fbpx

ევროკავშირის საბჭომ თხოვნით მიმართა ევროკომისიას მოლდოვის რესპუბლიკისა და საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადების შესახებ წარადგინოს საკუთარი მოსაზრება

ევროკავშირის საბჭომ თხოვნით მიმართა ევროკომისიას მოლდოვის რესპუბლიკისა და საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადების შესახებ წარადგინოს საკუთარი მოსაზრება, – ამის შესახებ ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში რომელიც უკრაინაზე რუსეთის სამხედრო აგრესიის შესახებ ვერსალში სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურების შეხვედრის შემდეგ გავრცელდა.

ხუთპუნქტიან განცხადებაში ევროკავშირის ლიდერები აღიარებენ უკრაინის ევროპულ მისწრაფებებს და გმობენ რუსეთის სამხედრო აგრესიას.

„1. ორი კვირის წინ რუსეთმა ომი დააბრუნა ევროპაში. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი სამხედრო აგრესია უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალს, გაეროს წესდების პრინციპებს და ძირს უთხრის ევროპულ და გლობალურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. ეს ენით აუწერელ ტანჯვას აყენებს უკრაინის მოსახლეობას. რუსეთსა და მის თანამზრახველ ბელარუსს სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ამ აგრესიულ ომზე და პასუხისმგებელი პირები ანგარიშვალდებულნი იქნებიან ჩადენილი დანაშაულებისთვის, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობის და სამოქალაქო ობიექტების განურჩევლობისა და მიზანში ამოღებისთვის. ამ მხრივ მივესალმებით საერთაშორისო სისხლის სამართლის პროკურორის გადაწყვეტილებას გამოძიების დაწყების შესახებ. ჩვენ ვითხოვთ უკრაინის ატომური ობიექტების უსაფრთხოებისა და უვნებლობის დაუყოვნებლივ უზრუნველყოფას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დახმარებით. ჩვენ მოვითხოვთ, რომ რუსეთმა შეწყვიტოს სამხედრო ქმედება და დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაიყვანოს ყველა ძალა და სამხედრო ტექნიკა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან და სრული პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
2. ჩვენ ვაქებთ უკრაინელ ხალხს თავიანთი ქვეყნის, თავისუფლებისა და დემოკრატიის, ჩვენი საერთო ღირებულებების დაცვისას გამოვლენილი მამაცობისთვის. ჩვენ მათ მარტო არ დავტოვებთ. ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები გააგრძელებენ კოორდინირებულ პოლიტიკურ, ფინანსურ, მატერიალურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას. ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ დემოკრატიული უკრაინის აღდგენას, როგორც კი რუსეთის შემოტევა შეწყდება. ჩვენ მზად ვართ, კიდევ უფრო გავზარდოთ ჩვენი ზეწოლა რუსეთსა და ბელარუსზე. ჩვენ მივიღეთ მნიშვნელოვანი სანქციები მათ წინააღმდეგ და მზად ვართ, სწრაფად ვიმოქმედოთ შემდგომი სანქციების დაწესების მიმართულებით.
3. უკრაინის ომს უთვალავი ადამიანი გაურბის. უკრაინის ომის ყველა ლტოლვილს დროებით დაცვას ვთავაზობთ. ჩვენ ევროპულ ქვეყნებს – განსაკუთრებით უკრაინის მოსაზღვრე სახელმწიფოებს – ვუწონებთ საქციელს, რომლის ფარგლებშიც უდიდესი სოლიდარობა გამოავლინეს ომის უკრაინელი ლტოლვილების მიღებით. ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები გააგრძელებენ სოლიდარობის გამოხატვას და ჰუმანიტარულ, სამედიცინო და ფინანსურ დახმარებას გამოუყოფენ ყველა ლტოლვილსა და მათ მასპინძელ ქვეყნებს. ჩვენ ვითხოვთ, თანხები დაგვიანების გარეშე გახდეს ხელმისაწვდომი „ევროპაში ლტოლვილების ერთობის აქტის“ შემოთავაზებულ ფორმატში და „ევროკავშირის რეაგირების“ მექანიზმის ფარგლებში. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, სრულად შეასრულოს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ვალდებულებები. მან უნდა უზრუნველყოს უკრაინაში მსხვერპლთა და იძულებით გადაადგილებულ პირებთან უსაფრთხო და შეუფერხებელი ჰუმანიტარული წვდომა და უსაფრთხოდ გაატაროს ის მშვიდობიანი მოსახლეობა, ვისაც წასვლა სურს.
4. ევროპულმა საბჭომ აღიარა უკრაინის ევროპული მისწრაფებები და ევროპული არჩევანი, ისე, როგორც გაცხადებულია ასოცირების შეთანხმებაში. 2022 წლის 28 თებერვალს სუვერენული ბედის არჩევის უფლებით სარგებლობისას, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადი შემოიტანა ევროკავშირის წევრობაზე. ევროკავშირის საბჭომ სწრაფად იმოქმედა და ევროკომისიას თხოვნით მიმართა, ევროკავშირის სადამფუძნებლო შეთანხმების შესაბამისი დათქმების თანახმად, ამ განცხადებასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრების წარმოდგენის შესახებ. ხსენებულის მოლოდინში და დაყოვნების გარეშე, ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერებთ ჩვენს კავშირებს და გავაღრმავებთ პარტნიორობას უკრაინასთან, რათა მხარი დავუჭიროთ მას ევროპული კურსის გატარებაში. უკრაინა ჩვენს ევროპულ ოჯახს ეკუთვნის.
5. ევროკავშირის საბჭომ თხოვნით მიმართა ევროკომისიას მოლდოვის რესპუბლიკისა და საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადების შესახებ საკუთარი მოსაზრების წარმოდგენის შესახებ”, – აღნიშნულია ევროკავშირის ლიდერების ერთობლივ განცხადებაში.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება