fbpx

ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ 2021 წელს პასუხისგებაში მიეცა არაერთი თანამდებობის პირი და საჯარო მოხელე-გრიგოლ ლილუაშვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ 2021 წელს დაკავებულ იქნა და ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა არაერთი თანამდებობის პირი და საჯარო მოხელე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2021 წლის ანგარიშის თანახმად, ანტიკორუფციულმა სააგენტომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 53 საქმეზე, კერძოდ, დიდი ოდენობით ქრთამის აღების, ქრთამის მიცემის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, თაღლითობისა და სხვა ფაქტებზე. ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 162 პირი.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2021 წელს, უნებართვო არქეოლოგიური სამუშაოების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ ამოღებულ იქნა უმნიშვნელოვანესი ისტორიული ღირებულების არტეფაქტი – მეფე დავით მეოთხე აღმაშენებლის პერიოდის უნიკალური მონეტა, რომელიც გადაეცა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის წარდგენისას გრიგოლ ლილუაშვილმა განაცხადა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, სამსახურის პრიორიტეტს კორუფციულ და სამოხელეო დანაშაულებში საჯარო მოხელეების შესაძლო ჩართულობის პრევენცია წარმოადგენს, რისთვისაც სამსახური ცდილობს გააძლიეროს ანტიკორუფციული სააგენტოს შემადგენლობაში შემავალი კორუფციის პრევენციის სამსახურის პროფესიული და ინსტიტუციური შესაძლებლობები.

„2021 წელს კორუფციასთან ბრძოლის საკითხებზე განხორციელდა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისთვის გამიზნული ე.წ. საინფორმაციო შეხვედრების პროექტი. აღნიშნული პროექტი მომზადდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში.

აღნიშნული შეხვედრების ეფექტიანად განხორციელების მიზნით, შეირჩა ექსპერტთა ძლიერი ჯგუფი, რომელმაც ზემოთ ხსენებული პროგრამის ფარგლებში, გაიარა სპეციალური მომზადება. შედეგად, 2021 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ორგანიზებითა და ევროსაბჭოს მხარდაჭერით გადამზადდა საჯარო უწყებებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ასეულობით წარმომადგენელი. ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებს მუდმივი ხასიათი აქვს და მათი ორგანიზება სამსახურის მიერ სამომავლოდაც იგეგმება“, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება