დემოკრატიების ალიანსის ფონდის უახლესი ყოველწლიური ანგარიშის, “დემოკრატიის აღქმის ინდექსის” მიხედვით, ქართველების უმრავლესობა დემოკრატიას, მშვიდობიანი და სამართლიანი საზოგადოების მშენებლობაზე ან თავისუფალ არჩევნებზე უფრო მეტად, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას უკავშირებს.
კვლევა ასევე მზარდ შფოთვაზე მიუთითებს: საქართველო უცხო ქვეყნის მხრიდან შესაძლო სამხედრო თავდასხმაზე ყველაზე მეტად შეშფოთებულ ქვეყნებს შორისაა.
დემოკრატიის შესახებ აღქმების ყველაზე მასშტაბურ კვლევაში, გამოკითხულ ქართველ რესპონდენტთა 86%-მა განაცხადა, რომ ქვეყანაში დემოკრატიის არსებობა მათთვის “ძალიან” ან “უაღრესად” მნიშვნელოვანი იყო. ამ საკითხზე გამოკვეთილად მაღალი მაჩვენებლით, საბერძნეთთან, თურქეთთან, ურუგვაისა და უნგრეთთან ერთად, საქართველო მსოფლიო ხუთეულშია.
პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის, დემოკრატიის მნიშვნელობაზე დაბალი წარმოდგენით გამორჩეული ბელარუსი გამოდგა (რესპონდენტთა 52%).
ფონდის დაკვეთით, 100 ქვეყანაში ჩატარებული გამოკითხვის ფარგლებში, კვლევითი ორგანიზაცია Nira Data ასევე დაინტერესდა, თუ რა მიაჩნდათ ადამიანებს დემოკრატიის დანიშნულებად.
ქართველი რესპონდენტების უმრავლესობის აღქმით, დემოკრატიული მმართველობის დანიშნულება ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და კეთილდღეობის მიღწევაა. ამაზე აქცენტით, საქართველო ყველაზე დიდ, 52-ქვეყნიან ჯგუფში აღმოჩნდა.მსოფლიო სურათის შეჯამებისას, კვლევაში აღნიშნულია, რომ ქვეყნების უმრავლესობაში “მოქალაქეები განსაკუთრებით უკმაყოფილონი არიან მთავრობის საქმიანობით ცხოვრების ხარჯებთან, სიღარიბის შემცირებასა და ხელმისაწვდომ საცხოვრებელთან დაკავშირებით — საკითხებით, რომლებიც უშუალოდ გავლენას ახდენს მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე”.
დემოკრატიის დანიშნულების ინტერპრეტირებისას, დანარჩენი ქვეყნების რესპონდენტების პრიორიტეტები “თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობაზე” (19 ქვეყანა), “ინდივიდუალური უფლებების და თავისუფლებების დაცულობაზე” (16 ქვეყანა) ან “სამართლიანი და მშვიდობიანი საზოგადოების ხელშეწყობაზე” (13 ქვეყანა) გადანაწილდა.