fbpx

ზვიად გამსახურდიას კრიტიკული წერილი ჯანსუღის პოეზიაზე,ამონარიდებს დავდებ-გურამ მეგრელიშვილი

სოციალურ ქსელში გურამ მეგრელიშვილი აქვეყნებს ზვიად გამსახურდიას კრიტიკულ წერილს ჯანსუღ ჩარკვიანის შემოქმედებაზე-

ზვიად გამსახურდიას კრიტიკული წერილი ჯანსუღის პოეზიაზე. მე ამაზე სასაცილო კრიტიკა არ წამიკითხავს. ამონარიდებს დავდებ. ზოგადად, ეს ძალიან მაგარი წიგნია და გირჩევთ.

“ასეთუ უტყუარი პლაგიატის ნიშნები მრავალია ჯ. ჩარკვიანის შემოქმედებაში.
“მიეცით ნიჭსა გზა ფართო,
თაყვანისცემა ღირსებას.” (ორბელიანი)
“მიეცით ნიჭსა შარაგზა ფართო,
თაყვანისცემა უნდა ღირსებას!” (ჩარკვიანი)

ორბელიანის სიტყვები “საქართველოო, ლამაზო” ანა კალანდაძემაც გამოიყენა, მაგრამ მან ბრჭყალებში ჩასვა ეს სიტყვები…

არაერთგზის აღნიშნულა, ჩარკვიანის “ლეჩხუმში” გადმოღებულია ილიას “კითხვა პასუხიდან”, ზოგიერთი სტრიქონი კი სრულიად უცვლელია:

“მაგრამ რამდენად მშვენიერი ხარ,
იმდენად უფრო მიკვდება გული!”
ეთიკა მოითხოვდა, სადმე გაკვრით მაინც ეხსენებინა ჯანსუღს ილია, როგორც გალაკტიონს ბოდლერი, მაგრამ ჩარკვიანმა საჭიროდ არ ჩათვალა …

ძალიან ხშირად “სესხულობს” ჩარკვიანი ხალხური პოეზიიდანაც. ძალიან კარგია, როცა პოეტი დაკავშირებულია ხალხურ ძირებთან, მაგრამ პოეზიის ხალხურობა არ ნიშნავს ხალხური ლექსების საკუთრად გასაღებას…

“ბინდისფერია სოფელი
უფრო და უფრო ბინდდება” (ხალხ)
“ბინდისფერია წუთისოფელი,
შეხე, თანდათან უფრო ბინდდება!” (ჩარკვ. “ჯაჭვის თორანი გვ 94”)

ახლა ეს:
“დედას ვუყვარვათ შვილები
დედა არ გვახსოვს შვილებსა,
და მისთვის წუთისოფელი
გვტანჯავს და გვაცოდვილებსა” (“ყაჩაღი ჭიჭოშვილი” ხალხ)

“თავს ვურჩევნივართ დედას შვილები,
დედა არ გვახსოვს ხოლმე შვილებსა,
სწორედ მიტომაც წუთისოფელი
გვტანჯავს და ასე გვაცოდვილებსა” (ჩარკვ “მზის მოსავალი”)

ან აქ?

“რად გინდა ქალი უცხო მხრის,
დასნეულდება, მოკვდება” (ხალხ)
“რად გინდა, ძმაო, უცხო მხრის ქალი,
დასნეულდება, მალე მოკვდება!” (ჩარკვიანი)…

ცალკეული თქმებისა და პოეტური სახეების მითვისებაში ხომ ბადალი არა ჰყავს ჯანსუღს:

“ტრამალ და ტრამალ დაგედევნები!” (გოგლა)
“ყანა და ყანა დაგედევნები! (ჯანსუღ)
“ვით იესოს ლურჯი ტანი” (ასათიანი)
“დღეები ქრისტეს ლურჯი ტანივით!” (ჩარკვიანი)

აქ აღსანიშნავია, რომ როდესაც ჯანსუღი სხვის მოხდენილ თქმას თავის სიტყვებს მიაბამს, სისულელე გამოუდის ხოლმე….

პლაგიატის გარდა, ჩარკვიანთან ხშირია სალიტერატურო ენის აღრევა და პროვინციალიზმი, მაგალითად:

“ვინც დიადია,
მისი ჯინი აქვთ!”

პოემა “რწმენის კედელში” კაი კაი აბსურდებსაც წააწყდებით:
“ყვირილი გვმართებს,
დღისით, მზისით,
ათასი ფუთი,
ათიათასი!”

ან ეს თუ ჰგავს მოზრდილი კაცის დაწერილ ლექსს, თანაც პოეტისას:

“წაუღიათ ნისლებს,
დაბინდული ფრთები,
ნეტავ შევხვდე ვისმეს,
შენზე მოვუყვები.
მაგრამ თუ სისხლი არ განვაახლეთ,
და ყველაფერი ისე დავმარხეთ,
ხომ ყველაფერი დაგვივიწყეს და
ხომ ყველაფერი აგვიტალახეს!”

როგორც ვხედავთ, აქ რითმებათ ითვლება “ფრთები” – “მოვუყვები” და “დავმარხეთ” – “აგვიტალახეს”!

ან ეს აბდაუბდა როგორ მოგწონთ:

“გავიდებ დროშას,
მზისფერ დროშას,
გავიდებ მხარზე,
თოხივით არა, მართლა გავიდებ!”

ნუთუ თოხს არ აქვს თავისი დანიშნულება, ან იქნებ ჩარკვიანი თავს გვაწონებს იმით, რომ განსხვავება იცის თოხსა და დროშას შორის?…

ჯანსუღ ჩარკვიანი ხშირად წერს პატრიოტულ ლექსებს, უადგილოდ ახსენებს “ნიკორწმინდას”, “ფიტარეთს”, “ნინოწმინდას”, მაგრამ ამ სტრიქონებში პოეტი ასე მიმართავს საქართველოს:

“ვაი, მაგ მკერდს, სამამულოს,
ვინ ოხერი გიკოცნიდა!”

ერთი, რომ სამამულო ომი გაგვიგია, სამამულო მკერდი არა, მეორეც, “ვინ ოხერი” რა უნდა ასეთ პატრიოტულ ლექსში? , უნებურად საქართველო შედარებულია ისეთ ქალთან, “ყველა ოხერი” რომ უკოცნის ძუძუებს?…

ჩარკვიანის უსუსურობა ლექსისა და სტრიქონის ფლობაში საცნაურია. ერთ-ერთ პოემას ქვია “ჯაჭვის თორანი”. სიტყვა “თორანი” სულხან საბას მიხედვიტ ჯაჭვის პერანგს ნიშნავს, ეს იგივეა ვთქვათ “წყლის ნაკადული” “ჰაერის ქარი”. ტუმცა, ჯანსუღს ჩვევია ხოლმე “მე თქვენ გეძახით, განათებულო, განთიადებო!” (თითქოს განთიადი ისედაც განათებასთან არ ასოცირდებოდეს).
ახლა ეს:
“ეს არის მხოლოდ რაც ხელს გადაჰყვა
და რაც ბუნებამ მოგირბენინა” (ცელქი ბუნება, ბავშვივით მორბენალი)

“ხეზე კიდია ბოროტი სული
და აქანავებს სარწმუნოება” (უცნაურია, როგორ უნდა “აქანავებდეს” სარწმუნოება რამეს?)

პოეტმა კი უნდა იცოდეს, რა სხვაობაა კონკრეტულ და აბსტრაქტულ სახელებს შორის. განა შეიძლება, მაგალითად “ზნეობა ჩეხავდეს შეშას” ან არამზადობა მოდიოდეს რუსთაველის პროსპექტზე? თუმცა პოეტს უყვარს “აღმოჩენებიც”, მაგალითად “შენი თოვლი, თოვლისფერია” “ფრთები ფრთებით მიჰქრიან” და სხვა…

აბსურდის გარდა, ავტორთან არაესთეტიკური გამოთქმებიც ხშირია:
“მატარებლები
ძაღლივით უყეფდნენ მთვარეს.
მთვარე კი ეგდო
მაზუთიან
ფერად წუმპეში
და ახტებოდნენ გამვლელები
ამხელა მთვარეს!”

(და ამას მოყვება გამსახურდიას ღადაობები).

“გაეკიდება ნაცრისფერ ქარებს,
ფრთამოტეხილი, მშიერი ყვავი”

ჯერ საღი ფრთების ყვავი ვერაა შავარდენივით და ახლა ფრთამოტეხილი და მშიერი ყვავი რანაირად გამოედევნებოდა, ხომ წარმოგიდგენიათ?

ისე კი, მთვარე მოწონს პოეტს და სხვადასსხვა კონტექსტშიც “იყენებს”
“დილამდე ხელში ეჭირათ მთვარე
და ლამაზ თითებს უზალთუნებდნენ!”
ალბათ “უთათუნებენს” თუ მიამსგავსა, თორემ უზალთუნებდნენო იგივეა თქვა “უშაურებდნენ” ან “უაბაზებდნენო”.

ჯანსუღს ჩვევია “სესხება” არა მხოლოდ სხვა ვტორებისგან, საკუთარი თავისგანაც, აი, მაგალითად:

“ათასი კვირტი,
ათასი ნაღმი
და აფეთქება ასიათასი,
გამოღმით მე ვარ,
შენა ხარ გაღმით,
და გაზაფხულის გაქვს სილამაზე” (“სილამაზე” ჩარკვიანი)

“სალამი ქვეყნად
სამოთხის ბაღებს
სალამი ჩიტებს, ასიათასებს,
გამოღმით მე ვარ
შენა ხარ გაღმა,
და გაზაფხულის გაქვს სილამაზე” (“იადონები” ჩარკვიანი).
თუ გავითვალისწინებთ, რომ “გამოღმით მე ვარ, გაღმით შენ” ვაჟას ცნობილი ლექსიდანაა, ორმაგი პლაგიატიც კი გამოდის.

და მერე მაგრად კენწლის.

აღარ მიკვრის რატომ იდგა რუსთაველზე, მთავრობის სახლის წინ ცხონებული ჯანსუღი. არადა, მაგარი კრიტიკული წერილია.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება