fbpx

ეკა სეფაშვილი: ირაკლი კობახიძე იყო ერთ-ერთი, ვინც ირაკლი ღარიბაშვილის სამთავრობო პროგრამა მოიწონა, ამიტომ, ახალ სამთავრობო პროგრამაში რადიკალურ განსხვავებებს, რასაც ოპოზიცია აანონსებს, არ უნდა ველოდოთ

„ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა მედიასთან ახალ სამთავრობო პროგრამაზე ისაუბრა.

ეკა სეფაშვილმა სამთავრობო პროგრამის შექმნისა და განხორციელების პრინციპები განმარტა და იქვე აღნიშნა, რომ წინა პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის სამთავრობო პროგრამა უმრავლესობის, მათ შორის, ამჟამინდელი პრემიერობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის მიერ იყო მხარდაჭერილი, შესაბამისად, ახალ სამთავრობო პროგრამაში რადიკალური ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.

„რა საკადრო ცვლილებებიც ვიხილეთ „ქართულ ოცნებაში“, ეს არის გადაადგილება გუნდის შიგნით, როტაციული პრინციპით, რაც კურსის ან პოლიტიკის ცვლილებას არ გულისხმობს. ერთადერთი ცვლილება, რაც შეიძლება იყოს, არის ის, რომ თუ იმ გეგმაში, რაც თავის დროზე დავამტკიცეთ ახალი პრემიერის წარდგენის დროს, საუბარი შეეხებოდა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე განაცხადის შეტანას 2024 წლისთვის, ახლა უკვე კანდიდატის სტატუსი გვაქვს (გარკვეული გარემოებების გამო დაჩქარებული წესით შევიტანეთ განაცხადი) და, შესაბამისად, ამ ახალი პრიზმიდან არის დანახული ყველა შემდგომი პროგრამა თუ ნაბიჯი.

სამთავრობო პროგრამაში, რომელიც თავის დროზე შეიქმნა, მონაწილეობდნენ მინისტრები, საჯარო მოხელეები და აქ არაფერი წერია ისეთი, რასაც საქართველო არ გეგმავს, ან რის განხორციელებასაც არ აპირებს. ოპოზიციიდან გაგვიგია ასეთი ნარატივი, რომ თითქოს ტყუილები წერია სამთავრობო გეგმაში და თითქოს მის განხორციელებას მთავრობა არ აპირებს. რეალურად, ასეთი ტიპის სამთავრობო გეგმის შექმნაში მონაწილეობა მიმიღია და პროცესი შემდეგნაირად მიდის: სამინისტროები წარადგენენ თავიანთ მოსაზრებებს ამა თუ იმ მიმართულებების შესახებ, შემდეგ კი პრემიერობის კანდიდატი განსაზღვრავს მათ შორის პრიორიტეტულ საკითხებსა და პოლიტიკას. ახლაც, მსგავსი ტიპის სამთავრობო პროგრამის შემუშავებასთან გვაქვს საქმე, რომელიც, თავისთავად, რადიკალურად განსხვავებული არ იქნება, რადგან ირაკლი ღარიბაშვილი იყო პრემიერი, რომელიც უმრავლესობამ აირჩია და ეთანხმებოდნენ იმ პრიორიტეტებსა და ნაბიჯებს, რაც მის მიერ იყო განსაზღვრული. ახალი პრემიერი, ირაკლი კობახიძე იყო ერთ-ერთი მათგანი, რომელმაც მოიწონა ის პროგრამა. შესაბამისად, რადიკალურ განსხვავებებს ახალ სამთავრობო პროგრამაში, როგორი მოლოდინის შექმნასაც ოპოზიცია ცდილობს საზოგადოებაში, რა თქმა უნდა, არ უნდა ველოდოთ“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება