fbpx

ეკა სეფაშვილი: კანონპროექტის წინააღმდეგ ინფორმაციული ომი კარგად იყო დაგეგმილი – ეს სტრატეგია ხაბესა და ჭიჭე ვაშაძის დაგეგმილი არ არის, ეს გაცილებით ჭკვიანმა ხალხმა დაგეგმა და გლობალურად, კოორდინირებულად განახორციელა

კანონპროექტის წინააღმდეგ ინფორმაციული ომი კარგად იყო დაგეგმილი იმ თვალსაზრისით, რომ ამ მითებით, რომელიც გავრცელდა, საზოგადოების ყველა ფენა მოიცვეს. ბლოგერებსაც კი შეეხნენ, რომლებიც საერთოდ არ არიან ამ კანონპროექტში ნახსენები; ცალკეულ პირებზე, მეცნიერებზე, ანუ იმ ხალხზე, რომლებსაც საზოგადოებაზე დიდი გავლენა აქვთ, სტუდენტებზე, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მომავალია – ყველაზე გავიდნენ. ეს სტრატეგია ხაბეს და ჭიჭე ვაშაძის დაგეგმილი არ არის, ეს გაცილებით ჭკვიანმა ხალხმა დაგეგმა და გლობალურად, კოორდინირებულად განახორციელა, – აცხადებს „ხალხის ძალის“ წევრი, ეკა სეფაშვილი.

მისი თქმით, კანონპროექტი დემოკრატიის პრინციპებისა და ევროპული რეკომენდაციების მიხედვით არის შედგენილი და ვენეციის კომისიაშია გაგზავნილი, რათა ადამიანის უფლებებთან მისი შესაბამისობა დადასტურდეს.

„სწორედ გლობალური კოორდინაციის თემა იყო დასავლეთიდან წამოსული ის ნეგატიური განცხადებები, რამაც ჩვენს საზოგადოებას აფიქრებინა, რომ აი, დასავლეთიც კი ასე საუბრობს და თქვენ საპირისპიროს როგორ ამტკიცებთო. ჩვენ, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, ზუსტად დასავლეთის ასეთი შფოთვების საპასუხოდ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მათსავე, ევროსაბჭოს ვენეციის კომისიაში ვაგზავნით, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში ძალიან ავტორიტეტული ორგანოა, რომ მათვე მოგვცენ დასკვნა – ეთანხმება თუ არა ეს ყველაფერი ადამიანის უფლებების დაცვას საქართველოში. და რა თქმა უნდა, პოლიტიკური გადაწყვეტილება არ უნდა მიიღონ და ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტიდან და იმ გამჭვირვალობის პრინციპიდან არ უნდა გავიდნენ, რომელსაც იქით გვიკიჟინებს ევროპა. ასოცირების შეთანხმებას რომ გადახედოთ (ასოცირების შეთანხმების მოლაპარაკების პროცესში მონაწილე ვიყავი), მთელი ასოცირების შეთანხმება წაკითხული მაქვს წერტილ-მძიმით, თავისი დირექტივებით, რომელთაგანაც თითქმის ყველას ლაიტმოტივად გასდევს გამჭვირვალობის თემა. ანუ, რაღაცას რომ გააკეთებ, რამე ევროპულ ინსტიტუციას დანერგავ თუ სხვა, ყველაზე წერია, რომ მათზე ინფორმაცია პროაქტიულად გამჭვირვალე უნდა იყოს. პროაქტიულად ნიშნავს იმას, რომ მე რომ მოგთხოვ, მაშინ კი არ მომცე ინფორმაცია, სანამ მოგთხოვ, მანამდე უნდა იყოს ადვილად ხელმისაწვდომი. ამას ემსახურება ჩვენი კანონპროექტიც. ამას ვეუბნებით ევროპასაც, რომ შენ ხომ ამას გვასწავლიდი, შენ ხომ ეს ჩაგვიწერე ასოცირებაში, მოდი და შენ შეაფასე ეს კანონპროექტი“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება