აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე თურქეთის რესპუბლიკის ართვინის პროვინციის გუბერნატორს თურან ერგუნს შეხვდა.
შეხვედრაზე საქართველო-თურქეთს შორის ურთიერთობები და მათი რეგიონული კონტექსტის ფარგლებში განხილულ იქნა აჭარისა და ართვინის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაფართოებისა და საზღვრისპირა ზოლის განვითარების საკითხები.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შუა დერეფნის პერსპექტივებს. ამ კონტექსტში ზურაბ პატარაძემ ბათუმი-სარფის ახალი მაგისტრალის პროექტზე ისაუბრა, რომელიც საზღვართან გადაადგილებას გაამარტივებს და ტვირთბრუნვის ზრდას შეუწყობს ხელს.
აღსანიშნავია, რომ რეგიონული თანამშრომლობის ფარგლებში, ზურაბ პატარაძის პირველი ოფიციალური ვიზიტი სწორედ თურქეთის რესპუბლიკაში შედგა. მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მეზობელ რეგიონთან მრავალწლიანი მეგობრობისა და პარტნიორობის გაღრმავების მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონებს შორის ტურიზმის განვითარების დინამიკას, ახალ შესაძლებლობებს და ხალხთაშორისი ურთიერთობების განმტკიცებას. აღინიშნა, რომ ერთობლივი კულტურული, ჰუმანიტარული და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება სამომავლოდაც კიდევ უფრო მასშტაბური ფორმატებით უნდა გაგრძელდეს.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა რეგიონების განვითარების ხელშეწყობისა და პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.
შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ედნარ ნატარიძე, სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე, აჭარის მთავრობის წარმომადგენლები, ასევე, საქართველოს გენერალური კონსული ტრაპიზონში ნიკოლოზ იაშვილი, ართვინის პროვინციის გუბერნატორის მოადგილეები და ქაჩქარის საბაჟოებისა და საგარეო ვაჭრობის რეგიონული სამმართველოს უფროსი ალფ გირაი ესწრებოდნენ.