„ვიღაც „პრივილეგირებული“ ჯგუფი NGO-ების სახით, რომელიც გარკვეულ დახმარებას იღებს, ხარჯავს თანხებს ისე, რომ არავინ არაფერი იცის. რა უშლის ხელს მოქალაქეებს იცოდეს, რაში იხარჯება მათი თანხები,” – აცხადებს „ხალხის ძალის“ წევრი ზაალ მიქელაძე. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სწორედ გამჭვირვალობის უზრუნველყოფა იყო „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ მიღების მიზანი. ზაალ მიქელაძე სვამს კითხვას – მაშინ, როცა საქართველოს მთავრობა, ბიუჯეტი, სახელმწიფო მოხელეების ხარჯები არის გამჭვირვალე, რატომ უნდა იყოს დამალული ერთი ჯგუფის, ე.წ. NGO სექტორის თანხები და რატომ არ უნდა იცოდეს საზოგადოებამ მათ მიერ გაწეული ხარჯების შესახებ. „ხალხის ძალის“ პირველი ნაბიჯი და გასვლა უმრავლესობის კვოტაში მყოფი მმართველი ძალიდან სწორედ ერთ მიზანს ემსახურებოდა, რომ ეთქვა უფრო მეტი სიმართლე მოქალაქეებისათვის და სიმართლის შემადგენელი ნაწილია სწორედ გამჭვირვალობა. შარშან „ხალხის ძალის“ და წელს უკვე „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი მივიდა ლოგიკურ დასასრულამდე – ადამიანებს ვესაუბროთ არა ქუჩაში გაგონილი სიმართლით, არამედ ჰქონდეთ რეალური შეხების შესაძლებლობა ყველა იმ თემაზე, რასთან დაკავშირებითაც კითხვა გაუჩნდება. ქვეყნის შიგნით ჩვენ ვეცადეთ და ეს არ არის მოგონილი თემა – მთავრობა დღეს ყველაზე უფრო გამჭვირვალეა; ამ ქვეყნის ბიუჯეტი ყველაზე მეტად გამჭვირვალეა; ყველა სახელმწიფო თუ საჯარო მოხელის ხარჯის შესახებ არსებობს სრული ინფორმაცია და აღმოჩნდა, რომ ვიღაც „პრივილეგირებული“ ჯგუფი NGO-ების სახით, რომელიც გარკვეულ თანხებს იღებს, ხარჯავს მას ისე, რომ არავინ არაფერი იცის. რა უშლის ხელს მოქალაქეებს იცოდეს, რაში იხარჯება (როგორც თავად ამბობენ, სოციალური მიმართულებით) მათი თანხები. მე ვიყავი მინისტრი და შევიძინე 2 ათასი ეტლი სახელმწიფოს ხარჯით ამ საჭიროების მქონე პირებისთვის. ამ ფონზე არის ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელმაც 5 ეტლი შეიძინა. ამას მოჰყვა მთელი რიგი ღონისძიება – აპიარებენ ამ პროცესებს, ლამის ელჩებამდე მივიდა საქმე. რეალურად რომ გადახედოთ, თანხა აქვს მიღებული ხუთი კი არა, შეიძლება ათას ხუთასი ეტლისთვის. დანარჩენი რაში დახარჯა არავინ იცის. ეს კონკრეტული მაგალითი მომყავს იმიტომ, რომ გასაგები იყოს ჩვენი მოქალაქეებისათვის ამ კანონის არსი მოკლედ და მარტივად. ძალიან მარტივად გასაგები კანონია – ადამიანებმა იცოდნენ, ვინ რიცხავს თანხებს სოციალური თუ სხვა სახის დახმარების სახით. არადა მოქალაქეებს კი არა ჩვენ, პოლიტიკოსებსაც აგვიკრძალეს რაიმე ვიცოდეთ ამის შესახებ. როგორ უნდა დავგეგმოთ ხვალინდელი დღე და როგორ უნდა გავარკვიოთ რა არის ამ დაფინანსების რეალური მიზანი, როდესაც მსხვილი ფინანსების მიმღებები უცებ აღმოჩნდებიან სცენაზე პოლიტიკური მოწოდებებით,” – განაცხადა ზაალ მიქელაძემ.