აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ ახალი სასწავლო წლის დაწყება საზოგადოებას ბათუმისა და ქობულეთის საჯარო სკოლებიდან მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან ცოტნე ანანიძესთან და აჭარის განათლების და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან ერთად რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

ბათუმის №1 და №2 და ქობულეთის №2 საჯარო სკოლებში გამართულ საზეიმო ღონისძიებებზე მთავრობის თავმჯდომარემ განათლების რეფორმის ფარგლებში მიმდინარე სიახლეებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სასკოლო სივრცეებში თანასწორი გარემოს შექმნა და თანამედროვე სტანდარტების დანერგვა ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტია.

ზურაბ პატარაძემ ბათუმის №2 საჯარო სკოლაში განახლებული ბიბლიოთეკა დაათვალიერა და პედაგოგებს გაესაუბრა. შეხვედრაზე ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ ამ საპასუხისმგებლო ეტაპზე თანაბრად მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო პროცესში თითოეული მათგანის აქტიური ჩართულობა და მონდომება, რადგან სასკოლო საზოგადოების ერთობა და ურთიერთპატივისცემა ქმნის ჩვენი ქვეყნის განვითარების უწყვეტ ჯაჭვს. მთავრობის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის მიმართულებით დაწყებული პროექტები ეტაპობრივად გაგრძელდება.

აღსანიშნავია, რომ ბათუმის №2 სკოლის ისტორიული შენობა, რომელსაც კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა და სრულად მოერგო თანამედროვე საგანმანათლებლო მოთხოვნებს, ბათუმის ერთ-ერთი უძველესი ნაგებობა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. სკოლაში მიმდინარე სასწავლო წლისთვის გაიხსნა რეაბილიტირებული და სათანადო ინვენტარით განახლებული ბიბლიოთეკა, რომელიც მოსწავლეებისთვის თანამედროვე და კომფორტულ საგანმანათლებლო სივრცეს წარმოადგენს.

ზურაბ პატარაძემ ბათუმის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს და მასწავლებლებსაც მიულოცა სასწავლო წლის დაწყება, ხოლო ქობულეთის №2 საჯარო სკოლაში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე, მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, რომ მშობლიურ სკოლაში სტუმრობა განსაკუთრებით ამაღელვებელი, ემოციურია და უწყებებს შორის მაქსიმალური კოორდინაციით უნდა გაგრძელდეს აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში ბავშვებისათვის თანაბარი, თანასწორი და შეუზღუდავი შესაძლებლობებით უზრუნველყოფა.

წელს აჭარის სკოლებში სწავლა 5 658 პირველკლასელმა დაიწყო. ახალ სასწავლო წელს ბათუმი ოთხი ახლად აშენებული და ორი სრულად რეაბილიტირებული თანამედროვე სკოლით ხვდება, ხოლო რეგიონის მასშტაბით 25 საჯარო სკოლაში სრული ან ნაწილობრივი სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება