fbpx

ეკა სეფაშვილი: სააკაშვილის გათავისუფლება გლობალური ომის პარტიის ინტერესშია – თუ დაინახავენ, რომ მას არეულობის რესურსი აქვს, ზურაბიშვილს შეაწყალებინებენ

„ნაცმოძრაობის“ პოლიტიკურად გასამართლების მოთხოვნას არჩევნების შემდეგ ვაპირებდით, თუმცა ვხედავთ, რომ სააკაშვილის გასათავისუფლებლად ხელმოწერები გროვდება და აღარც სალომე ზურაბიშვილი ამბობს გადაჭრით, რომ „არა და არასდროს“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

ეკა სეფაშვილმა „ხალხის ძალის“ ის წერილი განმარტა, სადაც „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური გასამართლების აუცილებლობის შესახებ არის საუბარი.

„ხალხის ძალამ“ ადრეც გამოვაქვეყნეთ წერილი, სადაც ვამბობდით, რომ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი უნდა გასამართლდეს და მათ პოლიტიკური ფასი უნდა გადაიხადონ იმ ყველაფრისთვის, რაც ჩაიდინეს.

ამავდროულად, აღვნიშნავდით, რომ წვრილ-წვრილი პარტიები, რომლებიც „ნაცმოძრაობას“ ვითომ გამოყოფილები არიან, სინამდვილეში ერთიანი „ნაცმოძრაობაა“ და ქართულ პოლიტიკაში აგრესიული დღის წესრიგი შემოაქვთ. რაც ყველაზე ცუდია, მათ, ყველას ერთად, უცხოური ძალები მართავენ. ამავდროულად, ფაქტობრივად, ქვეყანაში ოპოზიცია არ არსებობს, რომელიც საგნობრივ დისკუსიას დაიწყებს სამთავრობო პროგრამებთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, „ნაცმოძრაობამ“ პოლიტიკური ფასი უნდა გადაიხადოს.

„ნაცმოძრაობის“ პოლიტიკურად გასამართლების მოთხოვნას არჩევნების შემდეგ ვაპირებდით, თუმცა ვხედავთ, რომ სააკაშვილის გასათავისუფლებლად ხელმოწერები გროვდება და აღარც სალომე ზურაბიშვილი ამბობს გადაჭრით, რომ „არა და არასდროს“. ასევე, უკრაინის ხელისუფლებიდან გვესმის სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა, შესაბამისად, გამოვაქვეყნეთ წერილი, სადაც კიდევ ერთხელ მივუთითებთ, რომ სააკაშვილის გათავისუფლება გლობალური ომის პარტიის ინტერესშია. თუ ისინი დაინახავენ, რომ სააკაშვილს არეულობის რესურსი აქვს, ზურაბიშვილს მას გაათავისუფლებინებენ, თუ დაინახავენ, რომ რესურსი არ აქვს, ამას, ალბათ, აღარ მოინდომებენ“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება