fbpx

ეკა სეფაშვილი ოპოზიციაზე: მათ იციან, რომ გარდაუვალად წაგებული აქვთ არჩევნები და პროვოკაციების მოსაწყობად ემზადებიან

„მარტო არჩევნების შემდეგ კი არა, ოპოზიციაში უკვე მანამდე ცდილობენ პატარ-პატარა ნაღმების ჩადებას და პროვოკაციების მოწყობას, რომ შემდეგ ჰქონდეთ იმის საშუალება, თქვან – საარჩევნო პროცესი წარიმართა არალეგიტიმურადო,” – განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა ეკა სეფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას. სეფაშვილის თქმით, არჩევნების გაყალბების თემაზე საუბრები და მინიშნებები უკვე დაწყებულია. მანვე აღნიშნა, რომ ამის მცდელობა ოპოზიციას სხვადასხვა მიმართულებით ჰქონდა, იქნება ეს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე მითითება, თუ საერთაშორისო დამკვირვებლების მოწვევის თემა.

„არჩევნების შემდეგ კი არა, არჩევნების წელი საკმაოდ სახიფათოა იმ თვალსაზრისით, რომ პროვოკაციებს ჩვენ არჩევნებამდეც უნდა ველოდოთ. საუბრები, რომ არჩევნები გაყალბებულია, ამაზე მინიშნებები უკვე დაიწყო, მათ შორის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე, რაც არის სრული აბსურდი, იმიტომ, რომ სანამ პარლამენტში მოვხვდებოდი, ვიყავი საჯარო მოხელე და საჯარო მოხელეებს არჩევნების წინ ეგზავნებოდათ შემდეგი შინაარსის წერილი, რომ საჯარო მოხელეებს ეკრძალებათ საარჩევნო პროცესში მონაწილეობის მიღება. ნელ-ნელა ამაზე დაიწყეს საუბრები. ადამიანები, რომლებიც საჯარო მოხელეები არიან, სხვადასხვა პოლიტიკურ გაერთიანებებს ემხრობიან და სამსახურიდან თავისუფალ დროს მათ ნებისმიერი საქმიანობის უფლება აქვთ.

იგივე, იანვარში ატეხეს ერთი აჟიოტაჟი, როცა ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიით მოწვევა უნდოდათ ოპოზიციის სახელით. არადა, მათი მოწვევა ისედაც იყო გაწერილი ევროკავშირში გაწევრიანების 9 ნაბიჯის გეგმის ფარგლებში, გეგმურად – თებერვლის თვეში. თუმცა, ამბობენ, რომ მათი მოწვევა ოპოზიციის მოთხოვნის შემდეგ მოხდა, რაშიც არწმუნებენ მოსახლეობის მცირე, მაგრამ მაინც გარკვეულ ნაწილს, რომელსაც ამის უპირობოდ სჯერა. კიდევ ერთი მიმართულება – ჩვენ ვმუშაობთ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონზე და ამაზეც არის მცდელობა წარმოაჩინონ ის, როგორც „რუსული კანონი 2“. არ გამოუვათ, მაგრამ მცდელობა ამის არის.

მე იმის თქმა მინდა, რომ მარტო არჩევნების შემდეგ კი არა, უკვე მანამდე ცდილობენ პატარ-პატარა ნაღმების ჩადებას და პროვოკაციების მოწყობას, რომ შემდეგ ექნებათ იმის საშუალება, თქვან – საარჩევნო პროცესი წარიმართა არალეგიტიმურადო. მოსახლეობას და საზოგადოებას მოვუწოდებ, რომ არ წამოეგონ ოპოზიციის პროვოკაციებს. რა თქმა უნდა, არჩევნების შემდეგ დაიწყება ისევ დიდი აჟიოტაჟი, გაყალბების თემაზე. მათ იციან, რომ გარდაუვალად წაგებული აქვთ არჩევნები და პროვოკაციების მოწყობის საშიშროება დიდია,” – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება