fbpx

ვაქცინაზე უარის შემთხვევაში, მიზეზის დაფიქსირება წერილობით მოითხოვეთ – ჯანდაცვის უწყება განცხადებას ავრცელებს

„პერიოდულად, ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც ვაქცინაზე მისულ პირს ექიმი, გარკვეული მიზეზების გამო, უარს ეუბნება აცრაზე და ზოგიერთ საეჭვო შემთხვევებში, აღნიშნული უარი არ შეესაბამება არსებულ პროტოკოლს“, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მიმართავს მოსახლეობას, ვაქცინაზე უარის შემთხვევაში, მიზეზის დაფიქსირება მოითხოვოს წერილობითი ფორმით და აღნიშნული დოკუმენტი, ხელმოწერილ განცხადებასთან ერთად, გაგზავნოს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მეილზე [email protected]. განცხადების შეტანა ასევე შესაძლებელია ადგილზე, სამინისტროს მოქალაქეთა მისაღებში.

„განცხადების დაფიქსირების შემდეგ, რეგულირების სააგენტო შეისწავლის თუ რამდენად საფუძვლიანი იყო ექიმის გადაწყვეტილება და იყო თუ არა პაციენტის მდგომარეობა აცრის უკუჩვენება. შეგახსენებთ, არსებული პანდემიის პირობებიდან და ინფიცირების მაღალი მაჩვენებლიდან გამომდინარე ვაქცინაცია უალტერნატივოა და ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 484 254 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 425 651, გარდაიცვალა 6 436 პაციენტი.

შექმნილი მძიმე ეპიდვითარების გამო, დიღმის ოლიმპიური სოფლის ერთ-ერთ სპორტულ დარბაზში საველე ჰოსპიტალი ეწყობა.

სპეციალისტები აცხადებენ, რომ ჯანდაცვის სექტორი გადატვირთულია და საწოლების რაოდენობაც ამოწურვადია. ამიტომ მოსახლეობას სთხოვენ, ზედმიწევნით დაიცვან რეკომენდაციები და ჩაერთონ მასობრივ იმუნიზაციაში.

ქვეყანაში, ვაქცინაცია „ფაიზერით“, „სინოფარმით“, „სინოვაკითა“ და „ასტრაზენეკათია“ შესაძლებელი. ვაქცინაციისთის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ამ ელექტრონულ პორტალზე. სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ვაქცინაციის ხელშესაწყობად, საქართველოს მთავრობამ განკარგულება გამოსცა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება