fbpx

ვახტანგ ხარჩილავა: “მეცამეტე პუნქტი”

„სირცხვილიას“ ზურგს სამარცხვინოდ ამოფარებული „ნაცმოძრაობისა“ და მისი სატელიტი პარტიების მიერ რუსთაველის პროსპექტზე სამ ნაწილად დადგმული ფარსი, სახელწოდებით „შინ, ევროპისკენ“, თავიდან ბოლომდე სიცრუესა და ტყუილზე აგებული.
ტყუილია, თითქოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატად რომ არ მიგვიღეს, ეს საქართველოს ხელისუფლების და, კერძოდ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრალია, რომელიც ამ „დანაშაულის“ გამო დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს.
ტყუილია, თითქოს საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციას ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი უშლიდეს ხელს.
ტყუილია, თითქოს საქართველო ევროპას და ევროპულ არჩევანს დაკარგავს, თუ სასწრაფოდ არ იქნა მიღებული ზომები და ხელისუფლებაში ახალი პოლიტიკური ძალები არ მოვიდნენ, რომლებიც იმ 12-პუნქტიანი რეკომდენდაციის ყველა მუხლს შეასრულებენ, რომელთა შესრულებაც ევროკავშირმა საქართველოს სავალდებულო ნორმად დაუწესა.
ტყუილია, თითქოს საქართველომ ევროპისკენ მიმავალ გზას უგანა და სადღაც განზე გადაუხვია.
ამ და კიდევ სხვა მრავალ ტყუილზეა აგებული ის დემაგოგიური, ყალბი და ფარისევლური მოთხოვნები, რომლებსაც ამ აქციებიდან ასეთი რიხით აჟღერებენ მისი ორგანიზატორები, რომლებიც თავგამოდებული ცდილობენ, ეს ტყუილები სიმართლედ შეასაღონ ქვეყანას, სიმართლე კიდევ სულ სხვაა და სულ სხვაგან არის.
ევროკომისიის მიერ დავალებად მოცემულ ამ 12 პუნქტს, თითქოს მეცამეტე მუხლიც ახლავს, რომელიც ქაღალდზე არ წერია, მაგრამ ის უხილავად არსებობს და ის თორმეტი მუხლი სწორედ ამ უხილავი მე-13 პუნქტის განხორციელებას ემსახურება.
ეს მე-13 პუნქტი კი სხვა არაფერია, თუ არა ნებისმიერი გზით „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოშორება და ძალაუფლების იმ ძალებისთვის გადაცემა, რომლებიც უყოყმანოდ გაწირავენ საქართველოს ომისთვის.
_ უკრაინას იმიტომ ვიღებთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატად, რომ იქ ომია! _ პირდაპირ ითქვა ევროპარლამენტის ტრიბუნიდან.
ჩვენთანაც რომ ომი ყოფილიყო, ე. ი. ჩვენც მიგვიღებდნენ იმავე სტატუსით, რა სტატუსითაც უკრაინა მიიღეს?
რუსთაველზე ცუდად აჯაგრული ამ პროტესტანტების უკან ის პოლიტიკური ძალა დგას, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლის სანაცვლოდ მზად არის, საქართველოს ომის ქარ-ცეცხლში უკრას თავი და ამ ძალის სახელი არის „ნაცმოძრაობა“.
სინამდვილეში, აი, ამას ხომ არ უჭერთ მხარს თქვენ, შეცომაში შეყვანილო და მოტყუებულო ქართველებო, რომ გგონიათ, ევროკავშირში შედიხართ და ამ დროს საკუთარ თავს და საკუთარ ქვეყანას უმზადებთ ჯოჯოხეთს, რომლის კარების გაღებასაც საკუთარი ხელით გაიძულებენ.
ეს არის სიმართლე, რომლის შესახებაც ერისთვის ამ კრიტიკულ ჟამს უფრო ნათლად და გახსნილად უნდა ლაპარაკობდეს ყველა, ვისაც საქართველოზე გული შესტკივა და ვინც ეს სიმართლე შესანიშნავად იცის.
როდის ალაპარაკდებიან ისინი _ მაშინ, როცა ურემი გადაბრუნდება?
საქართველოში 200-ზე მეტი პარტიაა, რომელთა უმრავლესობა თვლის, რომ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ემსახურებიან.
არადა, რუსთაველის პროსპექტზე ხალხის კრიტიკულად მრავალრიცხოვანი რაოდენობა იკრიბებოდა და აშკარად ანტიკონსტიტუციური, დესტრუქციული და სახიფათო შინაარსის მოწოდებები ისმოდა, არც ერთი ამ 200 პარტიიდან არ გამოსულა და ამ ადამიანებისთვის სიმშვიდისკენ, გონიერებისკენ, დაფიქრებისკენ არ მოუწოდებია და არც იმის ახნა და განმარტება უცდია, რა შეიძლება მოჰყვეს ამ პროცესებს.
არადა, ხომ ცხადია, რომ ამ ერთი შეხედვით მშვიდობიანი მოთხოვნების უკან, ფაქტობრივად, სახელმწიფო გადატრიალების სიუჟეტი და ხელისუფლების ძალადობრივი გზით მიტაცების მცდელობა იმალება.
ამ ორასი პარტიიდან არც ერთს არ შეუხედავს ამ ფაქტისთვის ამ კუთხიდან _ თითქოს საქმე ქვეყნის საერთო ბედს და საერთო განსაცდელს არ ეხებოდა.
ამ ორასი პარტიიდან, არც ერთს არ გამოუცხადებია სოლიდარობა „ქართული ოცნებისთვის“, რომლის „დანაშაული“ ისაა, რომ პრინციპულად დაიცვა საქართველოს სახელმწიფო ინტერესები და უკიდურესად დაძაბულ ჟამს, მიუხედავად არნახული ზეწოლისა, შეძლო ქვეყნისთვის მშვიდობის შენარჩუნება, რის გამოც ისჯება ახლა კოლექტიური მაქარაშვილებისა და დიღმელაშვილების ხელით, თუმცა მიზეზად სულ სხვა მოტივები სახელდება.
მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს კი არა, ზოგადად, ჩვენს საზოგადოებას ჩვევია ეს _ განზე გადგება და შორიდან უყურებს მის გარშემო დატრიალებულ მღვრიე მორევს და მხოლოდ მაშინ იწყებს გამოფხიზლებას, როცა მორევი დასახრჩობად წაეტანება.
ძალიან დიდ, მე ვიტყოდი, საბედისწერო შეცდომას უშვებს ყველა, ვინც ფიქრობს, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თუ გადადგება, ან „ქართული ოცნება“ წავა ხელისუფლებიდან, ამით ქვეყანა არ დაიქცევა.
დაიქცევა, ძვირფასო მეგობრებო, ნამდვილად დაიქცევა, რადგან ისეთი ძალა მოვა ხელისუფლებში, რომელიც თვალის დაუხამხამებლად გაგწირავთ თქვენც და მთელ საქართველოსაც და ისეთ უბედურებაში გაგვხვევს, რომელიც კატასტროფით დამთავრდება ქართული სახელმწიფოსთვის.
ის, რაც ბოლო ორი კვირაა ხდება საქართველოში, არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ კი არ ხდება მხოლოდ, ის მთელ ქვეყანას, თითოეულ ჩვენგანს უმზადებს დიდ განსაცდელს და თუ ეს დღესვე, ახლავე არ გავაცნობიერეთ და ხელისუფლების კი არა, საკუთარი თავის და საკუთარი სამშობლოს დასაცავად არ გავერთიანდით, მწარედ დაგვამარცხებენ შინაური და გარეული მტრები.
არსებობს რაღაც მომენტები, როცა სხვადასხვა ფაქტორის გავლენით, ხალხის რაღაც ნაწილი, ზოგჯერ მცირე, ზოგჯერ საკმაოდ მრავალრიცხოვანი, განსჯის უნარს კარგავს და მტყუანს მართლისგან ვერ არჩევს, შავს თეთრისგან და გონებაშეზღუდულთა აგრესიულ მასად იქცევა.
შეიძლება ნორმალურ, გონიერ, მოაზროვნე ადამიანად ჩაითვალოს ადამიანი, ტომით ქართველი, საქართველოში მცხოვრები მისი მოქალაქე, რომელიც ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნას მხარს დაუჭერს?
როგორ ვერ უნდა მიხვდეს ქართველი კაცი, რომ ვინც ამას სთავაზობს, როგორც მისი მომავალი ბედნიერებისა და კეთილდღეობის აუცილებელ პირობას, ის პირადად მისი და მისი ქვეყნის ნამდვილი მტერია _ ავაზაკი, ქვებუდანი, მზაკვარი.
ან ევროკავშირი ან ბიძინა ივანიშვილი! რა შეიძლება ვუწოდოთ იმ ქართველებს, რომლებმაც ეს სატანისტური ვერაგობით შემოგდებული „იდეა“ – ან ევროკავშირი, ან ბიძინა ივანიშვილი! – ლოზუნგად აიტაცეს და წინ წაიმძღვარეს?
რა შეიძლება ვუწოდოთ და საქართველოს მტრების მოკავშირეები, თავადაც საქართველოს მტრები, რომელთაგან ზოგს შეიძლება გაცნობიერებულიც არ ჰქონდეს, რას ჩადის, რა მიზნებს ემსახურება.
თუ ვინმეს უშლის ხელს ბიძინა ივანიშვილის მოღვაწეობა, ეს „ნაციონალური მოძრაობაა“, რომელმაც იცის, რომ მისი ხელისუფლებაში დაბრუნება არჩევნების გზით გამორიცხულია, თუ „ქართული ოცნება“ არ დაამხო და ივანიშვილი არ აიძულა, ქვეყნიდან წავიდეს.
რომელი ქვეყნიდან უნდა წავიდეს ბიძინა ივანიშვილი, მისი აშენებული ქვეყნიდან, რომ აქ მეორე ფრონტი გაიხსნას და ყველაფერი დაინგრეს და გაცამტვერდეს?


_ ჩიტო-ჩიტო, ჩიორაო _ რაო, ბატონო მელაო? _ ერთი ბარტყი გადმომიგდე, თორემ შავ დღეს დაგაყენებო… _ ამ ჩიტ-ჩიორას მაგონებს დღეს საქართველოო, _ თქვა ამასწინათ ერთმა რესპონდენტმა ერთ-ერთ ტელევიზიაში.
ზუსტი შედარებაა _ საქართველო მართლაც ჰგავს იმ ჩიტ-ჩიორას, რომელსაც გამუდმებით სთხოვენ `ბარტყების~ გადმოგდებას.
ამჯერად ეს მუქარა კოლექტიური მაქარაშვილებისა და დიღმელაშვილების გაერთიანებული „ლაშქრის“ სახით არის წარმოდგენილი.
ახალ სახალხო მოძრაობად მონათლული ამ პროვოკაციის ორგანიზატორები ქართველო ხალხის სახელით სპეკულირებენ და ამ აშკარად საერთო-სახალხო დაკვეთად ასაღებენ, რაც სრული სიცრუე და ფარისევლობაა, რადგან ქართველი ხალხი კატეგორიულად ემიჯნება იმ ბოდვით იდეებს, რაც ამ აქციებზე გაჟღერდა.
სწორედ უმრავლესობაში მყოფი ქართველი ხალხის ხმას უნდა მიუგდონ ყური ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა, სწორედ ეს ქართველი ხალხი დაინახონ, პატივი სცენ მის ნებას და არა კოლექტიური მაქარაშვილები და დიღმელაშვილები გამოაცხადონ ქართველ ხალხად.


ორიოდე დღის წინათ ჩვენმა მკითხველმა, ერთმა უბრალო პატიოსანმა ქართველმა, დამირეკა და ასეთი რამ მითხრა:
_ ბიძინა ივანიშვილი მთელი თავისი ცხოვრებით ქართველი ხალხის გვერდით იდგა. მთავრობაც, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თავკაცობით, ქართველი ხალხის გვერდით დგას. ახლა ჩვენი, ანუ ქართველო ხალხის ჯერია…
ცამდე მართალია ეს ჩვენი მკითხველი _ ახლა მართლაც ქართველი ხალხის ჯერია. ” საერთო გაზეთის” რედაქტორი: ვახტანგ ხარჩილავა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება