპელ პარტნიორებთან მხოლოდ უკრაინის თემებზე საუბრობდეს. ბუნებრივია, რომ ის არ გამოტოვებდა შანსს და საქართველოს სახელმწიფოსა და ხელისუფლების იმიჯის განადგურებაზეც იმუშავებდა.

საქართველოს ხელისუფლებამ უკვე გააკეთა განცხადება, რომ ისინი ამ საკითხს უყურადღებოდ არ დატოვებენ და გაარკვევენ ევროპელ პარტნიორებთან. ჩვენც, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეები, ველით პასუხს ევროპული სახელმწიფოებისგან, იგივე გერმანიისგან და ბრიუსელისგან – თუ რატომ ხდება ჩვენგან ძებნილი, მსჯავრდადებული პატიმრის ოფიციალური ვიზიტებით მიღება მათი მხრიდან.“ – განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება