გორდულაძე 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში გამართულ ძალადობრივ აქციებზე: რუსთაველზე დაზიანებული მუნიციპალური და კერძო ქონება ბარიკადებისთვის გამოიყენეს და ნივთებს ცეცხლი წაუკიდეს, 2 დეკემბრის მდგომარეობით, შსს აქციებზე 113 თანამშრომლის დაშავების შესახებ აცხადებდა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში გამართული ძალადობრივი აქციები გაიხსენა და ისაუბრა აქციის მონაწილეთა მხრიდან გამოვლენილ ძალადობაზე, რომლის ვიდეო და სხვა სახის მტკიცებულებებიც, მისივე განცხადებით მრავლად არსებობს.

გორდულაძის თქმით, პარლამენტის კედელზე ელექტროგაყვანილობისთვის ცეცხლის წაკიდება, დამცავ ჯებირებზე საგნების დარტყმა და პოლიციის მიმართულებით პიროტექნიკისა და სხვადასხვა საგნის სროლა, რის შედეგადაც 113 სამართალდამცავი დაშავდა, შსს-ს მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციითაც დასტურდება.

“2024 წლის ნოემბერში პარლამენტთან საპროტესტო შეკრებები არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით მიმდინარეობდა. 25 ნოემბრის აქცია ახალი მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას უკავშირდებოდა. 28 ნოემბერს პროტესტის ახალი ეტაპი დაიწყო. იმავე საღამოს მოქალაქეები პარლამენტთან შეიკრიბნენ, მაშინ, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ხელისუფლება 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებდა ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს. ამასთანავე, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ფაქტობრივი შეჩერება უკვე 2024 წლის ივნისში იყო ასახული ევროპული საბჭოს შეფასებაში. ამ გარემოებაზე მიუთითებს პაველ ჰერჩინსკის 2025 წლის 5 ნოემბრით დათარიღებული, მედიაში გამოქვეყნებული წერილიც, რომელიც ახსენებს „2024 წლის 27 ივნისის ევროპული საბჭოს დასკვნებს“ და „საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ფაქტობრივ შეჩერებას“. შესაბამისად, პროცესის ფაქტობრივი შეჩერება წინ უსწრებდა პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადებას.

29 ნოემბრიდან დაფიქსირდა პოლიციასთან დაპირისპირებისა და ქონების დაზიანების კონკრეტული ეპიზოდები. მოყვანილია თითოეული მოვლენა, ვიდეო, ინფორმაცია, თუ რა ხდებოდა ამ დღეებში.
30 ნოემბრისა და დეკემბრის დასაწყისის მოვლენებზე შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყებოდა პარლამენტის ფანჯრების ჩამსხვრევის, შენობაში ცეცხლმოკიდებული ნივთების სროლისა და ხანძრის გაჩენის, ჭიშკრისა და დამცავი ჯებირების დაზიანების შესახებ. სამინისტროს ცნობით, რუსთაველზე დაზიანებული მუნიციპალური და კერძო ქონება ბარიკადებისთვის გამოიყენეს და ნივთებს ცეცხლი წაუკიდეს. 2 დეკემბრის მდგომარეობით, შსს ბოლო დღეების აქციებზე 113 თანამშრომლის დაშავების შესახებ აცხადებდა.

ცალკე დაფიქსირდა მედიის წარმომადგენლის დაზიანების ეპიზოდიც: 4 დეკემბერს პირველმა არხმა გამოაქვეყნა ვიდეო და განაცხადა, რომ მის ოპერატორ ბესო გაფრინდაშვილს აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ პიროტექნიკა დამიზნებით ესროლა პირდაპირ ეთერში და არაერთი მტკიცებულებაა ამ ძალადობის ამსახველი, რომელიც წარმოდგენილი არის.
2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში გამართულ ძალადობრივ აქციებთან დაკავშირებით გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილია 33 პირის მიმართ, შემდეგი მუხლებით: 226-ე მუხლი – ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ან მასში აქტიური მონაწილეობა – 19 პირი, 353¹ მუხლის პირველი ნაწილი — პოლიციელზე თავდასხმა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით – 6 პირი, წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ – 1 პირი , ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება – 1 პირი, ნივთის დაზიანება ან განადგურება დამამძიმებელ გარემოებებში – 4 პირი, ნივთის დაზიანება ან განადგურება – 1 პირი, აფეთქების მომზადება – 1 პირი. საერთო ჯამში 33 პირი, როგორც მოგახსენეთ,” – განაცხადა გორდულაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება