fbpx

გურამ მაჭარაშვილი სასამართლო რეფორმის ოპოზიციურ ვერსიაზე: შენს სუვერენიტეტს გილახავენ იმით, რომ ხელისუფლების მესამე შტო – მართლმსაჯულება, პრაქტიკულად მიაქვს უცხო ქვეყნის წარმომადგენლობას საელჩოების მეშვეობით

„როდესაც ქვეყნის მოქალაქე არ არის სწორად ინფორმირებული, ის ადვილად ექვემდებარება სხვა ქვეყნიდან წამოსულ დეზინფორმაციას, იმიტომ, რომ მას ამის საწინააღმდეგო იარაღი არ აქვს და მორალურად ვერ დგება შენს მხარეს,“ – განაცხადა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა კომენტარი გააკეთა ოპოზიციის მიერ შემოთავაზებულ სასამართლოს რეფორმის ფორმაზე. გურამ მაჭარაშვილის თქმით, ეს გეგმა თავისი შინაარსით კოლონიალურია და ის სახელმწიფოს სუვერენიტეტის შესუსტებისკენაა მიმართული.

„როგორც იქნა, გუშინ, ამდენი მოთხოვნის შემდეგ თქვეს რა არის ის კონკრეტული მოთხოვნა, რასაც სასამართლო რეფორმაში გულისხმობენ – მოსამართლეები უნდა შეამოწმონ და დანიშნონ უცხო ქვეყნის წარმომადგენლებმა საელჩოების მეშვეობით. ამას გულისხმობენ სასამართლო რეფორმაში, რაც პირდაპირ ითარგმნება სახალხო ენაზე ამგვარად – შენს სუვერენიტეტს გილახავენ იმით, რომ ხელისუფლების მესამე შტო, მართლმსაჯულება, პრაქტიკულად მიაქვს უცხო ქვეყნის წარმომადგენლობას. ამით, ფაქტობრივად ხელში ჩაიგდებენ ხელისუფლებას. ეს, სამწუხაროდ, გააკეთეს უკრაინაში და არაერთ სხვა ქვეყანაში. ეს არის აპრობირებული მეთოდი და ამას რით აღწევენ? ამ მიმართულებით ნომერი პირველი იარაღი არის დეზინფორმაცია.

სად არის აქ დეზინფორმაცია – გუშინ და დღეს გამოვიდნენ და ამბობენ, რომ თურმე ის კოლონიალური დამოკიდებულება, რომ სხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა დაგინიშნოს მოსამართლეები და აკონტროლონ შენი მესამე ხელისუფლება, არის დემოკრატია და ევროპული ნაწილი. ამას ასაღებენ ისე, რომ თუ ჩვენ არ დავთანხმდით შემოთავაზებას, თურმე ჩვენ ვართ რუსეთუმეები და ანტიდემოკრატები და ისინი არიან საქართველოს სუვერენიტეტის დამცველები. სწორედ ეს არის დეზინფორმაცია.

ამას ვამბობთ ჩვენ, „ხალხის ძალა“, რომ აუცილებელია ამ დეზინფორმაციას ვებრძოლოთ. სხვა შემთხვევაში, რომ არა ჩვენი ეს პოლიტიკა, რომელშიც შემდეგ მთელი სახელისუფლებო შტო ჩაერთო, დღეს ასე ვერ ვიქნებოდით. დეზინფორმაციამ მოიტანა, სამწუხაროდ ის, რაც ხდება უკრაინაში და სხვა ქვეყნებში – გადატრიალებები, რევოლუციები და ა.შ.

როდესაც ქვეყნის მოქალაქე არ არის სწორად ინფორმირებული, ის ადვილად ექვემდებარება სხვა ქვეყნიდან წამოსულ დეზინფორმაციას, იმიტომ, რომ მას ამის საწინააღმდეგო იარაღი არ აქვს და მორალურად ვერ დგება შენს მხარეს. აი, ამას ვამბობდით მაშინ როცა გამჭვირვალობის კანონპროექტი დავაინიცირეთ და შემდეგ მას მხარი „ქართულმა ოცნებამ“ დაუჭირა. გამოჩნდა, რომ ჩვენს მიერ ინიცირებული კანონი კარგი ყოფილა და ჯერ კანადაში მიიღეს, მერე ევროკავშირში. აღმოჩნდა, რომ კანონი ინგლისურად „ლაპარაკობს“ და ის კარგია, მაგრამ საქართველოში რომ შემოდის, თურმე მერე ხდება რუსული, ამათი გაგებით. მაგრამ მთავარი ის არის, რომ მარტის შემდეგ ამათ ვერ მოახერხეს ვერანაირი რადიკალური აქციის გამართვა, იმიტომ, რომ საზოგადოებამ კარგად დაინახა, რომ ჩვენ ვიყავით მართლები,“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ისაუბრა კიდევ ერთ საკითხზე, სადაც გამოიკვეთა კოლონიალური დამოკიდებულება. „შარშან, მარტის აქციების დროს ამერიკის მაშინდელმა ელჩმა, სამწუხაროდ თქვა, რომ არათუ კანონი არ მიიღოთ, არამედ განხილვაც არ გაბედოთო. რომ გეუბნება სხვა ქვეყნის წარმომადგენელი, რომ ოთხგვერდიანი კანონი არ წაიკითხო, შენ უნდა დაუჯერო მას და თუ ასე არ მოიქცევი, თურმე ეს არის ანტიევროპული. თუ ამ დეზინფორმაციას სწორი ინფორმაცია არ შეაშველე და არ მიაწოდე ის საზოგადოებას, ის ხდება მსხვერპლი და გვიანი იქნება მორალურად დადგეს შენს მხარეს. პრაქტიკულად, რჩები წაგებული. მაგრამ აქ ხელისუფლების წაგებაზე კი არ არის საქმე, სახელმწიფო რჩება წაგებული, იმიტომ, რომ შემოდის სხვა სახელმწიფო და ის მართავს თავისი წარმომადგენლებით პროცესს. ინფორმირებული მოქალაქე არის ყველაზე შეიარაღებული რესურსი სახელმწიფოსთვის,“- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება