fbpx

ევროკავშირის ჩართულობით გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ რომ რიონის ხეობიდან ბარიკადები უნდა აიღონ-ვარლამ გოლეთიანი

რიონის ხეობის მცველის” ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, ევროკავშირის ჩართულობით გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ რიონის ხეობიდან ბარიკადები უნდა აიღონ, საპოლიციო ძალები ტერიტორიიდან გავიდნენ და პროტესტის მონაწილეები თავდაპირველ ადგილზე დაბრუნდნენ.

როგორც გოლეთიანმა “ნამახვანჰესთან” დაკავშირებით ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკებების ცენტრის ჩართულობით გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული შეთანხმების პირობებს “ჯერ გადაწყვეტილების მიმღები პირები უნდა დათანხმდნენ” და პასუხი პარასკევამდე გააჟღერონ. გოლეთიანის თქმით, თუ ეს პირობები შესრულდება, შემდეგ გაგრძელდება მსჯელობა სხვა პირობებზე, მათ შორის ხეობაში სამუშაოების შეჩერებაზე.

“ორი პირობა გვქონდა, რომ აღებულიყო ბარიკადები და შეწყვეტილიყო სამუშაოები. ხანგრძლივი შეხვედრა იყო. ნაწილი ამ პირობებისა, შეთანხმდა. ვგულისხმობ ბარიკადების აღებას, საპოლიციო ძალების გასვლას და ჩვენი პროტესტის დაბრუნებას პროტესტის ადგილზე, სადაც აქამდე იყო. ასევე, ვგულისხმობ მონიტორინგს ხეობაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. როდესაც ჩვენ იქ გადავინაცვლებთ, საზოგადოებას ექნება სრული ინფორმაცია რა ხდება ხეობაში. ასევე დადგა დაკავებული ბიჭების, ჩვენი თანამებრძოლების საკითხი. პროკურატურის მისამართით იქნება მოწოდება, რომ უნდა იქნან გათავისუფლები ჩვენი თანამებრძოლები, მათ შორის სამინისტრომაც ჩაინიშნა ეს საკითხი. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია პოტენციური დაკავების საკითხი, რაზე გვაქვს ინფორმაცია. ამ ნაწილშიც დავაყენეთ საკითხი, რომ პოლიტიკურად მოტივირებული პროცესი უნდა შეწყდეს, რომ პროცესმა გადაინაცვლოს დიალოგის მშვიდობიან ფორმატში. ასევე შევთანხმდით, რომ თუ ეს პირობები რომელიც დადგა შემდეგ პარასკევამდე შესრულდება, ისევ შევიკრიბებით და დადგება შემდგომი პირობის განხილვის საკითხი, რაც გულისხმობს უშუალოდ ხეობაში მუშა პროცესის შეჩერებას. ჩვენ ველოდებით დეკლარირებულ პასუხს, რომ ბაროკადები უნდა იყოს აღებული და პოლიცია გაყვანილი. ჩვენ უნდა დავბრუნდეთ პროტესტის ადგილზე. მეორე ნაწილში, რაც გულისხმობს სამუშაოების შეჩერებას დავალოდებით შემდეგი პარასკევიდან.

ჩვენთან შეხვედრებზე არასდროს გადაწყვეტილების მიმღები პირები მეორე მხარეს არ არიან ხოლმე, დღესაც იგივე იყო. ბრძანდებოდნენ მინისტრის მოადგილეები, რომელთაც არ შეუძლიათ გადაჭრით გაგვცენ პასუხი კითხვებზე და სხვადასხვა პირობების შესრულებაზე. რასაც დათანხმდნენ, ესეც გასავლელია გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან და ამაზე პასუხი უნდა იყოს პარასკევამდე. თუ ეს შესრულდება, ვაგრძელებთ შემდგე პირობებზე მოლაპარაკებას”,- განაცხადა გოლეთიანმა.

რაც შეეხება ხელშეკრულების პირობებს, გოლეთიანის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე მისი შინაარსობრივი მხარე, მათ შორის მიწის 99 წლით გადაცემის ვადის შემცირება არ განუხილავთ.

“შინაარსობრივ მხარეზე გადავალთ, თუ მედიაციის პროცესი დაიწყება. იმისთვის, რომ ვიმსჯელოთ დეტალებზე საჭიროა პირობების შესრულება”,- განაცხადა გოლეთიანმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება