fbpx

ამერიკელი ექსპერტების დასკვნა ცნობილია

ჩამოვიდნენ, ნახეს, გაოგნდნენ, წავიდნენ!

ჩამოვიდნენ ამერიკიდან ფსიქიატრიაში განსწავლული კაცები და დადეს დასკვნა, მიხეილ სააკაშვილი გიჟიაო. სამნი იყვნენ, ტელევიზორში აჩვენეს, იცინოდნენ, კაი ხასიათზე იყვნენ, უთუოდ კარგად გადაუხადეს.
ეგენი იმნაირი განათლებულები არიან, ზოგიერთს ჯილდოებიც კი აქვს მიღებულიო, – თქვა მიხეილის დედამ და ძვირადღირებული სათვალე გაისწორა, რომელიც ცოტა დასცერავებოდა.
ცხონებული თინა ძალო გამახსენდა, ერთხელ თავის ახლადმოყვანილ რძალზე ჰკითხეს, როგორი გოგოაო? კარგი, კარგი, კარგი, თქვენ წარმოიდგინეთ, „კნიჟკაც“ აქვსო. „კნიჟკაში“ დიპლომს გულისხმობდა. ჰოდა, ახლა დედა გიულიც თინა ძალოსავით იძახის, ამერიკიდან ისეთი ექსპერტები ჩამოვიდნენ, „კნიჟკებიც“ აქვთ, ძალიან მაგარ დასკვნას დადებენ, ანუ დაამტკიცებენ, რომ ჩემი შვილი მართლა გიჟიაო.
რათ უნდა მაგას კვლევა, ძიება, ექსპერტი და მისი ფართო განსწავლულობა? აგერ, ედუარდ შევარდნაძის ყოფილმა მრჩეველმა, ცხონებულმა თემურ მირიანაშვილმა ჯერ კიდევ 2001 წელს მიახალა სააკაშვილს მთავრობის სხდომაზე, თქვენ ცნობილი გიჟი ბრძანდებითო. რა უქნეს ამის შემდეგ მირიანაშვილს? ხეირი აღარ აყარეს, ყველამხრივ შეავიწროვეს, დაჩაგრეს, ინსულტამდე მიიყვანეს და იმ ქვეყანასაც გაისტუმრეს. არადა, კაცმა დასაწყისშივე დასვა ზუსტი დიაგნოზი და თქვა ის, რის აღიარებასაც ახლა სააკაშვილის ოჯახის წევრები, მომხრეები და დაინტერესებული პირები ითხოვენ. გასაგებია, ამათ ეს „აღიარება“ რა ავანტიურისთვისაც სჭირდებათ, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, ადამიანი, რომელიც დღეს ე.წ. ტუსაღია და ძვირადღირებული კლინიკიდან ვერ გამოჰყავთ, არა მხოლოდ გიჟია, ძალზედ საშიში ავადმყოფიც გახლავთ.
კარგი, დავუშვათ, თემურ მირიანაშვილს რამე მოეჩვენა, არ იყო ფსიქიატრი და რამე შეეშალა, 2006 წელს ევროპის შვიდმა ავტორიტეტულმა ფსიქიატრიულმა კლინიკამ დასკვნა რომ დადო, არც ეგ უნდა ყოფილიყო ჩვენთვის სანდო და ყურადსაღები? რასაკვირველია, ქართველი ხალხი ჯერ მირიანაშვილის განცხადებას უნდა დაეფიქრებინა, შემდეგ კი ამ შვიდი კლინიკის დასკვნას უნდა აეფორიაქებინა, მაგრამ არც ერთი მოხდა, არც მეორე, ჩამოვიდა რუსეთის დედაქალაქიდან ივანოვი და დაგვისვა ხონთქრად, თან 87%-ითაც აგვარჩევინეს და შემდეგ დემოკრატიის შუქურადაც გამოგვაცხადებინეს.
„სააკაშვილი თავისი ფსიქიკის მძევალია“… „ანგელა მერკელი სააკაშვილის ჭამამ გააოგნა”… „როდის იკლავდა თავს სააკაშვილი“?.. „პრეზიდენტის რეზიდენციას უცხოელები კალიგულას სასახლეს უწოდებდნენ”, – ასეთი ამონარიდებით იწყება 2006 წელს გამოქვეყნებული დასკვნა, რომელშიც, როგორც ჩანს, ვიღაცამ სოლიდური თანხა გადაიხადა.
ისე, რაღა დაგიმალოთ და… ეს დასკვნაც რომ არ ყოფილიყო, მიხეილ სააკაშვილს ისედაც ეტყობოდა „არამიწიერობა“ და არაამქვეყნიურობა. თქვენი არ ვიცი, როდესაც ძველ ვიდეოჩნაწერებს ვნახულობ, მე შიში მიპყრობს – ალბათ კიდევ დიდხანს ბოლომდე ვერ გავაანალიზებთ, რას გადავურჩით და რა საფრთხის წინაშე ვიდექით. რა ჩანს ძველ ვიდეოჩანაწერებში? არანორმალური გამოხედვა, უცნაური მიხვრა-მოხვრა, დაუხვეწავი მოძრაობები, ღორივით თქვლეფა სუფრასთან, არაბუნებრივი სიცილი, უაზრო სიტყვა-პასუხი… ალბათ გახსოვთ, როგორ ღადაობდა 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში, როცა ჩვენს თავზე რუსული ბომბები ცვიოდა.
საინტერესოა, რომელ წამყვან კლინიკებს ეკუთვნით აღნიშნული დასკვნა? ესენია: ტონსბერგის (ნორვეგია) ფსიქიატრიული ცენტრი, ოსლოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტი, ფინეთის ფსიქიატრიის დეპარტამენტი, კიოლნის ნერვული დაავადებების ცენტრი, ჟენევის ფსიქიატრიის დეპარტამენტი, ვენის ფსიქოანალიზისა და ფსიქოთერაპიის დეპარტამენტი და ამსტერდამის კლინიკური ფსიქოლოგიის დეპარტამენტი. სხვათა შორის, ამ ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ დაწერილი დასკვნა წინასწარმეტყველურიც კი აღმოჩნდა – მათ 2008 წლის ომამდე 2 წლით ადრე ასეთი რამ ივარაუდეს: „ძალაუფლებისაკენ ლტოლვამ სააკაშვილს შეიძლება დაუკარგოს სიფრთხილე და გადაწყვეტილებები სახიფათო აღმოჩნდეს. მისგან მოსალოდნელია პრობლემების პროვოცირება. მათ შორის, პოლიტიკური და საომარი კონფლიქტიც”.
ხედავთ? 2006 წელს გვითხრეს, ამას ისეთი გადახრები აქვს, შეიძლება საომარი კონფლიქტიც კი გამოიწვიოსო. კი, ბატონო, ჩვენ კი ვიძახით, რომ ომი რუსეთმა დაიწყო და რა თქმა უნდა, დაიწყო კიდევაც, მაგრამ კარგად გვახსოვს, როგორი აცუნდრუკებული იყო იმ დღეებში, როგორ გამოტენა რამდენიმე ავტობუსი ბუშტებით, დროშებით, საწუწნი კანფეტებით და მოემზადა ცხინვალის ასაღებად. თან გამოაცხადა: დიახაც, მე გავეცი ბრძანება, დაკარგულ ტერიტორიებზე რომ აღვადგინოთ საქართველოს იურისდიქცია, თურმე რუსეთთან ომი არც ისეთი რთული ყოფილაო. რომელიღაცა ჩამოწერილ გენერალს ფული გადაუხადეს და ეგონათ, ტერიტორიებს დაიბრუნებდნენ. ბოლოს იმ გენერალს იმაზეც კი შეუთანხმდნენ, ბარემ გორის ცენტრში სტალინის ძეგლიც აგვიფეთქე და ერთ მილიონს მოგცემთო. რამდენიმე კურდღელი მოკლეს, ამ დედებმოტ…ნულებმა (უკაცრავად, სხვანაირად ვერ ვიხსენიებ!), იარაღი ჩამოწერეს, ფული გაათეთრეს, 4 მილიარდი ევროპა-ამერიკიდან მიიღეს, თავიანთ ანგარიშებზე გადარიცხეს, კალოშებიანი კეზერაშვილი მილიარდერად აქციეს, თანხები ოფშორებში გადაამალინეს. რაც მთავარია, 12 აგვისტოს რუსთაველზე ხალხის გამოშტერებული მასა აზეიმეს, ცოცხალ ჯაჭვში ჩააყენეს და ტაშიც აკვრევინეს. ეს კიდევ არაფერი, გამოთაყვანებულ კობა ნაყოფიას 20 მილიონი გადაახდევინეს, ჰოლივუდის რეჟისორ-მსახიობები დაასაქმეს, უნიჭო ფილმი გადააღებინეს და ეს კრეტინი სააკაშვილი გმირად შერაცხეს. თუმცა ვერ შეირაცხა, ეს ჩემის ვართაპეტიანი, გმირად, არ გამოითალა დამპალი ხისგან სალამური. აი, ბატონებო და ქალბატონებო, ვიმეორებ, ჯერ კიდევ 2006-ში გვითხრეს მსოფლიოს ავტორიტეტულმა ფსიქიატრიულმა კლინიკებმა, წინ დიდი საფრთხე გელოდებათ, რამე იღონეთ, თორემ დაიღუპებითო. ვერაფერი ვიღონეთ, ვერაფერი გავაკეთეთ, პირიქით, 2008 წლის აგვისტოში ჩადენილი ღალატის შემდეგ ერთი არჩევნები კიდევ ჩაგვიტარა და ვითომ მოიგო, ვითომ გაიმარჯვა. აქაც დავუკარით ტაში, აქაც დავიწყეთ მისი ხროვის „გაპრავება“ და რომ არა ბიძინა ივანიშვილი, დღეს რა მდგომარეობაში ვიქნებოდით, არავინ იცის.
ევროპელი ფსიქიატრების დასკვნაში არის დიაგნოზი: „ძლიერი პარანოიდული აშლილობა, ისტერიულობა და ნარცისიზმის კომპლექსი”.
ფსიქიატრებმა სააკაშვილის პიროვნების ფსიქოლოგიური კვლევა მისი ბავშვობით დაიწყეს და სწორედ იპოვეს იმ გადახრების მიზეზი, რაც დიაგნოზში აისახა: „რადგან სააკაშვილის მშობლები ერთად არ ცხოვრობდნენ, ბავშვი დედას მიეჯაჭვა და პატარაობისას მიღებული ემოციური ტრავმის გამო, რომელიც მამას უკავშირდებოდა, აგრესიულ პიროვნებად ჩამოყალიბდა. მას დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა მამინაცვალთან, თანატოლებისგანაც გარიყული აღმოჩნდა“.
ახლა ხვდებით, რატომ ითხოვს ხოლმე ამხელა ოქლაქი, დედა მინდა, „კომბლე“ რომ წამიკითხოსო? ბოლო დროს მცოდნე ხალხმა გამოთქვა ვარაუდი, რაც ამას, ამ ყოფილ სარდალს სჭირს, ეს სულ დედამისის ბრალიაო და არის კიდევაც. გიულ-დედულის საქციელი არის რაღაცნაირი, არაადეკვატური, სხვაგან მყოფი, რაც, როგორც ჩანს, ტრაგიკულად აისახა შვილზე (შვილებზე).
ამონარიდი დასკვნიდან: „სააკაშვილი არის შინაგანად დაძაბული, ნევროზული, ეჭვიანი და ემოციურად გაუწონასწორებელი. მისი ჟესტიკულაცია, სიარულის მანერა და აღნაგობა ნორმებიდან ამოვარდნილია. უჭირს მობილიზება, თავისი გამოსვლების სწორად ორგანიზება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არასასურველ კითხვებს უსვამენ. ამ დროს იბნევა, ვრცელ, არაფრისმთქმელ ფრაზებს იშველიებს, რომლებიც შორს არის პასუხისგან. ერთი თემიდან მეორეზე გადადის. ამით ცდილობს ოპონენტის მოგერიებას და დაბნევას“.
აჰა, არ არის ნაცნობი სურათი? არ არის ემოციურად გაუწონასწორებელი და ზღვარს გადასული? სხვათა შორის, სააკაშვილი ყოველ მომენტში იყენებს თავის ვირეშმაკულ ზღვარგადასულობას – ლამის ერთი წელიწადია, სასჯელს იხდის და აქედან ერთი კვირაც არ მჯდარა საკანში, წამოიტრაკა კლინიკაში და არის თავისებურ აღქმებში, ხან უკრაინიდან უტევს რუსეთის ჯარებს, ხან ცხინვალის მხრიდან. გასაგებია, რომ სააკაშვილი საშიში ავადმყოფია, მაგრამ ამავე დროს ვირეშმაკიც გახლავთ, იგი არაფერს ერიდება, ოღონდაც თავისას მიაღწიოს, ოღონდ თავისი გაისწოროს, ოღონდ თავისი გაინაღდოს. ახლაც ამ პროცესშია, კედელთან მიმწყვდეული ცდილობს, ყველაფერს კადრულობს, რათა სადმე გაძვრეს და შემდეგ იქიდან ენა გამოგვიყოს.
მე ვფიქრობ… და ალბათ ყველას გიფიქრიათ, იქნებ სჯობდეს და საერთოდ მოვიშოროთ თავიდან ეს უკვე ჭირად ქცეული არსება? იქნებ ასე მაინც დავასვენოთ ჩვენი ქვეყანა? მისი ადვოკატები შუამდგომლობენ, სასჯელი გადავუვადოთო, ანუ ერთი, ორი, სამი წლით გავუშვათ, სადმე იმკურნალებს, ჯანზე მოვა, დაბრუნდება და ისევ ჩაჯდება სატუსაღოშიო. ახლა, როგორ გგონიათ, ეს რომ სადმე გაძვრეს, შემდეგ დამბრუნებელი და ციხეში ჩამჯდომია? არამც და არამც, არ დაიჯეროთ. კი, ბატონო, თუნდაც აღარ დაბრუნდეს, ჯანდაბამდეც გზა ჰქონია, თუ დაგვასვენებს, ხომ ღირს გაშვება? აი, ეგეც არ ვიცით, მაგაშიც არ ვართ დარწმუნებული, დაგვასვენებს? ე.წ. თავისებურ პოლიტიკას შეეშვება? შეიძლება აქ დავსვათ შეკითხვა: ეგეთი მთხლედ ქცეული ვიღას სჭირდება, უკვე „გაფუჭებულმა“ რაღა პოლიტიკა უნდა აკეთოსო? ეს ძალზედ საინტერესო შეკითხვაა, მართლაც, რაღა პოლიტიკოსობას უნდა მიჰყოს ხელი უკვე ამორტიზებულმა და გაფარჩაკებულმა სააკაშვილმა? ნორმალურ საზოგადოებაში მას არ ექნებოდა არანაირი მხარდაჭერა, მაგრამ ვინაიდან, ჩვენ საქმე გვაქვს ნაწილობრივ დეგრადირებულ საზოგადოებასთან, გონებრივად შეზღუდულ ნაწილთან, მას ყოველთვის ექნება საშუალება, რაღაც დოზით „იმოღვაწევოს“. მაგალითად, სააკაშვილმა რაც არ უნდა ჩაიდინოს, თუნდაც თავზე დაიფსას და აქეთაც თავისიანებს სულაც ზედ დააკუკნოს, ბადრი შუბლაძისთვის, ნუგზარ წიკლაურისთვის, ეკა ხერხეულიძისთვის, დავით კირკიტაძისთვის, რომან გოცირიძისთვის, ხატია დეკანოიძისთვის და ამათნაირებისთვის სულერთია, ისინი ყოველთვის „გააპრავებენ“ და გმირად შერაცხავენ. არადა, ტიპი საერთოდ დაიშალა, ტრაწად დაიღვარა, დედული უნდა, თავთან უნდა დაუჯდეს და „კომბლე“ წაუკითხოს, რომლის შინაარსსაც თავისებურად გაიგებს.
ბოლო-ბოლო, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამ შემთხვევაში წინა პლანზე მაინც დგას სახელმწიფოს ავტორიტეტი და იმავე სახელმწიფოს ინტერესები, ანუ მართლმსაჯულების სიმყარე – იმის გამო, რომ ის ოდესღაც მთავარსარდალი იყო და უნდა გავუშვათ, ეს ნამდვილად არ არის ნორმალური არგუმენტი, ამ მიდგომით სხვა პატიმრებიც უნდა გავაგზავნოთ კურორტებზე, სხვებმა რა დააშავეს, სარდლებად რომ არ მუშაობდნენ, არ უნდა დავაფასოთ? გასაგებია, კანონი ითვალისწინებს სასჯელის გადავადებას, მაგრამ დღემდე იმდენად მყიფე დასკვნები დაიწერა, არგუმენტად არც ერთი არ გამოდგა.
საოცარია… დაუკვირდით, ყველა ამტკიცებს (მათ შორის ჩვენც), რომ მიხეილ სააკაშვილი ფსიქიატრიული თვალსაზრისით შეშლილია, ანუ თავის მატორზე თავიდანვე ვერ არის, მაგრამ ამავე დროს ვერ იწერება ისეთი დასკვნა, რომ მან თავისი გაისწოროს და როგორმე აქედან გაძვრეს. დიახ, ის ნამდვილად არის მეტად საშიში ავადმყოფი, მაგრამ ამავე დროს არის გამოუსწორებელი ავანტიურისტი. აი, აქ დგებიან მედიკოსები დილემის წინაშე, მათ ვერ გაუგიათ, სად იწყება ტყუილი და სად არის სიმართლე, სად იწყება სიმართლე და სად სრულდება სიცრუე, სააკაშვილის შემთხვევაში ერთმანეთშია აზელილი ტყუილი და მართალი, ავადმყოფობა და ჯანმრთელობა – ტიპი რომ 50 დღე იშიმშილებს და ერთი გრამი არ მოაკლდება, ტიპი რომ სუშიდან და შაურმიდან იმპორტულ ფაფებზე გადავა და იტყვის, ვშიმშილობ, ფეხზე ძლივს ვდგავარო, იმას აღარაფერი დაეჯერება. ერთია ნამდვილი ავადმყოფობა და მეორეა გამოგონილი სიბრიყვეები. ჰოდა, ამ ნამდვილ ავადმყოფობას, ანუ ქრონიკულად ალაოდ ყოფნას აქაც მიხედავენ, ანუ ბოლო-ბოლო, ხონის ფსიქიატრიულშიც შეაყოვნებენ, გააყუჩებენ, ამას არ სჭირდება ბოდრუმები და სხვა ცნობილი კურორტები. სხვათა შორის, სააკაშვილის მიერ ბოლოს აყვანილმა „ადუკანდტმა“, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, ჩემ პაციენტს კი არა და… ჩემ კლიენტს 14 სახის დაავადება სჭირსო. არ მჯერა, ეგ ცოტაა, მაგას 50-ზე მეტი რაღაცა სჭირს, ზოგიერთი ისეთია, მსოფლიო მედიცინამ არაფერი იცის.
დაველოდოთ სააკაშვილის თავზე დატრიალებული მოვლენების შემდგომ განვითარებას, დაწერონ ახალი დასკვნა ამერიკელმა ექსპერტებმა, რომლებსაც (სხვათა შორის) თურმე „კნიჟკებიც“ აქვთ. ისე, იცოდეთ, მაგათ რაც არ უნდა დაწერონ, ბოლო ვერდიქტი მაინც სასამართლომ უნდა გამოიტანოს, თუ მოსამართლე ერბოწონაშვილმა (გვარი პირობითია) თქვა და ხის ჩაქუჩი მაგიდაზე დაარტყა, სააკაშვილი ვერსადაც ვერ წავაო, რა თქმა უნდა, ვერ წავა და ვერც უნდა წავიდეს!

“საერთო გაზეთი”

გელა ზედელაშვილი

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება