fbpx

ვიმედოვნებთ რომ სომეხი სამხედროების გათავისუფლების საკითხში საქართველოს მხარდაჭერით მიღწეული პროგრესი რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელოვან საფუძვლად იქცევა-ჯო ბაიდენი ფაშინიანს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება  მიულოცა

სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის ინფორმაციით, მისალოც წერილში ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება ხაზს უსვამს სომეხი ხალხის მისწრაფებას, ჰქონდეს უფრო დემოკრატიული, სამართლიანი და აყვავებული საზოგადოება, რომელიც კორუფციისგან თავისუფალი იქნება.

ჯო ბაიდენის თქმით, მას ესმის უსაფრთხოების სფეროში ის რთული გამოწვევები, რომლებიც 2020 წელს მთიან ყარაბაღში კონფლიქტის გამო შეიქმნა.

„სომხეთსა და აზერბაიჯანს მოვუწოდებთ, რაც შეიძლება მალე შეუდგნენ საგნობრივ მოლაპარაკებებს. აშშ მოხარულია, რომ წვლილი შეიტანა აზერბაიჯანში სომეხი სამხედროების გათავისუფლების ძალისხმევაში. ვიმედოვნებთ, რომ ამ საკითხში საქართველოს მხარდაჭერით მიღწეული პროგრესი რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელოვან საფუძვლად იქცევა“, – ნათქვამია ჯო ბაიდენის წერილში.

13 ივნისს ირაკლი ღარიბაშვილის ფასილიტაციითა და ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე  გაათავისუფლა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის შუამავლობით, სომხეთმა, თავის მხრივ, აზერბაიჯანს გადასცა ერთ-ერთი ტერიტორიის ანტისანაღმო რუკები, რომელსაც ის კონფლიქტამდე აკონტროლებდა და შემდეგ, ბაქოს კონტროლქვეშ აღმოჩნდა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება