fbpx

ვფიქრობ, გადავდივართ კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში-ვარლამ გოლეთიანი

ქუთაისში, იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში “ნამახვანჰესის” მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული აქციის მონაწილეებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა.

როგორც “ნამახვანჰესის” მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, შეხვედრაზე მათ სამი ძირითადი საკითხი დააყენეს.

გოლეთიანის თქმით, უნდა “ალაგდეს ბარიკადები, ხეობაში სამუშაო პროცესები შეწყდეს და კარვებით პროტესტი გაგრძელდეს”.

„ვფიქრობ, გადავდივართ კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში. მათი მხრიდან დათმობითი სულისკვეთება იგრძნობოდა. ჩვენ დავაყენეთ სამი ძირითადი საკითხი იმისთვის, რომ დიალოგის სივრცე გაჩნდეს. სამი პირობა არის ის, რომ შეწყდეს ის რეპრესიული პოლიტიკა რაც ხეობაშია, გამოლაგდნენ იქიდან პოლიციელები, შეწყდეს მოსამზადებელი სამუშაოები და ჩვენ დავუბრუნდეთ პროტესტის მშვიდობიან ფორმას, კარვები, რომელიც დაგვირბიეს, აუცილებლად უნდა დავაბრუნოთ იქ. ამ პირობებზე ველოდებით პასუხს. მათ თქვეს, რომ მოცემულ მომენტში არ შეუძლიათ გაგვცენ პასუხები ამ კითხვებზე დაკმაყოფილდება თუ არა. მათ ნაბიჯებზე ვართ დამოკიდებული, რა პასუხს გაგვცემენ, რამდენიმე დღეა საჭირო, მიზეზად პრემიერის ჯანმრთელობა დასახელდა, საბოლოოდ რომ გაეცეს პასუხი ამ კითხვებს.

იმისთვის, რომ დიალოგის შემდეგ ეტაპზე გადავიდეთ, ეს სამი პირობა უნდა დაკმაყოფილდეს მათი მხრიდან, ალაგდეს ბარიკადები, ხეობაში სამუშაო პროცესები უნდა შეწყდეს და კარვებით პროტესტი გავაგრძელოთ“, – აცხადებს გოლეთიანი.

ამასთან, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, პროტესტი იქამდე გაგრძელდება, ვიდრე მათი ყველა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება,

„ავიღეთ აქ მყოფ ადამიანებზე უფლება, რომ ყველანი დაბრუნდებიან სახლში, არ დაჯარიმდება არავინ, ვისაც სახლში დაბრუნება უნდა. ჩვენ მივდივართ გუმათში, პროტესტი გრძელდება, გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ყველა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

კონსტრუქციულ დიალოგში მზაობას იმიტომ ვაცხადებთ, რომ მკაფიოდ დაინახოს საზოგადოებამ, კონსტრუქციულად რომ მივყვებით პროცესს”,-აცხადებს გოლეთიანი.

ქუთაისში, იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში “ნამახვანჰესის” მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული აქციის მონაწილეებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. საქართველოს პრემიერ-მინისტრ  ირაკლი ღარიბაშვილის  დავალებით, შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი და გუბერნატორები, ლერი ბარნაბიშვილი, სახელმწიფო რწმუნებულები იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარეში,  ზვიად შალამბერიძე და პარმენ მარგველიძე ესწრებოდნენ. დიალოგში საპარლამენტო უმრავლესობიდან მონაწილეობდნენ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე  სოზარ სუბარი სამტრედიის, წყალტუბოს, ხონის და ვანის მაჟორიტარი დეპუტატი გივი ჭიჭინაძე, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე, ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ბეჟან წაქაძე, ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი  გოჩა ენუქიძე, უმრავლესობის წევრები დიმიტრი სამხარაძე და გოდერძი ჩანქსელიანი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება