fbpx

გივი ჩხარტიშვილი: კახა კალაძე არასოდეს გაურბის არც კითხვებს და არც პასუხისმგებლობას, სწორედ ამიტომ გამოუცხადა თბილისმა ორჯერ ნდობა. უსუსურია ოპოზიციის მცდელობა ტრაგედიას პოლიტიკური ელფერი შესძინონ

კახა კალაძე არასოდეს გაურბის არც კითხვებს და არც პასუხისმგებლობას. სწორედ ამიტომ გამოუცხადა თბილისმა მას ორჯერ ნდობა. უსუსურია ოპოზიციის მცდელობა ტრაგედიას პოლიტიკური ელფერი შესძინონ და ისრები თბილისის მერზე გადაიტანონ, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოში დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატი გივი ჩხარტიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, 2007 და 2009 წლებში უხარისხოდ მოწყობილმა სპორტულმა მოედნებმა 3 ბავშვის სიცოცხლე შეიწირა. როგორც დანარჩენ სხვა შემთხვევებში, არც მაშინ, სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა არავის აუღია.

„რთულია იპოვო სიტყვები იმ ტრაგედიის გადმოსაცემად, რომელიც 13 ოქტომბერს ვაკის პარკში მოხდა. დღესაც ძალიან მიმძიმს ამ თემაზე განცხადების გაკეთება. მეც და ჩვენი გუნდიც, იზიარებს მარიტას ოჯახისა და ახლობლების ამ დიდ მწუხარებას. უზომოდ გული დაგვწყვიტა 13 წლის გოგონას დაღუპვამ, რომელმაც თავისი მეგობრების გადასარჩენად თავი გასწირა.

ამ დიდი ტკივილისა და გლოვის დროს ვერიდებოდი პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას, თუმცა ახლა ვთვლი, რომ აუცილებელია ყველა უსაფუძვლო ბრალდებასა და ოპოზიციის ამორალურ კამპანიას შესაბამისი პასუხი გაეცეს.

სხვისი ტკივილის პოლიტიკური ნიშნით გამოყენება გარკვეული ოპოზიციონერებისთვის ცხოვრების წესად იქცა. პოლიტიკურად ანგაჟირებული მათი განცხადებების ტირაჟირება კი, მათ მიერვე კონტროლირებადი მედიასაშუალებების უცვლელი დღის წესრიგია. ასე მოხდა დავით სარალიძისა და გიორგი შაქარაშვილის შემთხვევაშიც. ეს სია ვრცელია…

როგორც მაშინ, ახლაც, რადიკალები და მათი პარტიული ტელევიზიები ათას ცრუ და გამოგონილ ვერსიას ავრცელებენ. ეს ხალხი ტრაგედიებით პოლიტიკურად მანიპულირებს.

ეს ის ვითომ პოლიტიკოსები არიან, რომელთა გუნდის წევრებიც ახალგაზრდებს ქუჩაში ხვრეტდნენ და ადამიანებს ციხეებში აწამებდნენ. მათ სიტყვაც კი არ დასცდენიათ არც იმ ბავშვებისა და ოჯახების ტრაგედიაზე, რომელიც გიგი უგულავას მერობისა და ირაკლი ნადირაძის მთავრობის წევრობის პირობებში ხდებოდა. 2007 და 2009 წლებში უხარისხოდ მოწყობილმა სპორტულმა მოედნებმა 3 ბავშვის სიცოცხლე შეიწირა. როგორც დანარჩენ სხვა შემთხვევებში, არც მაშინ, სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა არავის აუღია.

მათგან განსხვავებით, ჩვენი გუნდი არასდროს გაურბის პასუხისმგებლობას.

კახა კალაძე არასოდეს გაურბის არც კითხვებს და არც პასუხისმგებლობას. სწორედ ამიტომ გამოუცხადა თბილისმა მას ორჯერ ნდობა. უსუსურია ოპოზიციის მცდელობა ტრაგედიას პოლიტიკური ელფერი შესძინონ და ისრები თბილისის მერზე გადაიტანონ.

ვაკის პარკის ტრაგედიის ირგვლივ არც ერთი წამით არ შეჩერებულა გამოძიება და არც მერიის შესაბამისი სამსახურების თანამშრომლობა გამოძიებასთან.

შედეგად: დაკავებულია 9 პირი;

თანამდებობიდან გადადგა გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი იმ მიზეზით, რომ მან იგრძნო მორალური პასუხისმგებლობა მისი მოადგილის სამსახურებრივ ქმედებებთან დაკავშირებით;

გამოძიება გრძელდება, რათა დადგინდეს სიმართლე და გაირკვეს, თუ რა მოხდა ტრაგედიის დღეს და ყველა კითხვას, რომელიც საზოგადოებას აწუხებს პასუხი გაეცეს.

და ბოლოს, განვმეორდები და კიდევ ერთხელ ვიტყვი იმას, რაც უკვე დავწერე და რაც კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა – სამწუხაროა, რომ ქართულ პოლიტიკაში ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ყველა ტრაგედია საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ“, – – წერს გივი ჩხარტიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება