აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ ზემო აჭარაში მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა და ხულოს მუნიციპალიტეტში, ინფრასტუქტურულ პროექტებს, კერძოდ, ზომლეთი-ხიხაძირის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის მიმდინარეობას გაეცნო.
შეხვედრებს ზურაბ პატარაძესთან ერთად, რეგიონის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს და თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა მაღალმთიანი აჭარის განვითარების პრიორიტეტებზე და აღნიშნა, რომ ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა მთაში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, ინფრასტრუქტურის განვითარება და ტურისტული პოტენციალის გაძლიერებაა, რაც ხელს შეუწყობს როგორც ეკონომიკური აქტივობის ზრდას, ისე- ადგილობრივი მოსახლეობისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას.
აღსანიშნავია, რომ ზომლეთი-ხიხაძირის საავტომობილო გზის 7 კმ-მდე მონაკვეთის რეაბილიტაციის პროექტი საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებით ხორციელდება; სამუშაოები მოიცავს გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაციასა და ასფალტობეტონის საფარის დაგებას. ასევე, მოეწყობა საგზაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ინფრასტრუქტურა, რაც ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილებას უსაფრთხოსა და კომფორტულს გახდის.
ზურაბ პატარაძემ მაღალმთიან აჭარაში, რამდენიმე ლოკაციაზე, მათ შორის გოდერძის უღელტეხილის ტერიტორიაზე, ხიხაძირის და სხალთის ხეობებში ადგილობრივ მაცხოვრებლებთან გამართა შეხვედრები და მოსახლეობის საჭიროებებისა თუ მოთხოვნების, აგრეთვე, ინიციატივების და მოსაზრებების შესახებ მოისმინა დეტალური ინფორმაცია. შეხვედრების დასასრულს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ პატივი მიაგო სოფელ წაბლანაში 1989 წლის აპრილის სტიქიური მოვლენების შედეგად დაღუპულთა ხსოვნას.