განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის ახალ მინისტრად მინდა, წარმოგიდგინოთ ბატონი გივი მიქანაძე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ გივი მიქანაძეს აქვს ძალიან დიდი გამოცდილება განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით და სიღრმისეული აკადემიური განათლება.
„ორი სიტყვა მინდა ვთქვა მის გამოცდილებასთან დაკავშირებით უშუალოდ განათლების, მეცნიერების სფეროში. მას აქვს ღრმა აკადემიური განათლება, არის იურისტი, დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასევე დიდ ბრიტანეთში, ინგლისში ესექსის უნივერსიტეტი. სადოქტორო დისერტაცია აქვს დაცული ამსტერდამის თავისუფალ უნივერსიტეტში. მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის ძალიან ფართო გამოცდილება, ასევე ფართო პოლიტიკური გამოცდილება და უშუალოდ განათლებისა და მეცნიერების სფეროში აქვს ძალიან დიდი გამოცდილება. ის, წლების განმავლობაში, იყო შსს-ს აკადემიის ლექტორი, იყო პედაგოგი, ლექტორი სხვადასხვა უნივერსიტეტში, მთელი წლების განმავლობაში და არის არაერთი წიგნის, სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. შესაბამისად, მას აქვს ძალიან ღრმა გამოცდილება განათლებისა და მეცნიერების სფეროში. ასევე, როგორც მოგეხსენებათ, უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში, ის საქართველოს პარლამენტში იკავებდა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას, აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ის არის იდეალური კანდიდატი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პოსტზე. მინდა, ბატონ გივის ვუსურვო წარმატებები ამ თანამდებობაზე,“- განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძემ ალექსანდრე წულაძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
„განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ბატონმა ალექსანდრე წულაძემ მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების თაობაზე. მინდა, მას მადლობა გადავუხადო გაწეული საქმიანობისთვის. ბევრი რამ გაკეთდა ამ პერიოდის განმავლობაში სამინისტროში, რასთან დაკავშირებითაც, რამდენიმე დღის წინ, დეტალური ანგარიში ჩავაბარეთ საზოგადოებას. კიდევ ერთხელ მადლობა ბატონ ალექსანდრე წულაძეს და მინდა, მას ვუსურვო წარმატებები სამომავლო საქმიანობაში,“- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.