fbpx

დიმიტრი ხუნდაძე: სანქციების გამო ქვეყნის ინტერესების დაცვაზე უარს არ ვაპირებთ – გვირჩევნია ვიყოთ დასანქცირებულები, ვიდრე ჩვენს მოქალაქეებსა და ახალგაზრდებს ომში მიწვევის შეტყობინებები მიუვიდეთ

„გამჭვირვალობის კანონი თავის ფაქტობრივ შედეგს ძალიან მალე დადებს და საქართველოს მოსახლეობას სულ ცოტა ხანში ეცოდინება ის, რასაც აქამდე უმალავდნენ, რითაც ქვეყნის დამორჩილებას ცდილობდნენ, დღემდე, უარგუმენტოდ, რუსულის ძახილით, ქვეყანას არყევდნენ და გამჭვირვალობის პროცესის შეჩერებას ცდილობდნენ.“ – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება სანქციების გამო ქვეყნის ინტერესების დაცვაზე უარს არ აპირებს. „მიუხედავად სახელმწიფო დეპარტამენტიდან ძლიერი ბიძგისა, რომ საზოგადოებას წაუკითხავად გაეპროტესტებინა საკუთარი სიკეთე, ოპოზიციამ თავის არასამთავრობოებთან ერთად დაკვეთა ვერ შეასრულა და მისმა ურეიტინგობამ და ტყუილმა, ქუჩაში დესტრუქციული მუხტი სწრაფად ჩაახშო. დასავლური კანონი რომ საქართველოში რუსულია, ამან საზოგადოებაში ფეხი ვერ მოიკიდა და ყველაფერს ნათელი სწრაფად მოეფინა. პროცესის გაჯანსაღებას ხელი შეუწყო თავად დასავლეთში გამჭვირვალობის შესახებ კანონის მოთხოვნის ზრდამ და ზოგიერთმა ქვეყანამ, ჩვენ შემდეგ დაწყებული საკანონმდებლო პროცესი ჩვენზე ადრე დაასრულა. ზოგი ინიცირების პროცესშია და ზოგი მის საჭიროებაზე ინტენსიურად ალაპარაკდა. საქართველოს პარლამენტმა მიუხედავად გაუგებარი ზეწოლისა, ქართული კანონი მყარი უმრავლესობით დაამტკიცა, ვეტოც დაძლია და გამჭვირვალობა შეუქცევად პროცესად აქცია. დესტრუქციულმა ოპოზიციამ და მისმა პატრონებმა თბილისის ცენტრში, „მაიდანის“ მოწყობა განიზრახეს და ამისათვის, გარდა გზავნილისა, თავად დასავლელი პოლიტიკოსები მოავლინეს და ანტისახელმწიფოებრივ მიტინგზე ანტისახელმწიფოებრივი მოწოდებები წარუდგინეს პოლიტიკურ უმცირესობას. სანახაობრივი სცენები და პერფორმანსები ძალადობის გაკეთილშობილების მიზნით; უმცირესობის ერის ხმად გასაღება; პოლიტიკოსების დევნა და მათ შვილებზე ნადირობა; ეკლესიასა და რწმენაზე თავდასხმა; ყველაფრის რუსულად მონათვლა და საპირისპირო აზრის მკვეთრად მიუღებლობა; ლგბტ პროპაგანდა და ფუნდამენტური ფასეულობების შეურაცხყოფა – ეს არის ბრძოლის ის ინსტრუმენტები, რა დავალებითაც დღეს საქართველოში აგენტურა მოქმედებს. რევოლუციის მესამე მცდელობაც კრახით დასრულდა. თბილისის ქუჩებში საზოგადოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ საკუთარი განწყობა და რაოდენობაც დაანახა ქვეყნის შიგნით ოპოზიციას და ქვეყნის გარეთ – მათ პატრონებს. ხელისუფლებისა და საზოგადოების ერთობა ქვეყნის ინტერესებს ვერ ჩამოაშორეს. თუმცა, სულ რამდენიმე დღის წინ ბაიდენმა და მაკრონმა ისევ მოგვიწოდეს, რომ საზოგადოების იმ მცირე ნაწილს და მათ სურვილებს ვუსმინოთ, რომელიც გაუმჭვირვალობას ანიჭებს უპირატესობას. არადა, ისინი სწორედ იმ ქვეყნების ლიდერები არიან, სადაც გამჭვირვალობის კანონი ერთ-ერთი ყველაზე მკაცრია – აშშ-ში რამდენიმე ათეული წელია მოქმედებს, ხოლო საფრანგეთში უმრავლესობით სულ ახლახან მიიღეს. საზოგადოების ხმა რომ ლიდერებს თავად არ ესმით, ეს ევროპარლამენტის არჩევნებშიც დადასტურდა. მაკრონის პარტიამ არჩევნებში საზოგადოების მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. ევროპელი ხალხის განწყობა აისახა და ფსევდოლიბერალური ძალები ბევრ ქვეყანაში დამარცხდნენ. ჩვენმა პარტნიორებმა აქამდე დაშვებულ შეცდომებს კიდევ ერთი, უფრო უხეში შეცდომა დაუმატეს და დეპუტატები და სამართალდამცავები დაასანქცირეს. თუმცა, სიას არ აქვეყნებენ. კანონის მიღებისთვის, რომ კანონმდებლებს ასანცქირებენ, ეს, სულ ცოტა, არადემოკრატიულია და თანაც, სახელმწიფოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევაა. როდესაც პოლიციის ცოცხლად დაწვის მცდელობისთვის მსჯავრდადებულ გრიგორიადისს პრეზიდენტს შეაწყალებინებენ, ამით ძალადობას ახალისებენ და როცა სამართალდამცავებს წესრიგის დაცვისთვის ასანქცირებენ, ეს დაუსჯელობას უწყობს ხელს, რაც, არა მხოლოდ დაუშვებელია, არამედ, სახიფათოცაა. თან ამას იმ დესტრუქციული ოპოზიციის სასარგებლოდ აკეთებენ, რომელმაც საზოგადოებას ძალადობრივი წარსულით დაამახსოვრა თავი და რომელიც დღესაც აგრძელებს ძალადობას საკუთარ ხალხსა და ქვეყანაზე. ნაცმოძრაობა პირდაპირ ქუჩაში ხვრეტდა ახალგაზრდებს. არბევდა მიტინგებს, პირდაპირ ეთერში ახშობდა თავისუფალ მედიას; დეპუტატებს პირდაპირ ქუჩაში, სასიკვდილოდ სცემდნენ, ბიზნეს ატერორებდნენ და ა.შ. იმ დროს პარტნიორებისგან წუხილიც კი არ ისმოდა, არათუ – სანქციები. ძალადობრივი ხელისუფლების ლიდერი დღეს უკან დაგვიბრუნეს, რომელიც ხელისუფლების ალტერნატივად „ვივამდიშია“ წამოგორებული. ეს არის სწორედ ის სახიფათო, ორმაგი სტანდარტი, როცა მკვლელობისა და წამებისთვის მაშინ შეშფოთებული განცხადებებიც არ ისმოდა, ხოლო დღეს კანონის მიღებისათვის კანონმდებლებს ასანქციერებენ. სწორედ ამიტომ არის, რომ საზოგადოება სრულიად დამსახურებულად და სამართლიანად თავის სიტყვას ამბობს საქართველოშიც და თავისი სიტყვა თქვა ევროპაშიც. ჩვენ კი სანქციების გამო ქვეყნის ინტერესების დაცვაზე უარს არ ვაპირებთ. და კიდევ ერთხელ ვიმეორებთ – გვირჩევნია ვიყოთ დასანქცირებულები, ვიდრე ჩვენს მოქალაქეებსა და ახალგაზრდებს ომში მიწვევის შეტყობინებები მიუვიდეთ.“- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება