fbpx

გოგის ისე უყვარდა სიცოცხლე რომ ძილისთვის დროს ვეღარ იმეტებდა-თემურ ჭკუასელი

,,ქართული ხმების,,წევრი თემურ ჭკუასელი მომღერალ გოგი დოლიძეს იხსენებს-

გამოღვიძება სიმღერით -იმ ერთი ქართული გამოცანისა არ იყოს, მიდის-მოდის იქავე დგასო, მეც ასე მივდი-მოვდივარ, ხან სად ამოვყოფ თავს და ხან სად, ნაცარქექიასავით ხან ალთას ვქექავ წარსულს და ხან ბალთას მაგრამ ბოლოს ყველგან მაინც გოგი დოლიძე მესახება თვალწინ. სხვანაირად არც შეიძლება ალბათ, რადგან, დაგეშილი მეძებარივით რომ ვეძებ გარდასულ დროთა შთამბეჭდავ დღეებს, იმ დღეებში ხომ უმეტეს წილად მისი ლამაზი ნაფეხურებია.

იყო დრო, უცხოეთში ყოფნისას სასტუმროების ნომრებში ერთად გვიწევდა ხოლმე ყოფნა და სატელეფონო ცნობარების სქელ ტომებში ერთი ქართული გვარის ძებნაში ღამეებს ვათენებდით მონაცვლეობით.საქმე ისაა რომ მამაჩემს, მიუხედავად იმისა რომ ატომური ფიზიკის ლაბირინთებში ძირფესვიანად იყო ჩაკარგული და მიუხედავად იმისა რომ დიდი მეცნიერ-ექსპერიმენტატორის სახელი ჰქონდა უკვე მოპოვებული, ხშირად მაინც ქვეცნობიერისაკენ უყვარდა გახედვა. ერთ ჭარმაგ ბერძენ მარჩიელ ქალბატონთან მეგობრობდა სოხუმში.

დროს მოიხელთებდა თუ არა, მაშინვე მასთან გარბოდა ფინჯანი ყავის დასალევად და მერე სიამოვნებით უსმენდა იმ ქალბატონის მიკიბულ-მოკიბულ წინასწარმეტყველებას.სწორედ იმ ქალბატონმა უთხრა ერთ-ერთი სეანსის დროს, ახლობელი ადამიანი, ოჯახის წევრი გყავთ დაკარგული. ოჯახში ყველა ფიქრობთ რომ ცოცხალი აღარაა მაგრამ ცდებითო. ცოცხალია, ოჯახიც ჰყავს და სადღაც უცხოეთში ცხოვრობსო. სამწუხაროდ, პირადად თქვენ ვერასოდეს შეხვდებით მაგრამ თქვენი შვილი აუცილებლად შეხვდებაო. ასეთი დაკარგული ახლობელი მამას მართლა ჰყავდა. უფროსი ძმა, ჭიჭიკო. ორმოცდაერთში, როგორც ბევრი სხვაც, ისიც გადავიდა ეზოდან და მორჩა, აღარც თვითონ დაბრუნებულა და აღარც რაიმე ინფორმაცია მის შესახებ. უკვალოდ გაქრა მოკლედ. ერთადერთი რაც ვიცოდით, ისიც ფრონტიდან მისივე გამოგზავნილი წერილით, ის იყო რომ ბოლოს სადღაც კიევის მისადგომებთან იბრძოდა.ჰოდა იმ ბერძენი მარჩიელის ამ მოულოდნელმა ნათქვამმა მამაჩემიც და მეც გვარიანად აგვაფორიაქა. მამაჩემს, ჩემ გარდა ორი შვილი კიდევ ჰყავდა, ჩემი უფროსი დები მაგრამ აქცენტი რატომღაც თავიდანვე ჩემზე გაკეთდა, ანუ ბიძაჩემს მე უნდა გადავყროდი სადმე .თავიდან, ცოტა არ იყოს აბსურდათ კი მეჩვენებოდა ეგ ვარაუდი. იმ დროს ხომ ჩემთვის უცხოეთში ცხვირის გაყოფის არანაირი პერსპექტივა არ არსებობდა. თუმცა, დრო გადიოდა და მოულოდნელად ქართულმა სიმღერამ შეანგრია მანამდე მკვიდრად ჩარაზული უცხოეთის კარიბჭე და პირველივე გასვლაზე საფრანგეთში მოვხვდით ერთი თვით მე და გოგი. ქალაქიდან ქალაქში გადავდიოდით და როგორც უკვე გითხარით, ღამეებს ვათენებდით სატელეფონო ნომრების ცნობარების ფურცვლაში. ბიძაძემის კვალს ვეძებდით და გოგი უბრალოდ მითანაგრძნობდა და მეხმარებოდა. იმ მკვიდრი ბიძის კვალს ვეძებდი რომელიც არასოდეს მენახა. მე რომ ამ ქვეყანას მოვევლინე ის უკვე სამი წლის წასული იყო ომში. არც იცოდა ალბათ ძმიშვილი რომ ჰყავდა. რამდენჯერ იმაზეც მიფიქრია, თუ სადმე გადავეყარე ნეტა რა განცდა დამეუფლება-მეთქი. საფრანგეთში წამოწყებული საქმე სხვა ქვეყნებშიც გავაგრძელეთ მერე. ემიგრანტებს სადაც გადავაწყდებოდით, არც იმათი გამოკითხვა გვავიწყდებოდა მაგრამ ბიძაჩემის კვალს ვერსად მივაგენით.

ბოლოს ბატონმა ვიქტორ ხომერიკმა, ჩვენმა საყვარელმა ვიქტორ ბიძიამ გამოუტანა ამ საქმეს საბოლოო ვერდიქტი. პარიზში მორიგი ყოფნის დროს მითხრა, არ მინდა იმედი გადაგიწურო მაგრამ ბიძაშენი რომ ცოცხალი იყოს და დედამიწის ზურგზე სადმე მართლა რომ ცხოვრობდეს, მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში, მე მისი სახელი უეჭველად გაგებული მექნებოდაო. არ გამართლდა ბერძენი მარჩიელის სიტყვები, ჩემი ენთუზიაზმიც თანდათან ჩაქრა და ჩაინავლა. მეც მოვისვენე და გოგიმაც. ამ საქმეს კი დავანებეთ თავი მაგრამ სიმღერისა და ტელევიზიაში ერთად მუშაობის კვალდაკვალ იმდენი საქმე და იმდენ ვინმეზე მოულოდნელი საზრუნავი გამოგვიჩნდებოდა ხოლმე გოგის და მე რომ ახლა, როცა იმდროიდელ ამბებს ვიხსენებ, ალალად მიკვირს ან როგორ ვასწრებდით ყველაფერს და ან რა ენერგია გვყოფნიდა. იმდენი ადამიანი გვაკითხავდა ხოლმე ზოგი საღი და ზოგიც ყოვლად უაზრო თხოვნით რომ მეც მაგრამ განსაკუთრებით გოგი მუდამ ვიღაცის დასახმარებლად იყო მომართული. ერთხელ ქობულეთიდან ბათუმში მივდივართ ერთი იქაური მეგობრის მანქანით. შეგვიჩნდა გზაში ის მეგობარი, ამდენი და ამდენი ტონა ჯართი ჩამივარდა ხელში, მყიდველიც ნაპოვნი მყავს მარა, პირობა დამიდო, თურქეთში შენ უნდა გადმოიტანოო. საბაჟოზე კი ვიცი გამატყავებენ. იმდენს ამახევენ რომ ჩიტი ბრდღვნად აღარ ღირსო. ჰოდა, მაინც ბათუმში მივალთ, მიდით შენ და გოგია ასლანთან და თხოვეთ, თქვენია ვითომ მაი ჯართი, „ქართული ხმების”, ვიცი მე ასლან აბაშიძის ხასიათი, თქვენ ისე უყვარხართ კაპიკს არ გამოგართმევენო.ცხადია ორივემ ერთხმად ვუთხარით უარი. რა ჯართი, რის ჯართი. სად სიმღერა და სად რკინა და უბედურება. თანაც გოგიზე ვერაფერს გეტყვი მაგრამ მე ასლან აბაშიძეს საერთოდ არ ვიცნობ-მეთქი. ტელევიზორის ეკრანს თუ არ ჩავთვლით, თვალითაც არ მინახავს-მეთქი, ვეუბნები. გოგიმ, მე კი ვიცნობ მარა მაგას ვერ ვეტყვიო, გამორიცხულია ჯართზე დაველაპარაკოო. გამაგიჟებთ თქვენ, მისი ცნობა თქვენ რად გინდათ, აქეთ გიცნობთ ორივეს დღედაღამე ტელევიზორში ხართო. თქვენ რას კარგავთ, მიდით და თხოვეთ, თუ გამოვა ხომ კაია, თუ არადა დავბრუნდებით საღამოს ერთად ქობულეთშიო. თუმცა გამორიცხულია თქვენ უარი გითხრას და მერე მე ვიცი თქვენი პატივისცემაო.

შეგვჭამა მოკლედ ამ ჩვენმა მეგობარმა, არადა არ გვანებებს თავს. მერე სადღაც სიგარეტის საყიდლად გადავიდა და გოგი მეუბნება, ეგ თავის დამნებებელი რომ არა ორივე ვხედავთ, მოდი, რომ არ ეწყინოს, ასე ვქნათო. მაგის თვალის ასახვევად მივიდეთ ასლანთან რეზიდენციაში, გამორიცხულია, ასე წინასწარ და გაუფრთხილებლად მისულები მიგვიღოს. რა თქმა უნდა, უარს გვეტყვიან, წამოვალთ ჩვენც და ვეტყვით არ მიგვიღოო. დაგვანებებს მერე თავს, აბა რას იზამსო. მომეწონა გოგის გეგმა და კარგი მასე ვქნათ-მეთქი, დავეთანხმე. მივედით მოკლედ რეზიდენციასთან ახლოს, მეგობარი მანქანაშივე დარჩა და მე და გოგი ფეხით წავედით შესავლელისკენ. დაცვას რომ მივდექით, გოგი იცნეს ეტყობა, ღიმილით შეხვდნენ. ასეა და ასეო, გოგიმაც, მოვედით, რაღაც პატარა საქმე გვაქვს და ბატონ ასლანთან გვინდა შეხვედრაო. დაცვამ მაშინვე სადღაც დარეკა და მალევე ვიღაც ახალგაზრდამ ჩამოირბინა კიბეებზე. მოგვისმინა და ახლავე ყველაფერს გავარკვევ და შეგატყობინებთო. ამ წუთას ვიცი რომ დაკავებულია ბატონი ასლანი, სტუმარი ჰყავს, მაგრამ ვიკითხავ მაინც და ვნახავ რას მეტყვიანო. მართლაც ძალიან სწრაფად ჩამობრუნდა და ჩვენდა გასაკვირად გვეუბნება, 10 წუთის შემდეგ მიგიღებთ ბატონი ასლანიო. ზემოთ წამობრძანდით, მისაღებში დაელოდეთო. ასე მოულოდნელად აღმოვჩნდით საკუთარი მოფიქრებული გეგმის ტყვეობაში მაგრამ რას ვიზამდით, უკან დასახევი გზა აღარ გვქონდა. ამიტომ მორჩილად გავყევით იმ ახალგაზრდას და ჯერ მისაღებში სავარძლებში მოვკალათდით, ზუსტად 10 წუთის შემდეგ კი ასლან აბაშიძის კაბინეტში ვისხედით უკვე.ორივე გულთბილად მოგვიკითხა. ყავითა და ხილით გაგვიმასპინძლდა, სულ დაწვრილებით გამოკითხა გოგის რას აპირებ და როგორ გეგმები გაქვსო, ბათუმში როდის გვიმღერებთ ცალკე შენ და ცალკე „ქართული ხმებიო”. ბოლოს კი ღიმილით უთხრა, გისმენ გოგი, თქვი ბარემ რამ შეგაწუხა. არა მგონია მხოლოდ ჩემ სანახავად იყოთ მოსულებიო. მაგას აგერ თემური გეტყვითო გოგიმ და მთავარი სათქმელი უცერემონიოდ გადმომილოცა. მეც რაღა უნდა მექნა, კი შევცბი მაგრამ სხარტი გურული აზროვნება აქაც დამეხმარა. ცოტა სიტყვების ღეჭვით კი დავიწყე მაგრამ მალე თვალდახელშუა ისეთი ნახევარსიმართლე გამოვაცხვე რომ თვითონ გოგი შემომცქეროდა გაოცებული სახით. შარშან ყირიმში გახლდით-მეთქი ბატონო ასლან, სიმართლით დავიწყე. იქ ერთ ჩოხატაურელ კაცს გადავეყარეთ, ვინმე კოტრიკაძეს. რკინა-ბეტონის ქარხნის მეპატრონე იყო. თან გადაგვყვა „ქართული ხმებს,” კაცურად გვიმასპინძლა-მეთქი. აი, აქამდე ყველაფერი მართალი იყო. ამის შემდეგ კი რაც ვთქვი, ახლახან ამ კაცისგან მოულოდნელი საჩუქარი მივიღეთ, ჯართი გამოგვიგზავნა საჩუქრად ანუ გასაყიდათ-მეთქი, აი მხოლოდ ეს იყო სიცრუე მაგრამ იმ წინა სიმართლესთან კავშირში იმდენად დამაჯერებელს ხდიდა ნათქვამს რომ არც მე და არც გოგი სინდისის ქენჯნას ოდნავადაც აღარ შევუწუხებივართ. გვაქვს ახლა ბატონო ასლან ეს ჯართი მაგრამ ის აღარ ვიცით რა მოვუხერხოთ-მეთქი.

ვითომ კლიენტიც მოძებნილი გვყავს, ვითომ ფასზეც შეთანხმებული ვართ მაგრამ საბაჟოზე თქვენ უნდა გამოატაროთო და სწორედ აქ ვართ გაჭედილები. ასე გვითხრეს, თავ-ბედს გაწყევლინებენ მაგ ჯართის გატანაზეო. აი ამიტომ მოგაკითხეთ ბატონო ასლან, თქვენი დახმარების იმედი გვაქვს-მეთქი.საბაჟოს რაღაცას მოვუხერხებთო, გაეღიმა ასლანს მაგრამ ის თქვენი ნაშოვნი მუშტარი სანდო თუაო, მკითხა. სანდოა-მეთქი, მაშინვე დავუდასტურე. აბა იმას ხომ არ ვიტყოდი, საერთოდ არ ვიცი ვინაა-მეთქი. ჩემს პასუხზე თავი დაეჭვებულმა გადააქან-გადმოაქანა, სელექტორის ღილაკს დააჭირა თითი და მეგრელიშვილი მოვიდეს ჩემთანო, უთხრა ვიღაცას.თემურ მეგრელიშვილს ჩვენც კარგად ვიცნობდით. სარფის საბაჟოს უფროსი იყო მაშინ და მგონი სოფელ ბერძნისწყაროში დაბადებული ქობულეთში ცხოვრობდა. ორივეს კარგად გვენიშნა მისი გამოძახება მაგრამ რაც მერე მოხდა, იმას ყველაზე კეთილ სიზმარშიაც კი ვერ წარმოვიდგენდით. შემოვიდა თუ არა, ჯერ ჩვენ მოგვესალმა და მერე ასლანს მიუბრუნდა, გისმენთ ბატონო ასლანო. ვხედავ ამ ხალხს შენც კარგად იცნობო, არ დააყოვნა ასლანმაც, ჰოდა ასე და ასეო, ჩვენი დახმარება სჭირდებათო. ეს მამაძაღლი თურქები ამათ კი არა, ხანდახან მეც მატყუებენო. ამიტომ, თავი რომ დავიზღვიოთ და რამე რომ არ მოხდესო, ნახე ის ჯართი, ჩაიბარე, ბიჭებს ფულიც გადაუხადე და მერე შენ თვითონ მიხედეო. ექ საქმე არ გესწავლება, ფასიც კარგად იცი და თურქებსაც უამრავს იცნობო. ავდექით ჩვენც, მადლობა გადავუხადეთ და წამოვედით. თემურ მეგრელიშვილმა გამოგვაცილა და როცა გაიგო რომ იმ დღეს ქობულეთში ვრჩებოდით საღამოს ჩემთან გადმოდით, თან ერთად ვივახმშოთ და თან ჯართსაც გადმოვიბარებო.მანქანისკენ რომ მივდიოდით, გოგი ისეთი გახარებული იყო რომ 160 წლის წინანდელი ალექსანდრე დიუმას ნათქვამი გამახსენდა, ქართველი რომ ვინმეს რამეს აჩუქებს, თვითონ უფრო უხარია ვიდრე საჩუქრის მიმღებსო. გოგისაც ზუსტად ასეთი ბუნება ჰქონდა, ვინმეს დახმარებას თუ მოახერხებდა, თვითონ უფრო უხაროდა. ახლაც ზუსტად ასე იყო, ისეთი გახარებული მიდიოდა მანქანისკენ, თითქოს უკვდავების წყალი მიჰქონდა მეგობრისთვის. არც ერთმა არ ვიცოდით ჯერ რომ ის ჩვენი მეგობარი მთელ ჩვენს სიხარულს უკვდავების არა მაგრამ ცივ წყალს ნაღდად გადაასხამდა.

ჩავჯექით თუ არა მანქანაში, გოგიმ მაშინვე მაყარიჩი შენზეაო და ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა. თემურ მეგრელიშვილი გველოდება ამაღამ იმ შენ ჯართიანათო.თქვენ აგაშენათ ღმერთმა, მაგრები ხართ, ტყუილად კი არ მქონდა თქვენი იმედიო. წავედით აბა, თქვენ სასტუმროში დაგტოვებთ, მე კიდევ ჯართის საშოვნელად გავვარდებიო. ამ ბოლო სიტყვებმა საგონებელში ჩაგვაგდო. თურმე არანაირი ჯართი არ ჰქონია და სულ ტყუილად გვაწვალა ორი ადამიანი. თვეზე მეტხანს დაგვდევდა მერე თემურ მეგრელიშვილი, სადაა ჯართი, რატომ არ მოგაქვთო. რა უნდა მიგვეტანა რაც არ გვქონდა. ასე უსახელოდ დამთავრდა იმ არარსებული ჯართის ამბავი. ეს მეორე შემთხვევაც არანაკლებ საინტერესოა ახლა რომ მოგიყვებით. ამჯერად თბილისელმა მეგობარმა გვთხოვა ერთ-ერთი ორგანიზაციის შეფთან მიმეგზავნეთ, ავტოპარკის უფროსის ადგილი აქვს ვაკანტური და უთხარით დამნიშნოსო. ჰაერიდან კი არ ჰქონდა ეს თხოვნა მოტანილი, ამ საქმის მაგარი მცოდნე იყო. წესით მადლობაც უნდა ეთქვათ მისი კანდიდატურის შეთავაზებისთვის. ასე იყო თუ ისე, შესაფერისი მომენტიც მწიფე ლეღვივით ჩაგვივარდა მალე კალთაში. რომელიღაც მორიგ წვეულებაზე, მაგიდასთან, გვერდი-გვერდ მოვხვდით. გოგიმ თვითონ მითხრა, ასლანთან ხომ შენ ილაპარაკე, ამას მოდი მე ვეტყვიო. ოღონდ, ამ დროს, შენც გვერდით იდექი, ვითომ ერთად ვთხოვთ და უარი უფრო გაუჭირდებაო. ასეც მოვიქეცით და რამდენიმე დღის შემდეგ ის ჩვენი მეგობარი სამოცამდე სპეც-მანქანებით გაძეძგილი ავტოპარკის უფროსი იყო უკვე. ერთი-ორი კვირა იყო მისი დანიშვნიდან გასული, მოგვძებნა ისევ და გვეუბნება, ახალ უფროსს შევხვდი, მადლობა გადავუხადე კიდევ ერთხელ, თქვენი სახელითაც და თან ვუთხარი, ამ დღეებში ოჯახში პატარა სუფრას ვაპირებ, რა თქმა უნდა ბიჭებსაც დავპატიჟებ და თქვენც უნდა მეწვიოთ-მეთქი. თავი გაიგიჟა, არავითარ შემთხვევაშიო. თუ ვინმეს პატივისცემა გინდა, შენზე ვინც მთხოვა, იმათ ეცი პატივი და მე თავი დამანებეო. რომ შემატყო ასეთი სასტიკი უარის გამო ცოტა შევცბი და შევწუხდი, ოდნავ მოლბა და მითხრა, დამიჯერე, შეეშვი ამ სუფრის გაშლას და ზედმეტ ხარჯებს. თუ მაინცდამაინც ვერ ისვენებ და ჩემი პატივისცემა გსურს, ერთი ბოთლი კონიაკი „მეტაქსა” მაჩუქე და ამით მოვრჩეთ ყველაფერსო. კაი კაცი აღმოჩნდა. ცხადად და ნათლად ჩამომიყალიბა ყველაფერიო.

რა ქენი მერე, მიუტანე უკვე?! ინერციით ვკითხე თორემ დარწმუნებული ვიყავი მიტანილი ექნებოდა და თან ერთი კი არა რამდენიმე ბოთლი.საქმეც მაგაშია რომ ვერაო, მითხრა მოულოდნელად. გადავატრიალე თბილისი, სად აღარ ვიყავი, კოლექციონერებთანაც კი მივედი დამეხმარეთ-მეთქი, მაგრამ გაგონილა?! გაქრა მოკლედ ეს შობელძაღლი „მეტაქსა” და ჯინი მე არ მყავს ბოთლში დამწყვდეული, ამოვუშვა და მოვატანინოო. აღარ ვიცი რა ვქნა და რა პირით შევხედო იმ კაცს. კვირაზე მეტია სირცხვილისაგან ვემალებიო.მისმინე-მეთქი, ვეუბნები. მე მაქვს „მეტაქსა,” ოღონდ პატარა სასუვენირო ბოთლია, ორასგრამიანი. სულ არ მიტანას მოქცემ და ეგ მაინც მიუტანე-მეთქი. არა, უხერხულია, ორასგრამიანი ბოთლი როგორ ვაკადროო, მითხრა. ორი თუ სამი დღის მერე მომაკითხა ისევ და მართალი ხარ, სულ არ მიტანას მართლა მაგის მიტანა სჯობს და მოიტა-მომეციო. წავედით მაშინვე, ჩამოვუტანე სახლიდან და იმ პატარა ბოთლს მეტი წონა და დაფასება რომ შეეძინა, სახელდახელოდ შეთხზული ლეგენდაც მივაყოლე ზედ. შენ ეს უბრალო ბოთლი არ გეგონოს-მეთქი, ვეუბნები. ხედავ აგერ, ეტიკეტზე პატარა ვარსკვლავი რომ აქვს კალმისტრით მიხატული? ეს ვარსკვლავი „მეტაქსას” დამფუძნებელმა და ფირმის პატრონმა თავისი ხელით მიახატა მოსკოვში და თვითონ მაჩუქა-მეთქი. სოხუმელი ძმები იყვნენ მეტაქსები. ორივეს ვიცნობდი. თავიანთ ისტორიულ სამშობლოში საბერძნეთში რომ გადასახლდნენ, ამ კონიაკის ჩამოსხმაც იქ დაიწყეს. ჰოდა, როგორც გითხარი, ერთ-ერთ ძმას მოსკოვში გადავეყარე და ეს ბოთლიც მისი ნაჩუქარია. ასე რომ, არ დაგავიწყდეს, როცა მიუტან, ესეც მოუყევი, ამ პატარა ბოთლს პატარა ისტორიაც ახლავს თან-თქო.არადა ის ვარსკლავიც ჩემი მიხატული იყო. შავი ფლომასტერით მივახატე სახლში ჩამოტანამდე. ახლა ვეღარ ვიხსენებ რამდენი წელი იყო გასული იმ ამბებიდან გოგი რომ გარდაიცვალა. იმ დღეს, 1996 წლის 8 მარტის დილას, ყველანი მაშინდელი სასტუმრო „აჭარის” მესამე სართულზე სარეპეტიციოდ ვიყავით თავმოყრილები. ყველანი ვიყავით და გოგისღა ველოდებოდით. მხოლოდ გოგი იგვიანდება და ცოტა გვიკვირდა კიდევაც მისგან, რეპეტაციაზე ხომ არასოდეს აგვიანებდა ხოლმე. მერე ის იყო, მის ნაცვლად იმ შემზარავმა ამბავმა შემოგვიღო კარი. გოგი გარდაიცვალაო, ახლა იქიდან მოვდივარო, იატაკზე აგდია უსულოდო, ვიღაც ბიჭი გვეუბნებოდა.გინახავთ ოდესმე დერეფანში უწესრიგოდ მიმოფანტული, სასოწარკვეთილი და სიმწრისგან ბოლო ხმაზე აღრიალებული ცხრა მამაკაცი?! ალბათ არა და ღმერთმა ნურასოდეს განახოთ, იმდენად შემზარავი სანახავია. ჩვენ კი ვნახეთ. ჩვენი თვალით ვნახეთ და შევესწარით ამას რადგან ჩვენ თავადვე ვიყავით ის მოღრიალე კაცები და ყველას ისეთი განცდა გვქონდა, თითქოს სამყაროს ჩვენთვის გამოყოფილი ნაწილი დაინგრა და მხოლოდ გოგი კი არა, ყველანი, ცხრავე მკვდრები ვიყავით უკვე. იმ დერეფანშიც საკუთარი თავების გარდაცვალებას ვიცხადებდით არაამქვეყნიური, განწირული ბღავილით. მოგვიანებით, ერთხანობას, ქუჩაში მყოფებს თვალს ერთად რომ მოგვკრავდნენ, თანაგრძნობით და ლამის აცრემლებული თვალებით შემოგვცქეროდა ხოლმე სრულიად უცნობი ხალხი და აქა-იქ იმასაც გვაგონებდნენ, შეხედეთ, გოგიას ბიჭები მოდიანო.გოგის ცხედარი დაკრძალვამდე წმინდა ნიკოლოზის ტაძარში გვყავდა დასვენებული. იმ ტაძარში ვათენ-ვაღამებდით ბიჭები, მის სასთუმალთან. აღარც ძილი გვახსოვდა და აღარც ხემსი, უსაშველოდ გადაღლილები და ემოციებისაგან ხვიმირაში ჩაფერთხილი ტომარასავით დაცლილები, გაუაზრებლად და ინერციით მაინც ვაგვარებდით რაღაც აუცილებელ საქმეებს.იმ საღამოსაც, უკვე საკმაოდ გვიანი იყო, როცა ტაძარში ჩემი და გოგის თანამშრომელი და ორივეს მეგობარი ქალბატონი შემოვიდა. ცოტა ხანს თავისთვის იდგა ჩუმად, მერე ეტყობა ჩემი წაშლილი სახე მოხვდა თვალში, მოვიდა და ასეც არ შეიძლებაო მითხრა. ადამიანს აღარ გავხარ უკვე, რამე თუ არ შეჭამე და ოდნავ თუ არ დაისვენე, დაკრძალვამდე კიდევ მთელი ორი დღეა და ელემენტარული ენერგია ხომ გჭირდება ბოლომდე რომ გაძლოო. იცი შენ სადაც ვცხოვრობ, აქვე ვარ, წამომყევი, ორი ლუკმა შეჭამე, თუნდაც ნახევარი საათით დაისვენე და ისევ დაბრუნდიო. რა უნდა მეთქვა, სიმართლეს ამბობდა. კარგი, წამოვალ-მეთქი ვუთხარი. ბიჭებსაც დავპირდი, რამეს წამოგიღებთ-მეთქი და გავედი ტაძრიდან. სახლში რომ მივედით, ზუსტად აღარ მახსოვს, რაღაც წვნიანი დამისხა ღრმა თეფშში და თან მომიბოდიშა, მეტი არაფერი მაქვსო. რამეს ხომ არ დალევო, მეკითხება მერე. კი, სიამოვნებით, თუ კი გაქვს-მეთქი. სამზარეულოდან გავიდა და დიდხანს მესმოდა მერე ხმაურით როგორ ეძებდა ჭურჭლის კარადაში რაღაცას. რომ დაბრუნდა, ვხედავ, დიდი ხნის წინ მეგობრისთვის მიცემული ჩემი ნაქონი ორასგრამიანი “მეტაქსა” უჭირავს ხელში. გახსნა, ჭიქაში ჩამისხა და დაიწყო, შენ ეს უბრალო ბოთლი არ გეგონოსო, სოხუმელი ძმები იყვნენ მეტაქსებიო…

მიადგა მოკლედ და ოდესღაც ჩემი შეთხზული ლეგენდა თავიდან ბოლომდე საზეპიროსავით ჩამაბარა. სიტყვა რომ სიტყვაა, ისიც არ გამოუტოვებია.იმ დღეებში რამე თუ გამაღიმებდა როგორ მეგონა მაგრამ ყველაფერი ეს იმდენად მოულოდნელი და უცნაური იყო რომ რაღაც ღიმილის მაგვარი დამეტყო ალბათ სახეზე, თუკი სევდით გაჟღენთილ ღიმილს ღიმილი ეთქმის საერთოდ. ასე დავლიე მრავალი წლის მერე საკუთარი მეტაქსა. გოგიზეც ხშირად უკითხავთ, ბევრს სვამდა ხომო. ჩვენც ყოველთვის დაუზარებლად ვპასუხობდით რომ სულაც არ იყო ასე და რომ, პირიქით, გოგის ღვინო სულაც არ უყვარდა. არც ბევრის სმა უყვარდა და არც ცოტასი, რადგან ღვინო საერთოდ არ უყვარდა. განა არ სვამდა, სვამდა ხოლმე სუფრასთან, მაგრამ იძალდატანებით. ვხუმრობდით კიდევაც, კაცს თუ გინდა ღვინო შეაზიზღო, გოგი რომ ღვინოს სვამს იმას უნდა აყურებინოო. ისე ემანჭებოდა ამ დროს სახე, იფიქრებდი იტანჯება კაციო. მამამისს, ლეონიდესაც აქვს ერთხელ ჩვენი თანდასწრებით ნათქვამი, შენ რომ სვამ გოგია, მაგი არაა დალევაო. გოგის ღვინო კი არა, ქეიფი უყვარდა, სუფრა და ლხინი. ხომ მოგიკრავთ სუფრასთან ყური, გვესტუმრა ლხინიო. როდის მოდიოდა ხოლმე სუფრასთან ლხინი?! როდის და სუფრის წევრების ცოტა შეზარხოშების შემდეგ ხომ?! ანუ ჭეშმარიტი ქართული ლხინი ჭეშმარიტ ხელოვნებაში რომ გადაზრდილიყო, შეზარხოშება მეტ-ნაკლებად ყველას სჭირდებოდა. აი გოგი კი ამ მხრივაც გამონაკლისი იყო.

დაჯდებოდა თუ არა სუფრასთან, უკვე ლხინში იყო შესული. არც შეზარხოშება სჭირდებოდა და არც რაიმე გამამხნევებელი შემოძახება, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე პირდაპირ შეეძლო დღესასწაულის ჩუქება. მახსოვს, ერთი პერიოდი, ისე გადაება ერთმანეთს ლხინის დღეები რომ გოგის ყოველდღიურ ლექსიკაში, აბსოლუტურად უადგილოდ, სუფრისთვის დამახასიათებელი ტერმინები გამოერია. ხან რა წამოსცდება ხოლმე და ხან რა. თვითონაც ხალისობდა მერე ჩვენთან ერთად.ერთხელ პეტერბურგში ალისა ფრეინდლიხს ვმასპინძლობთ რესტორანში. ყვავილების გამყიდველი გოგონა მოადგა მაგიდას მიხაკებით სავსე კალათით. ალისა ფრეინდლიხი დაინახა ამდენ ქართველ მამაკაცთან ერთად და იფიქრა ალბათ, არიქა ავშენდიო. ალისას ყვავილები რა თქმა უნდა მივართვით მაგრამ იმ გოგოსთვის ფულის გადახდაზე ატყდა ტრადიციული დაკა-დაკა და ვაი-უშველებლი. გოგიც თავგამოდებით ცდილობდა ფულის გადახდას და როცა ვერ მოახერხა და სხვამ დაასწრო, აი სწორედ მაშინ თქვა გულდაწყვეტილმა, რა იყო, გეცლიათ ჩემთვის ერთი ბოთლი ყვავილების ყიდვაო.თბილისში კი, ტაქსის მძღოლს, აქ გამიჩერეს ნაცვლად აქ დამისხიო, უთხრა ერთხელ.რადგან ტაქსი ვახსენე, ბარემ ერთ ჩემთვის ყველაზე საყვარელ ამბავსაც გიამბობთ გოგიზე. გვიან ღამით გამოსულა ტელევიზიიდან. ტაქსში ჩამჯდარა და გოგოლის ქუჩაზე წამიყვანეო უთქვამს მძღოლისთვის. შინ მიდიოდა. დაუძრავს თუარა იმ მძღოლს მანქანა, ეტყობა კარგ ხასიათზე იყო და მაშინვე ღიღინი დაუწყია. გოგი მიყვებოდა, ცოტა ხანს ვაცალე და მერე ავყევიო. მღერიან თურმე ასე ორ ხმაში. ის სიმღერა რომ ჩაათავეს, ახლა მეორე წამოუწყია მძღოლს. იქაც ავყევიო გოგიმ და ამასობაში ვხედავ გოგოლის ქუჩის ნაცვლად სულ სხვაგან მიდისო.

რას შვები სად მიხვალ-მეთქი ვეკითხები და რა იყო, ძალიან გეჩქარებაო, აქეთ მკითხა. არა-მეთქი. ვუთხარი. ჰოდა თუ არ გეჩქარება როდის ვიშოვი მე კიდევ შენნაირ კლიენტს, შენთვის ფულის გამომრთმევი მაინც აღარ ვარ და ვიყოთ პაწა ხანს ერთად და ვიმღეროთო. როგორ მეთქვა ამაზე უარიაო, გოგიმ. ასე სიმღერ-სიმღერით გავედით მაშინდელ ლენინის მოედნამდეო. არ ვიცი გახსოვთ თუ არა, იმ დროს იქ ტაქსებზე გვიან ღამემდე რიგი იდგა ხოლმე. მანქანები მგზავრებიანად ჩერდებოდნენ და თუ თავისუფალი ადგილი ჰქონდათ, გამოყოფდნენ თავს გარეთ და მიმართულებას იძახდნენ, ვთქვათ ორი კაცი საბურთალო, ან ერთი კაცი ვაკე, ან ორი კაცი ავლაბარი და ასე შემდეგ. ამ ჩემმა მომღერალმა მძღოლმაც გააჩერა მანქანა, სანახევროდ გადმოვიდა, რიგს გახედა და ხმამაღლა დაიძახა, ბანის თქმა თუ შეუძლია ვინმეს, საითაც არ უნდა მიდიოდეს წავიყვანთო. რა ექნა მონატრებული იყო კაცი სიმღერას. ჰოდა, წარმოგიდგენიათო გოგიმ, იმხელა რიგში ბანის მთქმელი არ აღმოჩნდა არავინო, გულდაწყვეტით ამთავრებდა ბოლოს.მეც ვამთავრებ მგონი გოგიზე საუბარს, რამდენიმე წინადადებით გოგისა და ძილის ურთიერთდამოკიდებულებაზეც გეტყვით ბარემ და ამით მოვრჩები. თავიდანვე ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ, გოგის ისე უყვარდა სიცოცხლე რომ ძილისთვის დროს ვეღარ იმეტებდა მაგრამ ჩვეულებრივი ადამიანი იყო ისიც და უძილობისაგან გადაღლილს ბოლოსდაბოლოს თუ ჩაეძინებოდა, მორჩა, მერე მისი გამღვიძებელი აღარავინ იყო. შეეძლო სამი დღედაღამე გადაბმულად ძინებოდა. მე თავად მინახავს ეს ლენინგრადში. სასტუმროს ნომერში რომ დაწვა, სამი დღედაღამე აღარც ამდგარა. მახსოვს საჭმელი ავუტანეთ და საწოლთან ახლოს სკამზე დავულაგეთ. იმ საჭმელს დავხედავდით მერე ხანდახან და რაღაც რომ აკლდებოდა, იმით ვხვდებოდით რომ დროდადრო ეღვიძებოდა ხოლმე. ერთხელ ლონდონში, ღამით, სასტუმროში სახანძრო განგაში ჩართეს. წარმოუდგენელია იმ საშინელების სიტყვებით გადმოცემა, რაც იქ ხდებოდა. მართლაც რომ ენით აუწერელი ხმა იყო, გაბმული, აუტანელი, ლამის ტვინის უჯრედების ამფეთქებელი. ზუსტად სამ წუთში მთელი სასტუმრო დიდიან-პატარიანად, დაფეთებული და ნახევრადშიშველი ქუჩაში იდგა. მხოლოდ გოგის ეძინა მშვიდად. როგორ შეიძლებდა იმ ხმაზე კაცს არ გაღვიძებოდა, ჩემთვის დღემდე წარმოუდგენელია. რომ ამბობენ, ისეთი ხმა იყო, მკვდარსაც წამოაყენებდა ფეხზეო. მკვდარს კი ბატონო შეიძლება მაგრამ გოგის ვერა და ამაში არაერთხელ და ორჯერ დავრწმუნდით ყველანი. მოგვიანებით კი, სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე რომ გოგის ხმაურზე და წივილ-კივილზე არ ჰქონდა რეაქცია თორემ, ვინმე მძინარე გოგისთან რომ მისულიყო და ყურთან ახლოს ღიღინი წამოეწყო, მაშინვე ახელდა თვალს. ოღონდ ისე რა ნამღერზე ნურას უკაცრავად, მხოლოდ გამორჩეულზე.

ზაურიკას ნამღერზე მაგალითად, ან გივიკოსაზე. ერთხელ მიხეილ ჭიაურელი უმცროსი, ჩვენი კეთილი მეგობარი საკავშირო ტეელევიზისთვის რაღაც კომედიურ ფილმს იღებდა, „პელეს ნათლია“ ერქვა მგონი. მთავარ როლში ჩვენი ლეგენდა კახი კავსაძე იყო და ეპიზოდებში მონაწილეობის მისაღებად კი მთელი ჩვენი ანსამბლი ვიყავით მიწვეულები. რომელიღაც დაწესებულებაში ზედიზედ რამდენიმე დღე საერთო კრების სცენებს იღებდნენ. კრებას მე ვუძღვებოდი. დანარჩენები კი, ჩვენი ბიჭები, მსახიობებთან ერთად მაგიდებთან უნდა მსხდარიყვნენ და ყურადღებით ესმინათ ჩემთვის. ჰოდა, პირველივე დღეს, სანამ გადაღება დაიწყებოდა, გოგიამ მაგიდაზე ჩამოდო თავი და ჩამოეძინა. გადაღების დაწყების წინ მისი გამოღვიძება დააპირეს მაგრამ მიშა ჭიაურელს კრებაზე ძილის იდეა ისე მოეწონა რომ დაანებეთ თავი ეძინოსო. გითხარით უკვე, იმ კრების სცენის გადაღება რამდენიმე დღე კიდევ გაგრძელდა. ცხადია, ყველა თავ-თავის ადგილს უბრუნდებოდა ხოლმე, გოგისთან კი მაშინვე მიირბენდა ასისტენტი და ახსენებდა, ბატონო გოგი, ხომ გახსოვთ, თქვენ უნდა გეძინოთო. ისე აფრთხილებდა, ვითომ არ შეიძლებოდა რომ კრების მსვლელობის დროს კაცს გამოღვიძებოდა. გოგიც უსიტყვოდ ასრულებდა დავალებას. თავიდან ვითომ უხალისოდ ჩამოდებდა თავს მაგიდაზე მაგრამ ცოტა ხანში უკვე გულიანად ეძინა.ის ფილმი სახლში მაქვს დისკზე. ხანდახან შევაგდებ ხოლმე კომპიუტერში, კრების კადრებზე გადავახვევ, შევხედავ მძინარე გოგიას, ვუყურებ, დიდხანს ვუყურებ და სურვილი მიჩნდება, ძველებურად წამოვუწყო რამე და სიმღერით გამოვაღვიძო ჩვენი საყვარელი მონატრებული გოგია

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება