fbpx

დავით ქართველიშვილი პრემიერის ბრიუსელში ვიზიტზე: არც ერთი შეხვედრა ცალ ფეხზე დგომით, არც ერთი განცხადება ქვეყნის სუვერენიტეტის თუ ღირსების დამაკნინებელ თემებზე და მიუხედავად ამისა, ჩვენი სტაჟიანი იდიოტების მოსკოვის სასარგებლო ბანაკში, ამას “რუსული ვიზიტის” სარჩულს მიაკერებენ

“ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ბრიუსელში ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ქართველიშვილი პარალელს ავლებს 20 წლის წინ, მიხეილ სააკაშვილის მიერ რუსეთში განხორციელებულ პირველ ვიზიტთან და აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში, ირაკლი კობახიძის მიერ ბრიუსელში ვიზიტს არ დაუზიანებია საქართველოს სუვერენიტეტი და ღირსება.

“დღეს ალექსანდრე დიუმას ნაწარმოები – “ოცი წლის შემდეგ” გამახსენდა. ზუსტად 20 წლის წინ თებერვალში თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტი განახორციელა “პრო-დასავლელმა” სააკაშვილმა მოსკოვში. საკმაოდ ფართო პროტოკოლით იყო ჩასული: МГИМО-ში რუსეთის საგარეო დაზვერვის მომავალ თანამშრომლებს საჯარო ლექცია წაუკითხა, ალბათ დასავლური ფასეულობების უპირატესობაზე რუსეთის ტოტალიტარიზმზე. მერე გასაიდუმლოებული შეხვედრა ჰქონდა ФСБ-ს დირექტორ ნიკოლოზ პატრუშევთან, ალბათ “კა-გე-ბე”-შნიკური წარსულით მისი შერცხვენის მიზნით. შემდეგ რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი ივანოვს მოელაპარაკა – სექტემბრიდან მისი გენშტაბის აკადემიის ბაზაზე ქართველი ოფიცრების გადამზადების თაობაზე და თბილისში გამგზავრების წინ, პუტინი მოიპატიჟა გვიან შემოდგომაზე გუდაურში – სათხილამურო სეზონის გახსნაზე. ხოლო საქართველოში დაბრუნებისთანავე, უშიშროების ეროვნული აკადემია გააუქმა – როგორც რუსებისთვის უხერხული კადრების გამომშვები “ალმა-მატერი”.
გადის 20 წელი. თავის პირველ ოფიციალურ ვიზიტს ახორციელებს საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი, “რუსული ოცნების” ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. ვიზიტი – არა მოსკოვში, არამედ ბრიუსელში. შეხვედრები – იენს სტოლტენბერგთან, შარლ მიშელთან, ჯოზეფ ბორელთან, ოლივერ ვარჰეისთან, რობერტა მეცოლასთან. არც ერთი შეხვედრა ცალ ფეხზე დგომით, არც ერთი განცხადება ქვეყნის სუვერენიტეტისა თუ ღირსების დამაკნინებელ თემებზე. კრემლისთვის სიამოვნების მიმნიჭებელი არც ერთი ნაბიჯი, სიტყვა თუ ქმედება. და მიუხედავად ამისა, ჩვენი მოსკოვის სტაჟიანი სასარგებლო იდიოტების ბანაკში, ამას რა თქმა უნდა “რუსული ვიზიტის” სარჩულს მიაკერებენ. ის, 2004 წლის თებერვლის ვიზიტი, ხომ უფრო “პროდასავლური” იყო.
ერთობლივ შემაჯამებელ ბრიფინგზე, ირაკლი კობახიძემ, ჟოზეფ ბორელმა და ოლივერ ვარჰეიმ ისაუბრეს საერთო ფასეულობების ირგვლივ ასაწყობ უსაფრთხოების სისტემაზე. ბორელმა მოგვიწოდა თავი შევიკავოთ “ანტიდასავლურ” რიტორიკაზე და ძირითადი ყურადღება დავუთმოთ კითხვების გარეშე ჩასატარებელ საპარლამენტო არჩევნებზე – რასაც აუცილებლად გავითვალისწინებთ, ოღონდ ამ საკითხების ირგვლივ დამატებითი სპეკულირების გარეშე.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს წინსვლაზე ევროინტეგრაციის გზაზე და სამოქმედო “საგზაო რუკაზე” წარმატებულ მუშაობაზე, იმედი გამოთქვა, რომ შემდგომი ეტაპის დასაწყისი ევროკავშირის მხრიდან ჩვენი ქვეყნის მიმართ არ დააყოვნებს და ამავდროულად: ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა, მშვიდობის შენარჩუნება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა – დარჩება საქართველოსთვის ძირითად პრიორიტეტებად ჩვენი ევროინტეგრაციის გზაზე.
ევროკომისარ ვარჰეის აზრით, საქართველოს მიერ განვითარების ტემპის დაჩქარების შემთხვევაში, ევროკავშირისკენ მიმავალი მიმართულებით შემდეგ ეტაპზე გადასვლა იმაზე სწრაფად მოხდება, ვიდრე ეს ვინმეს წარმოედგინა. ამ პროცესის დამაჩქარებელი კატალიზატორის როლს ითამაშებს საინვესტიციო პროცესების მასტიმულირებელი სოლიდური ფინანსური პაკეტი, რომელიც აქამდე განვითარებულ და მომავალში განსავითარებელ საერთაშორისო პროექტებს წაახალისებს, მათ შორის ქართველების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით.
ახლა კი რიტორიკული შეკითხვა: ქვეყანაში არსებული პოლიტიკური რუსოფილებისა და ევროსკეპტიკოსთა საკმაო რაოდენობის მიუხედავად, რომელი ვიზიტი ემსახურებოდა რეალურად კრემლისა თუ ქვეყნის ინტერესებს – 2004-ის თუ 2024 წლის?” – წერს დავით ქართველიშვილი Facebook-ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება