აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ  2025-2026 სასწავლო წლის საგნობრივ ოლიმპიადებსა და კონკურსებში გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე 2025-2026 სასწავლო წლის საგნობრივ ოლიმპიადებსა და კონკურსებში გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოების საზეიმო ღონისძიებას დაესწრო, რომელიც აჭარის განათლების და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით მოეწყო.

ღონისძიებაზე გამარჯვებულ მოსწავლეებს მიღწეული წარმატება მიულოცეს და სპეციალური პრიზები გადასცეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძემ და განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა.

სიტყვით გამოსვლისას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ნიჭიერი ახალგაზრდების მხარდაჭერის, მათი შესაძლებლობების გამოვლენისა და აკადემიური მიღწევების წახალისების მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ მსგავსი საგანმანათლებლო ინიციატივები ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას, ცოდნის გაღრმავებასა და ჯანსაღი კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებას. “ჩვენ ქვეყანაში მიმდინარე განათლების რეფორმა დღეს არის მყარი  საფუძველი – სრულიად ახალი ფოკუსიდან დავინახოთ ჩვენი ახალგაზრდების შესაძლებლობები, პოტენციალი, მათი ინტერესების მრავალფეროვნება და ინტელექტუალური შესაძლებლობები. ასევე, ეს არის ახალი პასუხისმგებლობა და ვალდებულება, შევუქმნათ მათ სრულფასოვანი პირობები ამ პოტენციალის რეალიზებისთვის” აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

2025-2026 სასწავლო წლის საგნობრივ ოლიმპიადებსა და კონკურსებში საჯარო და კერძო სკოლების დაახლოებით 15 000 მოსწავლე მონაწილეობდა. გამოვლინდა 144 გამარჯვებული, მათ შორის 17 მოსწავლემ წარმატებას ორ და მეტ საგანში ან რამდენიმე კონკურსში მიაღწია. საგნობრივი ოლიმპიადა ყოველწლიურად ექვს საგანში – ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ინგლისურ ენაში, მათემატიკაში, ფიზიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში ტარდება. დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებისთვის კი კონკურსები მოიცავს ქართულ ენასა და ლიტერატურას, მათემატიკას, ისტორიასა და სამოქალაქო განათლებას, ასევე სახვით ხელოვნებას.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობებების და საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლები.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება